ადრიანოპოლის ბრძოლა – რომის დაცემის დასაწყისი (ნაწილი I)

kartinka_1-fae30a700564562ed14539c906f21721.jpg

ხუთასი წლის მანძილზე, მოყოლებული ძვ. წ. 100 წლიდან, მას მერე რაც მარიუსმა და სულამ ხმელთაშუაზღვის სივრცეში შემოჭრილი ტევტონები და კიმბრები დაამარცხეს, რომაელები ჩრდილოეთ საზღვრებსაც განაგებდნენ, იმპერიას, რომლის ევროპული ნაწილი რაინისა და დუნაის ნაპირებს მიუყვებოდა. რაინის მეორე მხარეს სასტიკი მეომარი ტომები სახლობდნენ, რომლებიც დროდადრო იმპერიის უსაფრთხოებას სერიოზულ საფრთხეს უქმნიდნენ. მიუხედავად მათი აგრესიისა, რომის ლეგიონებთან ისინი უმეტესად მარცხდებოდნენ. რა თქმა უნდა, იყო რომის მარცხიც. მაგალითად ტევტობურგის ტყის ხოცვა-ჟლეტა, მაგრამ ტევტონებთან და კიმბრებთან შეტაკებების შემდეგ რომაელებმა დაგვიტოვეს განსაცვიფრებელი ჩანაწერები გერმანული სამხედრო ჯგუფების განადგურების შესახებ.

roman_empire_in_116_by_woodsman2b-d6725t3.png
რომის იმპერია 117 წელს, ტერიტორიული გაფართოების მწვერვალზე

ოქტავიანე კეისარმა (შემდგომში ავგუსტუსი) მოახერხა ძვ.წ. 31 წელს მარკუს ანტონიუსის დამარცხება, აქტიუმის ბრძოლაში. მისი იმპერატორობიდან მოყოლებული, პროფესიონალური არმია იცავდა იმპერიას ადრიანეს კედლიდან (ჩრდილოეთ ბრიტანეთი) ზემო ნილოსამდე და გიბრალტარის სრუტიდან მდინარე ევფრატამდე, 150 000 ლეგიონერისა და 150 000 დამხმარე ჯარისკაცის მეშვეობით (დაახლოებით 25-33 ლეგიონი). ეს სამხედრო ეკონომიკის არაჩვეულებრივი მაგალითია. რით აიხსნება ასეთი მომხიბლავი სამხედრო ეფექტურობა?

უპირველესად, რომის სამხედრო ეფექტურობა დამოკიდებული იყო ლეგიონერთა დისციპლინასა და მომზადებაზე, თანამედროვე მილიტარისტული ორგანიზაციის სამარკო ნიშნებზე. იოსებ ფლავიუსმა, დიდმა ისტორიკოსმა და რომაულ-ებრაული ომების (ახ.წ 66-70) მემატიანემ, შემოგვინახა ცნობები რომაელთა მოსამზადებელი რეჟიმისა:

,,და ჭეშმარიტად, თუ  ვინმე იხილავს [რომაელთა] სამხედრო დისციპლინის სხვადასხვა ნაწილებს, ის იძულებული გახდება აღიაროს, რომ ასეთი დიდი სამფლობელოები მათ საკუთარი მამაცობით შეიძინეს და ეს მხოლოდ ბედის საჩუქარი არ ყოფილა: რადგანაც ომის დროს ისინი პირველები არ იყენებენ იარაღს, არც ხელის მოძრაობას იწყებენ. მაგრამ თითქოს იარაღი მათი ნაწილი იყოს და ომის დროსაც ფრთხილად მოიხმარენ მას. ის ნაკლებად ესაჭიროებათ, რადგან შეტაკებები მცირე ხანს გრძელდება ხოლმე. მიუხედავად ამისა, ჯარისკაცები მაინც ყოველდღე ცდიან მას ნამდვილი შრომისმოყვარეობით, თითქოს ომში იყვნენ, ამიტომაც იღლებიან ასე სწრაფად ბრძოლებში… არც ის ცდება ვინც ამბობს, რომ მათი ვარჯიში უსისხლო ბრძოლის სავარჯიშოებია, ხოლო მათი ბრძოლები სისხლიანი სავარჯიშოები.’’

