ჯვაროსანთა წერილები (ნაწილი I)

 monument-to-emperor-freidrich-barbarossa-the-kyffhauser-mountains-AXD3CD.jpg

გერმანიის იმპერატორ ფრიდრიხ I ბარბაროსას ჯვაროსნული ლაშქრობა

ჯვაროსნებისგან საკუთარი ინტერესების დასაცავად, ბერძენთა იმპერატორი სალადინის მოკავშირე გახდა. ეს წინანდელზე უფრო დიდი სიძულვილით გააკეთა. პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის შემდეგ, ალექსი შეჯავრებული და ღალატში ეჭვმიტანილი პიროვნება იყო ჯვაროსნების მხრიდან; მანუელი ოფიციალურად იყო დადანაშაულებული მეორე ჯვაროსნული ლაშქრობის წარუმატებლობაში. რამდენიმე წელიწადში ამ დაგროვილ სიძულვილს კონსტანტინოპოლის აღებაც მოჰყვა.

  1. ფრიდრიხ I ლეოპოლდ V ავსტრიელს, ადრიანოპოლი, ნოემბრის მიწურული, 1189 წ.

ფრიდრიხი, უფლის მადლით, იმპერატორი და ყოველთა ავგუსტუსი, თავის საყვარელ ნათესავს ლეოპოლდს, ავსტრიის ჰერცოგს – მისალმებითა და საუკეთესო სურვილებით.

ჩვენ ვიფიქრეთ, რომ ვალდებული ვიყავით გვეთქვა შენთვის, შენი სიყვარულის გამო ჩვენდამი, რომ ჩვენმა ძმამ, კონსტანტინოპოლის იმპერატორმა, მიუხედავად იმისა, რომ ის შემოსაზღვრულია ძმური სიყვარულით, პირველად დაარღვია ყველა დადებული ფიცი, რომელიც თავისი კანცლერის პირით მოგვცა ნიურმბერგში, იმპერიის მთავრების თანდასწრებით, ჩვენი ლაშქრობის უსაფრთხოებასთან, ბაზრებთან და გაცვლა-გამოცვლასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, მან შეიპყრო და სამარცხვინოდ ჩაყარა ციხეში ჩვენი ელჩები, მიუნსტერის ეპისკოპოსი, გრაფი რუპერტ ნასაუელი და მარკვარდი, ჩვენი კამერგერი (ხაზინადარი), ყველა თანმხლებთან ერთად, რომელიც გავაგზავნეთ მშვიდობაზე შესათანხმებლად და ჯვრის სწრაფვით ამ ექსპედიციის მშვიდობიანი მსვლელობის მოსაწესრიგებლად. მიუხედავად ამისა, მას მერე რაც მოლაპარაკებები ძალზე გაიწელა, ფრიად გაჭიანურდა ჩვენი მსვლელობა ზამთრის სახიფათო სეზონის დადგომამდე. მან უკან გააგზავნა ჩვენი აღმატებულება ზემოთქმული ელჩები წმ. სიმონისა და იუდას დღესასწაულზე, თითქოს საკითხები დამაკმაყოფილებლად ყოფილიყო გადაჭრილი და ის კვლავ შეგვპირდა ჩვენ კარგ ბაზრებს, ჩვეულ გაცვლა-გამოცვლასა და ხომალდთა სიმრავლეს.

ჭეშმარიტად, რადგან დამწვარ ბავშვს ცეცხლის ეშინია (ანდ.), ჩვენ აღარ შეგვიძლია ვენდოთ ბერძენთა სიტყვებსა და ფიცს მომავალში. შტორმიანი ზამთრის სეზონის თავიდან აცილების მიზნით, ჩვენ გთავაზობთ, რომ დავიცადოთ გაზაფხულამდე, ფილიპოპოლისსა და ადრიანოპოლში და გადავკვეთოთ კონსტანტინოპოლი სასურველ პერიოდში. მაშასადამე, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მოხარულები ვართ კარგად აღჭურვილი არმიის გამო, ჯერ კიდევ გვჭირდება ლოცვებისგან ღვთაებრივი შეწევნის ძიება. ამ მიზეზთა გამო, გთხოვთ  შენი სიყვარულის ნატვრით, შეგვაწიო ღმერთის ღვთაებრივი ერთგულება და ლოცვები ჩვენ და ჯვაროსნების მთელ არმიას. გარდა ამისა, ჩვენ ვთხოვთ შენს კეთილგონიერებას დახმარებასა და ძალისხმევას, რათა პაპთან გაგზავნილმა წერილებმა მიაღწიოს დანიშნულების ადგილამდე, რადგან შენ შეგიძლია მოიყვანო წესრიგში და გააკეთო ეს უფრო წარმატებულად, ვიდრე სხვამ.

still-of-eva-green-in-kingdom-of-heaven-2005-large-picture.jpg

  1. სიბილა, იერუსალიმის ექს-დედოფალი ფრიდრიხ I-ს, 1189 წ.

