ოლაფ II ჰარალდსონი – ნორვეგიის წმინდა მეფე

St.OlafofNorway.jpg

წმ. ოლაფი დაიბადა 995 წელს. ის იყო ნორვეგიელი მთავრის ჰარალდ გრენსკეს შვილი, შვილთაშვილი ჰარალდ მშვენიერთმიანის და ასტა გუდბრანსდატერის. ოლაფი მამინაცვლის, სიგურდ ბირის ოჯახში აღიზარდა. 12 წლის ასაკში ჩაერთო ექსპედიციებში ჰოლანდიის, დანიისა და ბალტიის ზღვის სანაპიროებთან. 1009-1013 წწ. ის იბრძოდა ტორკელ მაღალთან ერთად ინგლისელთა წინააღმდეგ ლონდონში, რინგმერსა და კენტერბერში. ცოტა ხანში ის გახდა კაპიტანი ნორმანდიის ჰერცოგის, რიჩარდის დაქირავებული არმიისა. 1013 ან 1014 წელს ის მოექცა ქრისტიანულ სარწმუნოებაზე და მოინათლა ქალაქ რუანში. შემდგომ ის ჩადგა გადასახლებული ინგლისის მეფის, ეთელრედის სამსახურში და გაჰყვა მას უკან ინგლისში, სადაც იბრძოდა ინგლისელთა მხარეს ლონდონის ხიდის აღებისას. როცა დანიის მეფე კნუდმა ინგლისი დაიპყრო, ოლაფი ახლა მის მხარეს გადავიდა.

წმ. ოლაფის საგის მიხედვით, ეს ორი ადამიანი თავიდან დიდი მეგობრები იყვნენ. თუმცა კნუდს ეჭვები გაუჩნდა ახალგაზრდა ოლაფის მიმართ. საგაში ვკითხულობთ: ,,ეპისკოპოსი (წმ. ზიგფრიდი, შვედეთის განმანათლებელი) ყოველთვის უცდიდა ოლაფს ღვთისმსახურებაზე, მაგრამ არა კნუდს, და ეპისკოპოსმა მოუწოდა ოლაფს, და კნუდმა ეს ვერ აიტანა, და ხმამაღლა უთხრა ეპისკოპოსს, შეეწყვიტა ამ უკანასკნელს ეს ყოველივე, მისი სამეფო ავტორიტეტის გამო. მეფის გული აღივსო სიამაყითა და ამბიციით, მისი ძალისა და ადგილის გამო. მოვიდა დიდმარხვის დრო. კნუდმა მიმართა ზიგფრიდს: ,,მართალია, რომ შენ ოლაფს მეფე უწოდე ამ ზამთარს? ახლა როგორ დაიცავ შენს სიტყვებს, როცა ის არც ამ ქვეყანაში სახლობს და არც გვრიგვინი ადგას თავზე?“

,,მართალია, მეფეო’’ – თქვა ეპისკოპოსმა, ,,მას არ აქვს მიწა აქ და არც ოქროს ან ვერცხლის გვირგვინს ატარებს. მეტიც, ის არჩეული და კურთხეულია თვით მმართველი ღმერთის მიერ, ერთი ყოვლისშემძლე უფლისა, რათა მართოს და უხელმძღვანელოს სამეფოს, რომელშიც დაიბადა, ასეთი ბედი ხვდა მას წილად. მან უნდა მართოს სამეფო კომფორტულად  და მომგებიანად თავისი ხალხისთვის, რათა გამოიღოს ღვთიური ნაყოფი თავისი მოსვლით ქვეყანაში. მთელი ნორვეგიის ხალხს, მისი მოხარკეებით და არა მხოლოდ მათით, არანაკლებ მთელი ჩრდილოეთის რეგიონით, ექნება მიზეზი, რათა ახსოვდეთ და იცავდნენ ამ სვეტს და საყრდენს ღვთის სამეფოსას, რომელიც ამოძირკვავს ყველა ეკალბარდსა და სარეველას უფლის მინდვრიდან და ვენახიდან, ხოლო მათ ნაცვლად დათესავს ღვთის წმინდა სიტყვების კეთილშობილ თესლს. ყველა ეს სიტყვა გაიზრდება და სრულქმნილი იქნება, და ყველა, ვინც მიიღებს მას დაემკვიდრება სასუფეველის უსასრულო სიცოცხლეში.“