r_birdoswald_fort.jpg
ვარჯიში რომაულ არმიაში

მოკლედ, რომაული არმია თავისი ლეგიონებითა და დამხმარე დანაყოფებით იყო პირველი ნამდვილი პროფესიონალური ჯარი მსოფლიო ისტორიაში, რომელიც უფრო მეტად დისციპლინასა და მომზადებას ეყრდნობოდა, ვიდრე კულტურის ფსიქოლოგიურ წებოსა და საოჯახო თუ სოციალურ ურთიერთობებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის იწვრთნებოდა ბრძოლისათვის.

შედეგად, რომი სამყაროში ორსაუკუნე ნახევრის მანძილზე დომინირებდა. თუმცა მე–3 საუკუნის დასაწყისში ვითარება იცვლება. ისტორიკოსთა სამწუხაროდ, ამ გადამწყვეტ პერიოდზე ცოტა რამაა შემორჩენილი. ძვ. წ. 32 და ახ. წ. 211 წლებს შორის, გარდა ორ სამოქალაქო ომში დაღუპული იმპერატორებისა, ათი იმპერატორი დაიღუპა ბუნებრივი მიზეზით და მხოლოდ სამი მოკლეს ოფიცრებმა ან ჯარისკაცებმა. მაგრამ 235–275 წლებს შორის მხოლოდ ერთი იმპერატორი დაიღუპა ბუნებრივი სიკვდილით, მაშინ როცა არანაკლებ ათისა მოკლეს ოფიცრებმა ან ბარბაროსებმა, უმთავრესად უწინდელი მეთოდებით.

081245169afe0aa7ac178d67efe63a9b.jpg
რომის სამოქალაქო ომების სია საკმაოდ გრძელია

არმიებმა და ამბიცურმა გენერლებმა იმპერია დაყვეს, მაშინ, როცა ბარბაროსების დიდმა შემოსევებმა მისი ტერიტორიების მოზრდილი ნაწილი გაანადგურეს. პრობლემა მდგომარეობდა იმპერატორის არჩევის ლეგიტიმაციაში. დიდი რომაელი ისტორიკოსი, ტაციტუსი ვარაუდობს, რომ სამოქალაქო ომის მიზეზი (69–70, ოთხი იმპერატორის წელიწადი) მდგომარეობდა იმაში, რომ ლეგიონერებმა იმპერიის საიდუმლო აღმოაჩინეს – მათ შეეძლოთ იმპერატორთა არჩევა. არსებითად, ტაციტუსი დროის პერიოდით განსხვავდება შემდგომი მოვლენებისგან. 235 წლის დასაწყისიდან, ალექსანდრე სევერუსის მკვლელობიდან მოყოლებული მისი შეფასება სიმართლეს შეესაბამება, რადგან რომაულმა არმიამ გაანადგურა ეკონომიკა და პოლიტიკური სტაბილურობა რაზეც ესვენა იმპერია. გენერლებმა ერთმანეთის მიყოლებით დაიწყეს მეწამულ ტანსაცმელში გამოწყობა და იმპერიის გატეხილი სხეულის განადგურება.

