ტარგოვიშტე და ოსმალეთის ღამის კოშმარი – დრაკულას გამბედაობა

vlad III cepeshis graviura, 1488, avtori ucnobia.jpg
ვლადისლავ დრაკულას გრავიურა, 1488, ავტორი უცნობია

…ვლად ცეპეში, მარტოდმარტო და შენიღბული, მტრის ბანაკისკენ გაემართა, რათა სასიკვდილო ხაფანგი დაეგო მისთვის…

მეჰმედ II ფათიჰი, ცნობილი, როგორც დამპყრობელი, თავისი დროის ერთ-ერთი უდიდესი სამხედრო მეთაური იყო. მის დროს, ოსმალეთის იმპერია განივრცო და გადაიჭიმა ყველა მიმართულებით – ჩრდილოეთით, სამხრეთით, აღმოსავლეთითა და დასავლეთით. მე-15 საუკუნის შუაში მან მიზანში შავი ზღვის სანაპირო ამოიღო, რომლის დასავლეთი ნაწილი ვლახეთის ვოევოდების ხელში იყო, რომელთა ვრცელი სამეფოც ოსმალეთსა და უნგრეთს უშუალოდ ესაზღვრებოდა. დიდი ხნის მანძილზე მიმდინარეობდა ვლახეთის დამორჩილება ამ ორი საპირისპირო ძალის მიერ, რომელთა მიზანსაც მისი სამეფო კარის კონტროლი, უზარმაზარი ხარკი ან მარიონეტი მმართველების დასმა იყო ამ ადგილზე.

paolo veronezes mier shesrulebuli mehmet II.jpg
პაოლო ვერონეზეს მიერ შესრულებული მეჰმედ II-ის პორტრეტი

თუმცა 1456 წელს ტახტი დაიბრუნა პიროვნებამ, რომელიც არცერთის ხელქვეითი არ ყოფილა (პირველად ტახტზე იჯდა 1448 წელს). მისი სურვილი იყო, გადაერჩინა თავისი ქვეყნის დამოუკიდებლობა, მაგრამ მისი სიძულვილი თურქების მიმართ უსაზღვრო და შემაძრწუნებელი იყო. უნგრეთის მეფე მას პატივს სცემდა, მაგრამ ეს პატივი არასასურველად დაუბრუნდა მას. შორეული სისხლისმიერი კავშირები, საერთო რელიგია და მტერი კარგი მიზეზები იყო ურთიერთპატივისცემისათვის. ის იყო, ვლად III, დრაკულად წოდებული, დრაკონის ორდენის მიხედვით, რომლის წევრიც იყო მამამისი, ვლად II. ვლადი შეუბრალებელი, ბოროტი და მშიშარა (?) (feared individual… ეს მხოლოდ ორიგინალის ავტორის პოზიციაა) პიროვნება იყო, ულმობელი თავის მეთოდებში და ძალიან ჭკვიანი, თუმცა ჰქონდა მრისხანების შეტევები, რისი მიზეზიც ხშირად არც გააჩნდა.

მისი სიძულვილი ოსმალების მიმართ კარგად იყო ცნობილი, რასაც თავისი ისტორია აქვს, მაგრამ ღრმა მიზეზები მაინც ბნელითაა მოცული. თავისი ბავშვობის ტრავმის შესახებ, რამაც ის ასეთად აქცია, ვლადი არავისთან საუბრობდა. საერთოდ არავინ იცოდა რა მოხდა, მაგრამ ამასთან ყველამ უწყოდა, რომ ვლადმა მოზარდობის წლები, როგორც მძევალმა, ოსმალთა სულთნის კარზე გაატარა, თავის ძმა რადუსთან ერთად. როცა რადუ სულთნის კარზე დაწინაურდა, მან ისლამიც მიიღო და მისი არმიის ხელმძღვანელიც კი გახდა. ვლადმა სიგიჟემდე შეიძულა ოსმალები.