კნუდმა თქვა: ,,თქვენ არ შეგიძლიათ თქვათ, რომ სიტყვები, რომლებსაც ჩვენ გეუბნებით, ჩემო ბატონო ეპისკოპოსო, გვრჩდილავს ჩვენ სასწაულებრივი სათნოებებით. უპირველეს ყოვლისა გვყოფთ ჩვენ იმდენად, რამდენადაც თითქოს ჩვენგან სათნოება საერთოდ არ მოდიოდეს.“ ,,თქვენ სწორად შეიცანით ჩვენი სიტყვები“ – უპასუხა ეპისკოპოსმა. მეფე კნუდმა თქვა: ,,მცირედ სასარგებლოა ჩემთვის, საკუთარი თავი დავისაჯო და არ დავსაჯო მეფე ოლაფი, თუ მე მცირედით მაინც ვარ ვალდებული პატივი ვცე მას. ახლა, როცა დიდმარხვა დაიწყო, მე მაცვია ტილო და არა აბრეშუმი, მეწამული ქვედაბოლო და არა ვარდისფერი ან ხავერდოვანი. ვსვამ ლუდს და არა თაფლუჭს, მაგრამ ოლაფს აცვია აბრეშუმი და ხავერდის ქვედაბოლო. მას აქვს რჩეული საკვები და ღვინით სავსე ჭურჭელი დგას მის მაგიდაზე.“

თქვა ეპისკოპოსმა: ,,მართალია, ჩემო ბატონო, ოლაფს აბრეშუმის ტანსაცმელი აცვია, მაგრამ ის ტილოს ატარებს მის ქვეშ. ყოველთვის ნახავთ, რომ როცა ოლაფი თავის ადგილს იკავებს და მასთან მიაქვთ რჩეული საკვები, იქვეა გორაკი, რომელზე ჯდომაც მისი წესია. მის ქვეშ იმალება ხეიბარი, რომელიც ტკბილეულს მიირთმევს, მაგრამ ოლაფი მხოლოდ პურსა და მარილზეა. იქვეა წყლიანი ჭურჭელი და მას სვამს ოლაფი, და მეტი სასმელი არ აქვს, მაგრამ ხეიბარია ის, ვინც ღვინის ჭიქიდან სვამს.“ კნუდი ისე განრისხდა, რომ მისი შურის გამო ოლაფი იქ ვეღარ გაჩერდებოდა, ცოტა ხნის შემდეგ ზიგფრიდიც იგივე გზას გაჰყვა.“

1015 წელს ოლაფი და ზიგფრიდი ნორვეგიაში გადავიდნენ, სადაც ოლაფმა წარმატებით დაიჭირა სამეფო, ოპოზიციის ძლიერი წინააღმდეგობის მიუხედავად. პირველად, ფულის გავრცელებით და ნათესავების მხარდაჭერით, კონტროლი მოიპოვა ოსტლანდზე. შემდგომ 1016 წლის 15 მარტს, ბზობა დღეს მან ნესიარის საზღვაო ბრძოლაში (ლარვიკსფიორდსა და ლენგენლუნდსფიორდს შორის) დაამარცხა ქვეყნის მთავარი თავკაცები და შეიპყრო ისინი: სვენ ჰაკონსონ იარლი, ეინარ ტამბარსკიელვე და ერლინგ სკიალგსონი. იმავე წელს ის მეფედ აირჩიეს ორთინგზე, ტრონდელაგში. იგი შედარებით მშვიდობიანად მართავდა ქვეყანას 10 წლის მანძილზე. ამ პერიოდში გაცილებით გაღრმავდა ნორვეგიის გაერთიანების პროცესი. ოლაფის უნიფიკატორულმა პოლიტიკამ მიიღო კონკრეტული სახე, როგორც ტერიტორიული დომინიონების ერთ სამეფოდ გადაქცევისა, რომელიც გადაჭიმული იყო სამხრეთით – გაუტელვანიდან, ჩრდილოეთით – ფინმარკამდე, დასავლეთით – ვესტერჰავის კუნძულებიდან ტყეების გავლით, აღმოსავლეთით- შვედების სამეფომდე. ოლაფი იყო პირველი მეფე, რომელმაც კონტროლი დაამყარა ტრონდელაგისა და ოპლანდენის შიდა ტერიტორიებზე. გარდა ამისა, მან მოიპოვა დასაყრდენი ნორვეგიის ეროვნული სახელმწიფოსთვის ორკნის კუნძულებსა და ჰიალტლანდში (შეტლანდი).