ავრელიანეს აღზევებიდან (270 წ.), იმპერატორთა მთელმა სერიამ, უმთავრესად ბალკანეთიდან, სტაბილურობის მსგავსი რამ კვლავ შეიტანეს იმპერიაში. რომაელებმა ბარბაროსები თავიანთი ტერიტორიებიდან გაყარეს და ეტყობა, სამხედროთა აჯანყებებიც შეჩერდა. თუმცა იმპერია მაინც სუსტდებოდა. ტაქტიკური უპირატესობის დაკარგვამ, რაც დისციპლინის შესუსტებით იყო გამოწვეული, შედეგად სამხედროების ეფექტურობის შემცირება მოიტანა. ამან თავის მხრივ ჯარის რიცხოვნობის გაორმაგება მოითხოვა. მეომართა უმრავლესობამ უსაფრთხოების დაცვა ვეღარ შეძლო, ხოლო მე–3 საუკუნეში ბარბაროსთა შემოსევებმა და სამოქალაქო ომებმა იმპერიის ეკონომიკას მნიშვნელოვნად დაარტყეს და ხანგრძლივად დაიკარგა არმიის მხარდაჭერის იმედი. მიუხედავად ამისა, მოგვიანებით 357 წელს, იმპერატორი იულიანე ხელმძღვანელობდა 13 000–იან რომაულ არმიას გერმანულ ტომთა კავშირის წინააღმდეგ, რომელთაც ალემანი მეფეები მეთაურობდნენ და მათი ჯარი 35 000 მეომრისგან შედგებოდა. სტრასბურგის ბრძოლაში (357) იულიანემ გერმანელები დაამარცხა. 6 000 გერმანელი დაეცა ბრძოლის ველზე, ხოლო 2000 რაინის გადალახვისას დაიხრჩო. რომაელთაგან მხოლოდ 264 ჯარისკაცი დაიღუპა. ეს იყო კიდევ ერთი ბრძოლა წარმატებული გამარჯვებით რასაც რომი გერმანელების წინააღმდეგ აწარმოებდა, თუმცა თავად გერმანიის დაპყრობა კი მან ვერასდროს შეძლო!

1387733874031.jpg
სტრასბურგის ბრძოლაში გამარჯვება იმპერატორ იულიანეს (360-363) უდიდესი სამხედრო წარმატება იყო

სტრასბურგის ბრძოლისა და ბიძაშვილის, კონტანციუს II–ის გარდაცვალების შემდეგ, მან სრული კონტროლი მოიპოვა იმპერიაზე და დაგეგმა სასანიდური სპარსეთის დაპყრობა. 363 წელს, ის იმპერიის ძირითად საჯარისო ნაწილებთან ერთად აღმოსავლეთისკენ გაემართა, სადაც მიაღწია სასანიდთა დედაქალაქის, ქტეზიფონის კარიბჭემდე. ამის შემდეგ მოვლენები კარგად არ წარიმართა და იულიანე შუა კამპანიის დროს დაიღუპა, სავარაუდოდ სპარსელების მიერ, თუმცა ზოგიერთი ანტიკური მწერალი მის მოკვლას მიაწერს ერთ უკმაყოფილო ქრისტიანს, რომელიც იმპერატორის აპოსტასით, უღმერთოებით იყო გამწარებული. იმპერიის სადავეები ხელში აიღო იულიანეს ერთმა გენერალმა, სახელად იოვიანმა, რომელმაც საჩქაროდ დაამყარა სამარცხვინო მშვიდობა სასანიდებთან. ის მალევე გარდაიცვალა, ხოლო იმპერატორი იულიანეს უფრო წარმატებული გენერალი, ვალენტინიანე გახდა. ტახტის მიღების შემდეგ ერთ თვეში, მან საკუთარი ძმა, ვალენსი თანაიმპერატორად დანიშნა აღმოსავლეთ რომის იმპერიის ტერიტორიაზე, როცა ვალენტინიანემ დასავლეთის პროვინციები უფრო დიდი საფრთხის შემცველად მიიჩნია. ამის შემდეგ კი უსიამოვნებების მთელი სერია დაიწყო, მიუხედავად იმისა, რომ ვალენტინიანეს უფრო დიდი სამხედრო გამოცდილება ჰქონდა, ვიდრე ვალენსის.

ბიზანტია 4-6 - კოპირება.jpg
ბიზანტიის დინამიკური რუკა IV-VI სს.