drakonis ordeni.jpg
დრაკონის ორდენის სიმბოლო

როცა დრაკულა ტახტზე ავიდა, სულთანმა მასთან დესპანები გააგზავნა ხარკის მოთხოვნით. ვლადმა არა მხოლოდ უარი თქვა ამაზე, არამედ წარგზავნილებიც კი დახოცა და ჩალმები თავის ქალებზევე დააჭედინა. მეჰმედმა, რომელიც ამ დროს ქალაქ კორინთოს ალყას აწარმოებდა, გენერალი ჰამზა ბეი გააგზავნა ვლადთან გასარიგებლად. ვლახი მთავარი ჩაუსაფრდა მას და მისი არმიის დიდ ნაწილთან ერთად შეიპყრო. მეჰმედმა ალყა მოხსნა და სწრაფად გადავიდა დუნაიზე, დიდ მდინარეზე, რომელიც ვლახეთსა და ოსმალეთის იმპერიას ერთმანეთისგან ჰყოფდა. ვლადიც მოემზადა მასთან შესახვედრად. მეჰმედმა დუნაის გაუკაცრიელებული დასავლეთ მიწები იხილა. სოფლები და ქალაქები დამწვარი იყო, მინდვრები განადგურებული, ჭები მოწამლული. სადაც კი მიდიოდნენ ყველგან ვლადის საშინელი ნამოქმედარი ხვდებოდათ. მთელ გზაზე ხედავდნენ გადამწვარ სოფლებს და ხის მაღალ სარებს, თითოეულ მათგანზე ჩამოცმული ადამიანებით. კაცები, ქალები, ბავშვები…

vlad-iii-1431-1477-nknown-as-vlad-the-impaler-prince-of-wallachia-FF8NKW.jpg
დრაკულას ,,საყვარელი” საქმიანობა 

სულთნის ჯარი ამ ყოველივეს შემხედვარე ცუდად ხდებოდა და მათში ცივი სიშმაგე ღვივდებოდა. ცხედრებიც კი საკმარისი იყო ამისთვის, მაგრამ განსაკუთრებით რთული სანახავი გახლდათ ის ადამიანები, რომლებიც სარზე წამოცმულები ჯერ კიდევ ცოცხლობდნენ. როგორც შეეძლოთ მიმავალ ჯარისკაცებს ელუღლუღებოდნენ, ხოლო სულთანმა უფლება მისცა მათ ღირსეულად დაეხოცათ ისინი ისრებით. ის სიბრაზისგან იყო გაცივებული.

ვლადის არმია მდინარესთან მივიდა, მაგრამ მოწინააღმდეგე რიცხობრივად აღემატებოდა;  გრაფმა უკან დაიხია და სულთანს შეეძლო გადაეყვანა არმია მეორე მხარეს. ოსმალები ვლახეთის დედაქალაქისკენ მიემართებოდნენ უსწრაფესი გზით, მაგრამ ესეც რამდენიმე დღეს მოითხოვდა. როცა დაწინაურდნენ იხილეს ვლადის სისასტიკე თავისი ხალხის წინააღმდეგ. მან მიწების სრული განადგურება ბრძანა, რათა სულთნისთვის მომარაგების ყველანაირი საშუალება მოესპო. კვლავ… სოფლები გადამწვარი… ჭები მოწამლული და ხალხი უსასტიკესი მეთოდით დახოცილი. მეჰმედი სიკვდილის უდაბნოში მიიწევდა.

6916631e78bae7bea126a4ffe847fb42.jpg
გრაფის ,,შიში” ბრძოლისას რატომღაც არ მჟღავნდებოდა

1462 წლის 17 ივნისს, ვლახეთის დედაქალაქიდან ჯერ კიდევ რამდენიმე დღის სავალზე, ტარგოვიშტესთან, მეჰმედმა კარავი დასცა. დიდი და მრავალფეროვანი ბანაკი ვრცელ ველზე იყო გადაჭიმული. თეთრი ტენტები სიგრძეზე იყო ჩამწკრივებული, ალმები ამაყად ფრიალებდა. ისმოდა მუსიკის ხმა, იგრძნობოდა შემწვარი ხორცის სურნელება და უამრავი პატარა ნახშირის მაყლისგან ირგვლივ ბურუსი იდგა. მისი არმია უზარმაზარი იყო, ხოლო მის გულში დიდი კარავი იდგა, ლამაზად გაფორმებული, ოქროსფრად და წითლად. მათ ბანაკი დილით გაშალეს, რათა ერთი დღე-ღამე დაესვენათ და ისე განეგრძოთ გზა.

3bddf0816536bc45fdb28288ca319c7e.png
ვლახი, თურქი იანიჩარი და ჩრდილო აფრიკელი მეომრები, XV ს.