46caae73a38f8627eb6f1fd492a5816e.jpg          სკანდინავია 1020 წელს, ოლაფის მეფობის ხანაში

ოლაფმა ასევე საფუძველი ჩაუყარა მთელი ქვეყნის მასშტაბით ადგილობრივ თვითმმართველობას და დანერგა გარკვეული შრომითი დანაწილება სამეფო გვარდიაში. მანვე დაადგინა შერიფთა აყვანა კეთილშობილთა წრეებისა და მცირემიწიან აზნაურთაგან. ასევე ცდილობდა თავისი ხალხის ყოველწლიური სახსრებით შეენარჩუნებინა კონტროლი შერიფთა პოლიტიკურ საქმიანობაზე. სნორის მიხედვით, შრომის დანაწილება გაჩნდა სამეფო ოჯახში, რომელიც შემდეგნაირად იყოფოდა: მცველთა წრე (სამხედრო ფუნქციები), სტუმრები (საპოლიციო ფუნქციები), სასახლის მოძღვარი და შარლები (საკუთრივ სასახლის საქმეები). გარდა ამისა, ცნობილია ამ პერიოდის ოსტატთა რამდენიმე ტიტული სამეფო სასამართლოდან: მედროშე, მეფის მარშალი, სასახლის ეპისკოპოსი.

ინგლისელ მისიონერთა დახმარებით მან წარმატებებს მიაღწია ნორვეგიის გაქრისტიანების საქმეში. ტინგზე, მოსტერში, 1024 წელს, ნორვეგიაში დაამტკიცეს კლერიკალური ორგანიზაცია ეკლესიებითა და მღვდლებით, ქრისტიანულ-სამართლებრივი სისტემა და საეკლესიო ფინანსების პირველი ორგანიზაცია. გუინ ჯონსი წერს: ,,ქრისტიანული სამართალი, რომელიც მოსტერში ფორმულირდა იყო უპირატესი ავტორიტეტის; ის მრავალ საკითხს ეხებოდა და არსებობს ამის დამადასტურებელი წყაროები გულატინგის უძველეს სამართალში.“ მეფემ შექმნა მშვიდობა და უსაფრთხოება თავისი ხალხისათვის, ცვლიდა ძველ კანონებს და მოითხოვდა მათ აღსრულებას, რათა თავისუფალი ყოფილიყო ქრთამისა და სხვა საფრთხეებისგან. ააგო მრავალი ეკლესია, მათ შორის წმ. კლიმენტის სახელზე დედაქალაქ ნიდაროსში (ტრონდჰეიმში). ქრისტიანობის გარდა ყველა სხვა აღმსარებლობა კანონგარეშედ გამოცხადდა. ოლაფს, ტახტზე ასვლისას, კარგი ურთიერთობა არ ჰქონდა შვედეთთან. დაახლოებით 1000 წელს, შვედეთის მეფემ, ოლოფ სკოტგონუნგმა ნორვეგიის ერთი ნაწილი მიიტაცა, თუმცა თავისი შვილის, წმინდა ანას შუამდგომლობით, მეორე ქალიშვილი მიათხოვა ოლაფს. ამით ორ ქრისტიან მეფეს შორის ურთიერთობები აღდგა და საფუძველი ჩაეყარა ქრისტიანიზაციას მთელ სკანდინავიაში. მეფე ოლოფის სიკვდილის შემდეგ, 1022 წელს ნორვეგიის ხელმწიფემ მოკავშირედ გაიხადა მისი შვილი ანუნდ იაკობი, კნუდის წინააღმდეგ, რომელიც ამ დროს ნორვეგიისა და ინგლისის მეფეა. ამ უკანასკნელის სიძულვილი კი არ ჩამქრალა; მისი კაენური შური წინასწარ განსაზღვრავდა წამებულის გვირგვინის დადგმას აბელისათვის უკანასკნელ დღეს. 1026 წელს მოკავშირეები დამარცხდნენ კნუდთან ჰელგეანის ბრძოლაში, შვედეთში.