მე–4 საუკუნის ბოლოსთვის რომი თავის საზღვრებთან მრავალი საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. აღმოსავლეთით მას საზღვრებს ეცილებოდა სასანიდური ირანი, რომელთანაც კონფლიქტის 150 წლიანი გამოცდილება უკვე ჰქონდა. სპარსეთმა რომს სირია წაართვა. ჩრდილოეთით საზარელი მტერი გამოჩნდა მე–3 საუკუნეში, გოთების სახით. უკანასკნელი 100 წლის მანძილზე, გოთური ტომები იმპერიის უსაფრთხოებისთვის უდიდეს საფრთხეს წარმოადგენდნენ. 260–იანებში, როცა იმპერიას სამოქალაქო ომი ტანჯავდა და მეტოქეები დაწინაურებისთვის იბრძოდნენ, გოთებმა აღმოსავლეთის პროვინციებში მასიური შემოჭრა დაიწყეს. მათ ბალკანეთის დიდი ნაწილი გადაკვეთეს და ეგეოსის ზღვასაც მიაღწიეს. ეკონომიკას ინფლაციის მასიურმა ტალღამ გადაუარა, რამაც იმპერია ფულადიდან ბარტერულ ეკონომიკაზე გადაიყვანა. მიუხედავად ამისა, მე–3 საუკუნის ბოლოსთვის რომს კვლავ დაუბრუნეს გარკვეული სტაბილურობა მეომარმა–იმპერატორებმა, რომლებმაც ბარბაროსების უფრო უნარიანად გამოყენება გადაწყვიტეს. კონსტანტინე დიდმა გაანადგურა გოთების ტომები სიცოცხლის უკანასკნელ წლებში და არასასიამოვნო მშვიდობა დაამყარა გადარჩენილებთან. თუმცა გოთებმა ფეხზე წამოდგომა მაინც შეძლეს და კვლავ წარმოადგენდნენ იმპერიისთვის საფრთხეს, ოღონდ ლატენტური სახით.

აღმოსავლეთით სასანიდები და დუნაიზე, ჩრდილოეთით, გოთები არასაკმარისად დიდ საფრთხეებს წარმოადგენდნენ ვალენსისთვის, ვიდრე იულიანეს ნათესავები, კერძოდ პროკოპიუსი (პროკოფი), რომელიც აშკარად დაუკავშირდა არმიას და საკუთარი თავი იმპერატორად გამოაცხადა. იმპერიის აღმოსავლეთ ნაწილში, ვალენსი სამოქალაქო ომის პირას აღმოჩნდა. რამდენიმე წელიწადში თანამდებობის დაკავებიდან, მას შეეძლო მოცილეს დაპირისპირებოდა, მაგრამ ინციდენტი უეჭველად დაუკარგავდა არმიის ერთგულებას მისი პერსონისა და პოზიციის მიმართ. ამავე დროს მას საკუთარი არმია ესაჭიროებოდა, რადგან გოთებისა და სასანიდების მხრიდან აღმოსავლეთ რომის იმპერიას კვლავაც ემუქრებოდა საფრთხეები, რაც შემდგომში კიდევ უფრო გაიზარდა.

germano_by_japa2-d63ecjv.jpg
გოთები იმპერიის ორივე ნაწილისთვის საბედისწერო ხალხი გამოდგა

ვალენსი გაურიგდა გოთებს, თუმცა ამის მიზეზები ჯერ კიდევ ბუნდოვანია. მან ორი სამხედრო კამპანია წამოიწყო მათ წინააღმდეგ 367 და 369 წლებში, დუნაის ჩრდილოეთ ნაწილში სადაც დღეს რუმინეთი მდებარეობს. რომაელებმა ქალაქგარე მიწები გააპარტახეს, მაგრამ კონსტანტინესგან განსხვავებით ის გოთებს ბრძოლაში არასდროს იყენებდა. გოთებმა მიზანშეწონილად ჩათვალეს კარპატებს შეფარებოდნენ და ბრძოლა სხვა დროისთვის გადაედოთ. 369 წლის კამპანიის შემდეგ ვალენსიმ მშვიდობა დაამყარა მათთან და ყურადღება ახლა უკვე აღმოსავლეთის პროვინციებს მიაპყრო, სადაც სომხეთის სამეფო სპარსეთის დახმარებით გარკვეულ სირთულეებს უქმნიდა. თავდაპირველად, რომაელები სპარსეთის აღმოსავლეთ სამფლობელოებში შეჭრილ ტომებს ეხმარებოდნენ, რაც პასუხი იყო სტრატეგიულ პრობლემებზე, რომელსაც სომხეთის სამეფო უქმნიდა მას. 375 წლიდან სპარსელებმა აღმოსავლეთის კონფლიქტები მიატოვეს და კვლავ სომხურ პოლიტიკაში ჩაერთვნენ. ორივე მხარე გადამწყვეტი ბრძოლისთვის მოემზადა. იმისათვის რომ რომის პოლიტიკასა და სტრატეგიულ სიტუაციაში უკეთ გავერკვეთ უნდა ვთქვათ, რომ იმავე წელს გარდაიცვალა ვალენტინიანე, რომელმაც დასავლეთის იმპერატორად თავისი უმცროსი შვილი გრაციანე დატოვა. ამდენად, ვალენსის ახალი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა. მათ შორის მცირე ნათესაური ურთიერთობა არსებობდა, როგორც ბიძასა და ძმიშვილს შორის.