ნაშუადღევს, ჯმუხი, დაბალი კაცი მძიმე შავი ულვაშითა და მაღალი ჩალმით ბანაკში შეიპარა. მისი ჩაცმულობა თურქ ფეოდალ რაინდთა (იმპერიის საკავალერიო დივიზია), სიფაჰების მსგავსი იყო; კარგად საუბრობდა თურქულზე და მისი არსებობა არავის შეუმჩნევია. მან მთელი ბანაკი გადაკვეთა, ამოწმებდა და ფრთხილად აკვირდებოდა ყველაფერს – ცხენებისა და აქლემების სადგომებს, მომარაგების ვაგონებს, იანიჩრების, ვაჭრებისა და სიფაჰების ტენტებს. საღამოს მან უკვე სულთნის კარავსაც მიაღწია და დიდხანს უცქერდა მას. შემდეგ გამობრუნდა და ფრთხილად გაემართა მთავარი კარიბჭისაკენ, თავისივე ნათვალთაველები გზის გავლით. იქვე ახლოს მას მიბმული ცხენი ჰყავდა, როცა დაინახა სწრაფად მოაჯდა და თავისი არმიისკენ ქარივით გაქროლდა.

ვლახეთის მეფემ და მისი არმიების მეთაურმა, ოტომანთა ენისა და კულტურის ცოდნა გამოიყენა ჯაშუშობისთვის და ალბათ, ეს ყველა აგენტზე უკეთესად გააკეთა. მან გარისკა და ახლა მოპოვებული ინფორმაციის მეშვეობით პირდაპირ უნდა დაერტყა საძულველი სულთნისთვის. მან ეს შუაღამისას გააკეთა.

02c94fc6bf22a84eaa0d363df4fd80bb.jpg
…ბანაკში უეცრად ვლახი რჩეული მხედრები შეიჭრნენ…

შუაღამისას თამამად გაემართა ოსმალთა ბანაკის კარიბჭისაკენ. თურქულად თავისუფლად უბრძანა მცველებს, კარიბჭე გაეღოთ. ბრძანებას დაემორჩილნენ და სიბნელეში რჩეული მხედრობა ბანაკში შეიჭრა. ვლახთა რაზმებმა ჩირაღდნებით ბანაკს ცეცხლი წაუკიდეს. გახელებულმა ცხენებმა და აქლემებმა კი კიდევ მრავალი შეიწირეს. ვაგონები და კარვები ცეცხლს მიეცა. ვლადი პირად მცველთა რაზმთან ერთად სულთნის კარავს მუახლოვდა, მაგრამ ცარიელი დახვდათ. ცეცხლი წაუკიდეს მდიდრულ ნაგებობას და გაშმაგებით გამობრუნდნენ კარიბჭისაკენ.

ოსმალი მეთაურები ცდილობდნენ ამ ქაოსში რაიმე ბრძანება მაინც შეესრულებინათ. წინააღმდეგობა ძლიერდებოდა. ვლადმა უკან დაიხია და თავის მხედრობასთან ერთად ბანაკს გასცილდა. უკან მომავლები ტოვებდნენ გადამწვარ ბანაკს, სიკვდილსა და არეულობას. ოსმალთა 100 000 მეომრის დანაკარგი დაახლოებით 15-16 000 იყო. მიზანი – სულთნის მოკვლა ვერ შესრულდა, მაგრამ ოსმალთა ათასობით ჯარისკაცი დაიღუპა ცხენებთან და აქლემებთან ერთად. ბრძოლა სულთანსა და ვლადს შორის კიდევ ათი წელი გაგრძელდა და საბოლოოდ გრაფის სიკვდილით დასრულდა სწორედ ოსმალებთან. მისი ბოროტი რეპუტაცია იმდენად შემორჩა ისტორიას, რომ 1897 წელს ბრემ სტოკერმა უძღვნა უკვდავი ნოველა სათაურით ,,დრაკულა“.

Flag_of_Wallachia_XV_c.jpg
ვლახეთის დროშა, XV ს.

[ზემოთ მოყვანილი სტატია გახლავთ დაწერილი ბარნი ჰიგინსის მიერ, ხოლო მშრალი მასალის შესავსებად ქვემოთ გთავაზობთ აღნიშნული ისტორიული მოვლენის კიდევ ერთ ვარიანტს.]

1453_map.jpg
ოსმალეთის იმპერია და მისი მეზობლები კონსტანტინოპოლის აღებისას, 1453 წ.