მას შემდეგ, როგორც ფლორენს ვორჩესტერელი წერს: ,,კნუდს მოახსენეს, რომ ნორვეგიელებს მოძულებიათ თავიანთი მეფე, მისი სიმარტივისა და ვაჟკაცობის ნაკლებობის გამო. თავისი სამართლიანობითა და ღვთისმოსაობით მან ბევრი ოქრო-ვერცხლი გაუგზავნა ამ ხალხს და ვედრებით შესთავაზა, უარი ეთქვათ და გაეძევებინათ ოლაფი და მას მისცემოდა მბრძანებლობა მათზე. და შემდგომად ამისა, ისინი სიხარბით დათანხმდნენ მის მოთხოვნებს. წერილიც გაუგზავნეს უკან, რომ მზად იყვნენ იქ დახვედროდნენ სადაც მოისურვებდა კნუდი.“ მომდევნო წელს (1028) ,,კნუდი, მეფე ინგლისელთა და დანთა, 50 დიდი გემით გაცურდა ნორვეგიისაკენ, გააძევა მეფე ოლაფი და დაიქვემდებარა მისი სამეფო.“

ოლაფმა გადაწყვიტა გაქცეულიყო შვედეთში. იქიდან გადავიდა კიევის რუსეთში თავის ნათესავ იაროსლავ კიეველთან, რომლის მამამაც  წმ. ვლადიმირმა, მცირე ხნით ადრე, მის სეხნიას,  ასევე ნორვეგიის მეფე ოლაფ ტრიგვასონს მისცა თავშესაფარი. ტრიგვასონი ერთ საღამოს გამოეცხადა ოლაფს და უთხრა: ,,უცნაურია, რომ ასე ბევრს ფიქრობ სამეფოს დაცემაზე, რომელიც ღმერთმა გიბოძა და უფრო მეტიც, ფიქრობ, რომ დარჩე აქ და დაიპყრო ბულგარეთის სამეფო და მისი ხელმწიფეები, რომლებიც უცხო და განსხვავებულია შენგან. უმჯობესია, დაბრუნდე შენს სამკვიდროში, რომელსაც დიდი ხანი განაგებდი ღვთის ძალით და არ მისცე უფლება მდაბალ ხალხს შეგაშინონ. მეფეთა ღირსება ისაა, რომ მტერი დაამარცხონ და ღირსეულად დაიხოცონ ბრძოლის ველზე თავიანთ ხალხთან ერთად. თუ ფიქრობ, რომ ამ ბრძოლაში სიმართლე შენს მხარეს არაა? არ უნდა მოიქცე ისე, რომ შენს უფლებაზე ხელი აიღო. შეგიძლია თამამად იბრძოლო კუთვნილი მიწისთვის და ღმერთი გაგხდის მოწმეს, რომ ის ნამდვილად შენი საკუთრებაა.“

1029 წელს, ნორვეგიის იმჟამინდელი მმართველი, ჰაკონი დაიღუპა. ამით ოლაფს შინ დაბრუნებისა და კუთვნილი ტახტის დაბრუნებისკენ გზა გაეხსნა. ადრეულ 1030-ში რუსეთის გაყინული მდინარეების გავლით გაემართა ნორვეგიისაკენ. როცა ბალტიის ზღვაზე ყინული გადნა, ოლაფი 240 თანმხლებით გოტლანდში გაემგზავრა. ანუნდ შვედმა მას დამატებით 480 მეომარი მისცა, მაგრამ სტიკრლარსტადირთან , სადაც ის კნუდს უნდა შებრძოლებოდა 3, 600-ზე მეტი მაინც არ ჰყოლია (შვედები, იამტლენდერები ჩრდ. შვედეთიდან, ისლანდიელები და მისი ნორვეგიელი კომპანიონები). მის წინააღმდეგ  14, 400 მეომრისგან შემდგარი გლეხთა არმია იდგა. ეს იყო ყველაზე მრავალრიცხოვანი ჯარი რომელიც კი ნორვეგიაში შეკრებილა.