სანამ ვალენსი აღმოსავლური პოლიტიკით იყო დაკავებული, დუნაიზე დიდი საფრთხე მწიფდებოდა. ათასწლეულის მანძილზე, ცენტრალური აზიის სტეპებში ღრმა სირთულეები წარმოიშვა, რაც გამოწვეული იყო დემოგრაფიული აფეთქებითა და დიდი კლიმატური ცვლილებებით. დაიწყო ტომების მასიური მიგრაცია. მიგრაცია დომინოს პრინციპით შლიდა ტომებს აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე. მე–4 საუკუნის შუიდან მათმა ტალღამ უკვე გეოპოლიტიკურ სიტუაციაზეც იმოქმედა. ევროპის მიღმიერი სამყაროს საზღვრებიდან გამოჩენილმა ჰუნებმა თანამედროვე უკრაინის სტეპებს მიაღწიეს და დიდად შეავიწროვეს გოთები. 376 წლისთვის გოთებმა დუნაის მიაღწიეს და იმპერიას თავშესაფარი სთხოვეს.

v8KGkpd.jpg
სამხედრო კამპანიებმა სასანიდებისა და გოთების წინააღმდეგ აღმოსავლეთ რომის იმპერიისთვის მხოლოდ დროებითი შედეგი მოიტანა

სპარსეთთან ბრძოლის სამზადისში ღრმად ჩართული ვალენსი დილემის წინაშე აღმოჩნდა. ერთის მხრივ მიგრანტები შესაძლოა მნიშვნელოვანი ძალა ყოფილიყო იმპერიის დასუსტებული არმიისთვის. მეორე მხრივ, აღმოსავლეთის იმპერიის ჯარი კონცენტრირებული იყო სპარსეთის საზღვრებთან ომის სამზადისისათვის. ამდენად, საკითხი შემდეგნაირად იდგა: ვის უნდა გაეკონტროლებინა გოთები როცა მათ მიიღებდნენ იმპერიაში და უზრუნველეყო მათი დაუსახლებელ ადგილებზე დამკვიდრება. ისინი წარმოადგენდნენ დიდ სამხედრო და პოლიტიკურ პრობლემას.

რომაელები მათ ერთ ჯგუფს, ტერვინგებს მიღებაზე დათანხმდნენ, თავიანთი საჭიროებისათვის, მაგრამ არა, მაგალითად, გრეიტუნგებს. ეს ყველაფერი დუნაის ნაპირას ხდებოდა, სადაც ავგუსტუსმა პოეტი ოვიდიუსი გადაასახლა და საბოლოოდ აქვე დაიღუპა კიდეც. რომაელი მოხელეები აშკარად მექრთამე, კორუმპირებული და სამხედრო თვალსაზრისით არაკომპეტენტური პირები იყვნენ. მათ ფულისა და მარცვლეულის გოთებისთვის გათვალისწინებული მარაგი მოიპარეს. გარდა ამისა, გოთების დარჩენილმა ნაწილმა ტერვინგების მსგავსად დუნაი გადმოკვეთა.