ვლადი ბალკანეთის ოსმალურ დაპყრობებში გამოწრთობილი სარდალი იყო. მეჰმედი იღებდა ჯიზიას ანუ გადასახადებს მრავალი მოსაზღვრე არამუსლიმი სახელმწიფოებისგან, მაგრამ ვლადი ამაზე უარს ამბობდა. 1460 წელს, უნგრელი რეგენტი მიხაილ შილაგი (ვლადის მთავარი მოკავშირე ოსმალთა წინააღმდეგ) თურქებმა შეიპყრეს და შუაზე გახერხეს.
როცა მეჰმედის ძალები დუნაიზე გადავიდნენ ახალგაზრდების მასობრივი აყვანა დაიწყეს თავიანთ არმიაში, რასაც ვლადმა თურქი ჯარისკაცების შეპყრობითა და სარზე გასმით უპასუხა. სულთანმა უხეიროდ სცადა მოწინააღმდეგის ხაფანგში შეტყუება, მაგრამ ვლახებმა მისი ჯარი შეიპყრეს და 1000 კავალერისტი დახოცეს. 1462 წელს ვლადმა ეთნიკური წმენდა ჩაატარა – 23 000 მუსლიმი მოქალაქე და მათი მომხრე მოსპო. ამის პასუხად კი უკვე მეჰმედი შეიჭრა ვლახეთში 150 000-იანი არმიით. ვლადს მხოლოდ 30 000-ის შეკრება თუ შეეძლო.

Theodor_Aman_-_Vlad_the_Impaler_and_the_Turkish_Envoys.jpg
…გრაფმა არა მხოლოდ უარი თქვა ხარკის გადახდაზე, არამედ დესპანებიც კი დახოცა და ჩალმები თავის ქალებზე დააჭედინა… 

გრაფმა დამწვარი მიწის ტაქტიკას მიმართა, უკან დახევისას წვავდა ნათესებს, წამლავდა წყლის მარაგს და პატარა მდინარეებით აკეთებდა ხელოვნურ ჭაობებს მტრისთვის. თურქთა რიგებში გზავნიდა სიფილისით, კეთრითა (Leprosy) და ბუბონური (შავი) ჭირით დაავადებულ ადამიანებს.

ამავე წელს ვლადმა უნგრეთის მეფეს, მატიაშ კორვინს წერილი მისწერა, იმის აღნიშვნით თუ როგორ დახოცა ,,23 884 თურქი და ბულგარი საერთო ჯამში, იმათ გამოკლებით ვინც საკუთარ სახლებში გამოიწვა და კიდევ მათ გარეშე ვისი თავებიც მის წარმომადგენლებს არ/ვერ აღუწერიათ“. დრაკულას რეიდები შეტანილია მისი ცხოვრების ამსახველ გვიანდელ გერმანულ ჩანაწერებშიც, რომელიც ხშირად გაზვიადებულია, მაგრამ დუნაის კამპანიის აღწერა სიმართლისგან მთლად შორსაც არაა, რადგან მასში ვკითხულობთ:

,,…უბრძანა ამ კაცებს შეკრებილიყვნენ თავიან ქალიშვილებთან ერთად, რომლებიც როგორც კომბოსტო ისე უნდა ეჩეხათ ხმლებითა და შუბებით… დრაკულამ მთელი ბულგარეთი დაწვა და ვინც კი შეიპყრო ყველა სარზე გასვა. მათში 25 000 იყო, რომელთაც ცეცხლით დამწვრებზე არაფერი უთქვამთ…“

article-2333180-1A1107BF000005DC-388_964x705.jpg
,,დამწვარი მიწის ტაქტიკა” ისტორიაში კარგადაა ცნობილი; მაგალითად ნახატზე გადამწვარ მოსკოვს ხედავთ, რომელიც რუსებმა თავად გაანადგურდეს ნაპოლეონის ლაშქრობის დროს, 1812წ.

როცა ოსმალები ვლახეთში ღრმად შევიდნენ ვლადმა გააცნობიერა, რომ მათთან გაშლილ ველზე ვერ იბრძოლებდა და გადაწყვიტა მიემართა დამწვარი მიწის ტაქტიკისათვის, რის შემდეგაც დაიწყებდა პარტიზანულ ომს მათ წინააღმდეგ. იმისათვის, რომ მტრისთვის მომარაგება შეეწყვიტა, სოფლებისა და მინდვრების განადგურებით გრაფმა საკუთარი მიწა და მოსახლეობა გაწირა ტანჯვისთვის. ჭები დაწამლეს და პირუტყვი მოსპეს. ,,ამგვარად’’ – წერს დუკასი – ,,7 დღის განმავლობაში, რაც მეჰმედმა დუნაი გადალახა, ვერც კაცი და ვერც რაიმე ცხოველი იპოვა, რომ შეეჭამათ ან რაიმე, რომ დაელიათ’’. თურქი მემატიანე თურსუნ ბეგი გადმოგვცემს:

,,მოწინავე არმიამ წყურვილის მოსაკლავად ერთი წვეთი წყალიც კი ვერ იპოვა. ყველა ცხოველი და საზიდარი გაჩერდა. მზე ისე აცხუნებდა, რომ კაცი ქაბაბს შეწვავდა მალემსრბოლ ღაზთა ტანსაცმელზე“.

800px-Szilágyi_Mihály.jpg
მიხაილ შილაგი (დრაკულას ერთადერთი მოკავშირე თურქებთან ბრძოლაში)

მალე პარტიზანული თავდასხმები დაიწყო. ჩამორჩენილებს სარზე აცვამდნენ ან თავებს ჭრიდნენ. 1462 წლის 17 ივნისის ღამეს, ვლადმა გაბედული შეტევა განახორციელა თურქების ბანაკზე, ტარგოვიშტესთან ახლოს. ჩალკონდილასი მოგვითხრობს:

,,ბანაკი ტერორმა მოიცვა, რადგან იფიქრეს, რომ მტრის კიდევ ერთი არმია დაესხა თავს. გონებადაკარგულებმა თავი დამარცხებულებად მიიჩნიეს და დაიწყეს ჩირაღდნების ანთება და საყვირით მოწოდება რათა თავდასმის ადგილისკენ მიეთითებინათ“.

impalement-execution-by-impalement-impaling-DDECM3.jpg
ტარგოვიშტესთან მტერმა ,,სარზე გასმულთა ტყე” იხილა

დრაკულამ მოულოდნელი თავდასხმა 7-10 000 მხედრით დაიწყო. შეტევამ გამოიწვია ქაოსი ოსმალთა რიგებში (ისტორიკოსები კი ბევრს დაობენ დაღუპულთა რიცხვზე, მაგრამ აშკარაა, რომ დანაკარგების მოზრდილი ნაწილი მოდიოდა ერთმანეთის მიერ დახოცილ თურქებზე, რაც რა თქმა უნდა, არეულობაში ხდებოდა). გამთენიისას თურქები გადაჯგუფდნენ და ვლადის ჯარები ტარგოვიშტესკენ განდევნეს. მათგანაც ათასობით დაიღუპა და მთავარი მიზანი ვერ განხორციელდა მეჰმედ დამპყორბლის ერთგულ იანიჩართა წყალობით – მისი მოკვლა. თავდამსხმელები ჯერ კიდევ ღამის ბინდში გაუჩინარდნენ. რამდენიმე დღის შემდეგ თურქები ტირგოვიშტესთან გამოჩნდნენ. ისინი მის ასაღებად ისე მოემზადნენ, როგორც შუა საუკუნეების ჩვეულებრივი ციხე-სიმაგრისთვის (ის იყო ვლახეთის დედაქალაქი), მაგრამ ერთი უნიკალური დამატებით. როგორც ჩალკონდილასი გადმოგვცემს, მეჰმედმა:

,,იხილა სარზე გასმული ხალხი. იმპერატორის არმიამ გადაკვეთა ორი მილი სიგრძისა და ნახევარი მილის სიგანის ძელებიანი ველი. მან ნახა 20 000 კაცის, ქალისა და ბავშვის გაუვალი გვამების გროვა… ბავშვები დედებს იყვნენ მიკრული, ხოლო ქალების მკერდზე ჩიტები ბუდეებს იკეთებდნენ“.

a06a910bb6ad043356be179a579f17ab.jpg
გრაფი მრავალი ხელოვანის შთაგონების წყარო გახდა, ხოლო მისი ქმედებები უამრავ შეთხზულ ამბავსა და ლეგენდას დაედო საფუძვლად

,,სარებიანი ტყის“ სანახებმა დაარწმუნა მეჰმედ დამპყრობელი, კაცი, რომელიც თავადაც უხვად იყენებდა მსგავს საზარელ მეთოდებს ომში, რომ ტირგოვიშტეს სწრაფად გასცლოდა.

დავით მაზმიშვილი

წყარო 1: http://www.warhistoryonline.com

წყარო 2: weaponsandwarfare.com

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s