შემდგომ მეფემ გადაწყვიტა ჯარის რაოდენობა მხოლოდ ქრისტიან მეომრებამდე დაეყვანა, რის შემდეგაც, შესაბამისად, იგი უფრო დიდი არმიის წინააღმდეგ დადგა. როცა მზე სრულ ეკლიფსში შევიდა 29 ივლისს, წმინდანი მეფე დამარცხდა თავად კი ბრძოლის ველზე დაეცა. გადმოცემით, ბრძოლამდე მას ხილვა ჰქონდა.

მაშინვე დიდი შიში ჩამოვარდა კნუდის ჯარში. ამის შემდეგ დაიწყო სასწაულები, რომლებიც ძირითადად გარდაცვლილი მეფის სხეულზე აღესრულებოდა; მოგვიანებით კნუდზე გაბრაზებულმა მეუღლემ, ელვიგმა და მათმა შვილმა, სვენმა იპოვეს ოლაფის უხრწნელი სხეული. მალე მონანიე ნორვეგიელებმა გამოყარეს დანიელები და ოლაფის შვილს მაგნუსს მოუხმეს რუსეთიდან, რათა მეფე გამხდარიყო.

ოლაფის სხეულის უხრწნელობა დაადასტურა ეპისკოპოსმა გრიმკელმა, როელმაც ის საკუთარი თვალით იხილა ნიდაროსში (ტრონდჰეიმი). წმ. ოლაფის საგაში ვკითხულობთ: ,,ეპისკოპოსი გრიმკელი გაემართა ეინარ ტამბარსკელვერთან შესახვედრად, რომელმაც სიხარულით მიიღო იგი. მათ მრავალ რამეზე ისაუბრეს ურთიერთშორის თანხმობით და ასევე იმ მოვლენებზეც, რომლებსაც ადგილი ჰქონდა მათსავე მიწაზე. ეპისკოპოსი ბაზარში წავიდა, აქ მას მრავალი ადამიანი უსმენდა. ის ფრთხილად ეკითხებოდა მათ მეფის სასწაულებზე და განუმარტავდა მნიშვნელობას ამ მოვლენებისას. მაშინ მოუწოდა ტორგილსსა და მის ვაჟს, გრიმს, შეხვედროდნენ მას ქალაქში. მათ კი მოგზაურობა გადადეს და შეხვდნენ მას. მრავალი საგულისხმო რამ უამბო მამა-შვილმა ეპისკოპოსს, მათ შორის, იმ ადგილზე, სადაც იპოვეს მეფის სხეული. ეინარსაც მოუხმო გრიმკელმა და ისიც მოვიდა. მან და ეინარმა ისაუბრეს მეფესა და ელგივაზე და თანხმობა ითხოვა მეფის სხეულის წაღებაზე დასამარხად. ხელმწიფემ მისცა დასტური და აღუთქვა გრიმკელს , რომ მოქმედებაში შეეძლო სრულიად თავისუფალი ყოფილიყო. ეპისკოპოსი და ეინარი, რამდენიმე თანმხლებთან ერთად გაემართნენ იმ ადგილისაკენ, სადაც მეფის ცხედარი უნდა დაეკრძალათ და დაიწყეს მიწის თხრა. ხალხმა იხილა, რომ ოლაფი წმ. კლიმენტის ეკლესიის უკან დაკრძალეს. თორმეტი თვისა და ხუთი დღის შემდეგ მეფის სიკვდილიდან, მისი წმინდა ნაწილები ამაღლდა, საფლავიდან კი კეთილსურნელება იფრქვეოდა. ეპისკოპოსმა იხილა, რომ მეფეს სახე მთლიანად შეცვლოდა და ლოყები ისეთივე წითელი ჰქონდა, როგორც სიცოცხლეში, უცვლელი იყო მისი ფრჩხილები და თმაც. მეფე სვენმა და მთავრებმაც იხილეს ეს სასწაული.