07_pereselen.jpg
,,ხალხთა დიდი გადასახლების” საწყისი ტერიტორია, II-IV სს.

ადგილზე დანიშნული რომაელი მეთაური, ლუპიცინუსი, თავისი დროის სტანდარტებთან შედარებითაც კი უფრო მკვლელი, კორუმპირებული და არაკომპეტენტური მმართველი იყო. მან დახოცვის მიზნით, გოთთა ლიდერები, ალავივუსი და ფრიტიგერნი მოიწვია ბანკეტზე, მარკიანოპოლში. მაგრამ შემთხვევა ხელიდან გაუსხლტა. რომაელებმა მხოლოდ ბელადების პირადი დაცვის დახოცვა მოასწრეს, სანამ ბარბაროსები კარიბჭესთან აჯანყდებოდნენ და მიჩენილ მცველებს გაანადგურებდნენ. ლუპიცინუსი პანიკაში ჩავარდა და ბელადები გაუშვა. ამ პოლიტიკურ კატასტროფას ისიც დაერთო, რომ მან შემდეგ ხელმისაწვდომ ძალებს თავი მოუყარა და გოთებს შეუტია. მოუსვენრობის გამო, მათ მისი მეომრები გაჟლიტეს, ხოლო ლუპიცინუსი, უკმაყოფილო თავისი ბედით, იმპერატორთან გაიქცა განრისხებულ გოთებზე პასუხის გასაცემად და უფრო მეტად მათ გაშმაგებულ ლიდერებზე, რომლებიც ახლა უკვე დუნაის სამხრეთით, კონსტანტინოპოლიდან არცთუ ისე შორს იმყოფებოდნენ და თანაც საკმაოდ თავისუფლად.

რომაელებს გადაუდებლად ესაჭიროებოდათ მოქმედება და თან ისე სწრაფად, როგორც ეს შესაძლებელი იყო. ამასობაში, თრაკიაში დისლოცირებული რომაელები იძულებულნი გახდნენ გოთები კონსტანტინოპოლის აღმოსავლეთით მიეტოვებინათ, სანამ დასავლეთ და აღმოსავლეთ იმპერიის არმიები დუნაისთან შეხვდებოდნენ მტერს. სიტუაცია კიდევ უფრო გაამწვავა იმან, რომ ჩრდილოეთიდან მათ კიდევ სხვა ბარბაროსი ტომები შეუერთდნენ, იმის იმედით, რომ მონაწილეობას მიიღებდნენ ბალკანური პროვინციების ძარცვაში. 377 წელს, მარკიანოპოლიდან სამხრეთით გადაადგილების დროს მთელ გზაზე, ადრიანოპოლიდან ეგეოსამდე მათ შური იძიეს იმ მოპყრობის გამო, როგორც რომაელები ექცეოდნენ. ერთადერთი რაც ბარბაროსთა ძარცვას გადაურჩა, გამაგრებული და დიდი ქალაქები იყო, რადგან გოთებს არ ჰქონდათ საალყო საქმის გამოცდილება. დამპყრობლები, ძირითადად მათი ახალგაზრდები, მგზნებარედ ისწრაფოდნენ რეპუტაციისკენ მათ თანატოლებს შორის. ხოცავდნენ, წვავდნენ და აუპატიურებდნენ ყველაფერს რაც გზად ხვდებოდათ.

image001.png
გოთების მიგრაცია

ერთერთი უჩვეულო ტენდენცია თანამედროვე აკადემიურ ისტორიოგრაფიაში ის არის, რომ მათი არგუმენტით იმპერიას მცირე სისტემური ზიანი მიადგა. ამის თქმა მხოლოდ იმ აკადემიკოსებს შეუძლიათ, რომელთა მოღვაწეობაც სასკოლო სივრცეს არ გაცდენილა. ამ საშინელებებმა იმპერიას უდიდესი ზიანი მიაყენა და მთლიანად მოუშალა აგრარული ბაზა, რასაც ის ეყრდნობოდა. ჯარისკაცი და ისტორიკოსი ამიანე მარცელიანე გადმოგვცემს გოთთა ამ მრისხანე მოძრაობის გზასა და საშინელებებს თრაკიაში:

,,იმ მომენტში როცა გასავლელი გაიხსნა… ამ ბინძურმა ბარბაროსებმა იწყეს უწესრიგოდ გადაადგილება, მაგრამ ისე, რომ ყველას შეეძლო გავლა. ისინი სწრაფად დაიძრნენ დაბრკოლებების გარეშე, რათა ჩვენს შორის არეულობა გაევრცელებინათ; და დიდი სურვილით ძარცვისა და აოხრებისა, დასჯის გარეშე მთელ თრაკიას მოედვნენ, დუნაიდან (საიდანაც ირწყვებოდა ეს მხარე) როდოპის მთებამდე (საბერძნეთი) და სრუტემდე რომელიც შავ და ეგეოსის ზღვებს ჰყოფს ერთმანეთისგან. ავრცელებდნენ აოხრებას, ხოცვა-ჟლეტას, სისხლისღვრასა და ხანძარს. ძალადობამ საშინელი ხასიათი მიიღო. ეს ყველაფერი როგორც სანახავად ისე მოსაყოლადაც თანაბრად საშინელებაა“

3655839_orig.jpg
,,ხალხთა დიდ გადასახლებაში” მონაწილეები და მათი მოძრაობის მიმართულებები

ამ კრიზისმა ვალენსისთვის სხვა სირთულეები დაჩრდილა. მას წინ სრულმასშტაბიანი ომი ელოდა. საქმის მოწესრიგება მან სპარსელებთან სამარცხვინო მშვიდობის ჩამოგდებით დაიწყო. აქედან არმია უკან კონსტანტინოპოლისკენ გადაისროლა. 377 წელს, რომაელთა რეაქცია დამოკიდებული იყო მათი არმიის მობილურობასა და სისწრაფეზე, ასევე იმაზე თუ რამდენად შეეძლო იმპერიის ლოგისტიკას მისი მომარაგება – ეს რთული და შრომატევადი საქმე იყო საუკეთსო დროს და ეს საუკეთესო დრო ახლა ნამდვილად არ იდგა. ამ წლის დიდ ნაწილს კი რომაელები ჯარების გადანაწილებას მოანდომებდნენ სირიიდან და პალესტინიდან ბალკანეთისკენ. ვალენსიმ დახმარება სთხოვა ძმიშვილსაც, გრაციანეს, რომელიც დაჰპირდა, რომ გოთების წინააღმდეგ დასავლეთის არმიის მნიშვნელოვან ნაწილებს მისცემდა 378 წლისთვის.

გრაციანესთვის დაპირების აღსრულება რთული აღმოჩნდა. რაინის მიღმა, ბარბაროსებმა გაიგეს ამ მოძრაობის შესახებ და ალემანების მეთაურობით გაყინული მდინარე გადმოლახეს. 378 წლის თებერვალში რომაელებმა თავდაპირველი დაპირების აღსრულება შეაჩერეს. თუმცა შემდეგ გრაციანემ მრჩევლებთან ერთად გადაწყვიტა, რომ დაეწყო პრევენციული კამპანია, რათა თავიდან მოეშორებინა  მომავალი შემოსევების საფრთხე რაინიდან. ამისთვის გრაციანეს დასჭირდა პანონიის არმია რაინისკენ გადაესროლა, რათა დაებლოკათ ალემანების გეგმები იმპერიის შიდა ტერიტორიებისკენ გადაადგილებაზე. მისი კამპანია წარმატებული აღმოჩნდა, მაგრამ ამან დროებით შეაჩერა დასავლეთის იმპერიის ჯარების გადაადგილება აღმოსავლეთისკენ ადრეულიდან გვიან ზაფხულამდე. მაგრამ მიუხედავად ამისა, როცა ვალენსი გოთებთან საბრძოლველად ემზადებოდა დასავლეთის ჯარები უკვე მზად იყვნენ მის დასახმარებლად.

12063723_1262185820477499_360776112820980901_n.jpg
რომაელი ქვეითი, IV ს.

378 წლის გაზაფხულისთვის, რომაელებმა საჯარისო ნაწილები გამოიწვიეს სირიიდან და სამხრეთ კავკასიიდან, სადაც მათი უმრავლესობა სპარსელების წინააღმდეგ საბრძოლველად ემზადებოდა. მათი გადინება დაიწყო კონსტანტინოპოლის მიმართულებით. ისინი დამოკიდებულნი იყვნენ გაზაფხულის მოსვლასა და ბალახზე, თავიანთი ცხოველების გამოსაკვებად. ვალენსი ბოლო მომენტამდე აღმოსავლეთში დარჩა და 378 წლის მაისამდე კონსტანტინოპოლში არ გამოჩენილა, სადაც მისი არმია იკრიბებოდა. რადგანაც იმპერატორი არიანელი იყო, ხოლო ქალაქში ძირითადად კათოლიკეები (მთ. სავარაუდოდ, ავტორმა იგულისხმა ტრადიციული ქრისტიანები) ცხოვრობდნენ, ვალენსის მოსახლეობაში დიდი პოპულარობა არ ჰქონია. ამდენად, მას შემდეგ რაც ის დედაქალაქში რამდენიმე კვირა გაჩერდა შტაბი ქალაქგარეთ გადაიტანა, ადრიანოპოლის გზაზე, თავის ერთ-ერთ საზაფხულო რეზიდენციაში (სასახლეში).

საწყის ეტაპზე, რომაელები მიყვებოდნენ მტრის მარბიელ ბანდებზე დარტყმის სტრატეგიას, რომლებიც ჯერ კიდევ ძარცვავდნენ თრაკიას. ადრიანოპოლის ჩრდილო-დასავლეთში, არმიის ძირითად ნაწილს სებასტიანუსის მეთაურობით მხედველობის არეში ჰყავდა ბარბაროსთა გარკვეული ჯგუფი. ეს მანიშნებელია იმისა, რომ რეგიონში დიდი შიში და პარანოია იყო გამეფებული. რომაელმა ჯარისკაცებმა რეპუტაცია მოქალაქეთა მიმართ მოპყრობით მოიპოვეს, მაგრამ ადრიანოპოლის თავკაცებმა მათ ქალაქში შესვლაზე უარი უთხრეს. გრძელი მსჯელობის შემდეგ, სებასტიანს ნებართვა მისცეს ქალაქში შესვლისა, ოღონდ ჯარისკაცების გარეშე. მინიმალური მომარაგების მიღების შემდეგ, სებასტიანი გამოვიდა და ნადავლით დატვირთულ გოთების ერთ-ერთ რაზმს წამოეწია. მათთან გამკლავება მას არ გასჭირვებია. ამ პატარა გამარჯვებამაც კი განამტკიცა ნდობა რომაული არმიისა და უკვე ხალხს ჰქონდა რწმენა, რომ გოთებს გადამწყვეტ ბრძოლასაც მოუგებდნენ.

1565686.jpg
გოთი მეომრები

მოკლე ვადაში რომაელებმა მართლაც მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს. ამ წარმატებების მიუხედავად, ცნობამ კონსტანტინოპოლთან რომაული ნაწილების შეკრებისა, ფრიტიგერნს საპასუხოდ ტომების მობილიზაცია დააწყებინა. ზაფხულის დასაწყისში, ვალენსმა ჯარის დიდი ნაწილი ადრიანოპოლისკენ გადაისროლა, სადაც ის ელოდებოდა გრაციანეს გამოჩენასა და დასავლეთის არმიის დამხმარე რაზმებს. ფრიტიგერნი უხეიროდ ამოძრავებდა თანატომელებს ადრიანოპოლის უკან, მომარაგების ხაზსა და რომაულ არმიას შორის, რის შესახებაც ადრევე შეიტყო მოწინააღმდეგემ.

დავით მაზმიშვილი

წყარო: https://weaponsandwarfare.com/2016/08/18/adrianople-i/

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s