ელგივამ თქვა: ,,სხეული ძნელად ლპება ქვიშაში , ასე არ იქნებოდა თუ მას ნიადაგში დამარხავდით.“

მაშინ ეპისკოპოსმა აიღო მაკრატელი და შეაჭრა მეფეს ცოტა თმა და წვერი (მეფეს გრძელი წვერი ჰქონდა, რაც იმ დროის ჩვეულება იყო). გრიმკელმა უთხრა ელგივას: ,,ახლა მეფის წვერი იმხელაა, რამხელაც სიკვდილამდე ჰქონდა.“ ელგივამ უპასუხა: ,, ის იმ შემთხვევაში გახდება წმინდა ჩემთვის, თუ ცეცხლში არ დაიწვება. ხშირად გვინახავს , რომ კაცებს უფრო დიდი წვერიც აქვთ, მთელი და ხელუხლებელი.“

ეპისკოპოსმა საცეცხლური მოატანინა, გააკეთა ჯვრის სიმბოლო და საკმეველი მოაყარა ზედ. მეფის თმა ცეცხლში ჩადო. როცა საკმეველი ბოლომდე დაიწვა, ამოიღო და აჩვენა ყველას , რომ მას არაფერი მოსვლოდა. ელგივამ ბრძანა ჩაეგდოთ უწმინდურ ცეცხლში, მაგრამ ეინარმა ხმა აღიმაღლა და გააჩუმა იგი. მაშინ ეპისკოპოსმა გამოაცხადა, რომ ოლაფი მართლაც წმინდა მეფეა, ხოლო ხალხი და მეფე დაეთანხმა მას. ოლაფი წმ. კლიმენტის ეკლესიის საკურთხეველში დაკრძალეს. ამ ადგილას მომავალში მრავალი სასწაული აღესრულა.“

კნუდს წმინდა მეფის თაყვანისცემისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია. ცოტა ხანში მრავალი ეკლესია აიგო ვიკინგების სამყაროში მის სახელზე, დუბლინსა და ორკნიდან ნოვგოროდამდე. ორმოცამდე ძველი ეკლესია ეძღვნება ოლაფს ბრიტანეთში. დიდ სქიზმამდე (1054 წ.) ის აღმოსავლეთის საქრისტიანოშიც ითვლებოდა წმინდანად.

მის საწაულთან არის დაკავშირებული ის ფაქტიც, რომ კონსტანტინოპოლში მისი სახელობის სამლოცველოც იდგა. ამდენად ეპისკოპოსი ამბროსი ფონ სივერსი წერს: ,,წყაროებით დავადგინე, რომ პანაგია ვარანგიოტისა მდებარეობდა აგია სოფიას დასავლეთ ფასადზე, რომელიც თითქმის მას ეხებოდა. ალექსი კომნენოსის ზეობის დროს (ან ცოტა უფრო ადრე) ოლაფი ითვლებოდა წმინდანად კონსტანტინოპოლში, ხოლო ვარანგთა ღვთისმშობლის საკურთხეველი აგებული იყო მის სახელზე, ვიდრე ის დედათა მონასტრად არ გადაკეთდა.“

შუა საუკუნეების ისლანდიელი ისტორიკოსისა და მწერლის, სნორი სტურლუსონის მიხედვით, 1066 წელს, როცა ოლაფის ნახევარძმა, მეფე ჰარალდი ემზადებოდა ინგლისის დასაპყრობად, მან ნახა სიზმარი, რომ გარდაცვლილ მეფეს შეხვდა ტრონდჰეიმში. ოლაფმა უთხრა მას, რომ თავად ბევრ ბრძოლაში გაიმარჯვა და მოკვდა, როგორც წმინდა, რადგან დარჩა ნორვეგიაში, თუმცა ის შიშობდა, რომ  ჰარალდიც მოკვდებოდა, ,,და მგლები დაგლეჯენ შენს სხეულს; ღმერთი არ იქნება დამნაშავე ამაში.“ სნორი წერს, ,,კიდევ ბევრი რამ დაესიზმრა ცუდი და ეჩვენა საკვირველება ჰარალდს.“ იგი მართლაც მოკლეს, როგორც წმ. ოლაფმა გააფრთხილა, სტემფორდის ხიდზე, ინგლისში.nidarosi sadac dakrdzalulia olafi წმ. კლიმენტის ეკლესია ტრონდჰეიმში, სადაც განისვენებს ნორვეგიის წმინდა მეფე ოლაფი

დავით მაზმიშვილი 

http://www.orthodox.net/western-saints/olaf-martyr-king-of-norway.html

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s