მის პატიოსანსა და სახელოვან მთავარს ფრიდრიხს, უფლის მადლით, რომის ყველაზე გამარჯვებულ იმპერატორსა და წმინდა ჯვრის ყველაზე მეგობრულ მეომარს, სიბილა, იერუსალიმის ყოფილი დედოფალი, მისი უბრალო მსახური, ღვთის სახელით დიდად დამდაბლებული.

შეეწიე თავმდაბალს და დაიპყარი ამაყი. მე, შენი ყველაზე მდაბალი შინამოსამსახურე – როგორც ზემოთ ვთქვი – იძულებული ვარ მოვუყვე შენს უმაღლესობასა და აღმატებულებას მთელი ქალაქის მწუხარებასა და  წმინდა ქრისტიანთა სირცხვილზე. კონსტანტინოპოლის იმპერატორი და ღვთის ეკლესიის მდევნელი გაურიგდა სალადინს, წმინდა სახელის მაცდუნებელსა და გამანადგურებელს, უფალ იესო ქრისტეს სახელის წინააღმდეგ.

ამ ყოველივეს ცრემლების გარეშე ვერ გიამბობთ. სალადინმა, როგორც ვთქვი ქრისტეს მტერმა, ბერძენთა იმპერატორსა და წმინდა სახელის მდევნელს გაუგზავნა მოკვდავთათვის სასიამოვნო საჩუქრები თანამშრომლობისა და შეთანხმებისათვის. და ქრისტიანთა სისხლის ღვრითა და არეულობით სურდა უფლის სახელის განდიდება, მან გააგზავნა წონით 600 მოწამლული მარცვლეული და დამატებით დიდი ვაზა ღვინით, რომელშიც გარეული იყო ასევე საწამლავი. მას უნდოდა შეემოწმებინა მისი ეფექტურობა კაცზე რომელსაც უხმო და იგი მოკვდა მხოლოდ სუნით, როცა ვაზა გახსნა.

მე კვლავ იძულებული ვარ ვუთხრა ჩემს ბატონს: ზემოთქმულ იმპერატორზე, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ჩვენი უბედურებისა და ქრისტიანთა განადგურების გასაზრდელად, არ მისცა მათ პური და სხვა საჭირო სანოვაგე, რომელიც იერუსალიმში მიდიოდა. რის გამოც, ხორბალი რომელიც უნდა გამოეგზავნათ ისევ კონსტანტინოპოლშია გამოკეტილი.

ამიტომ, ამ ცრემლიანი ეპისტოლეს ბოლოს, პატიოსნად გეუბნები, რომ შენ ვალდებული ხარ გჯეროდეს ამ წერილის მფლობელის ჭეშმარიტებისა. რადგან ის თავადაა ამ ყველაფრის მომსწრე და მან საკუთარი თვალით ნახა და თავისივე ყურით გაიგონა. ამ მიზეზით, ქედმოდრეკილი და მუხლმოყრილი ვთხოვ შენს ბრწყინვალებას, როგორც მსოფლიოსა და ისრაელის კედლების მეთაურს, არ ერწმუნო ბერძენთა იმპერატორს.

3. ფრიდრიხ I სალაჰ ად-დინ ალ აიუბის (სალადინს), ეგვიპტის მეფეს, 1187-8 წ.

[წერილი გაგზავნილია მანამდე, სანამ დასავლეთში გაიგებდნენ იერუსალიმის დაცემის შესახებ]

ფრიდრიხი, უფლის მადლით რომაელთა იმპერატორი, მარად ავგუსტუსი და სახელოვანი მძლეველი იმპერიის მტრებისა და იღბლიანი მმართველი მთელი სამეფოსი, სალადინს, სარაცინთა სახელგანთქმულ მმართველს. მას შეუძლია მიიღოს გაფრთხილება ფარაონისგან და არ შეეხოს იერუსალიმს.

შენ შებღალე წმინდა მიწა, რომელზეც ჩვენ, მარადიული მეფის ავტორიტეტით, პალესტინის, იუდეისა და სამარიის მცველობით, ვზრუნავდით ჩვენი იმპერიული ვალდებულებითა და მთელი სიმკაცრით, კადნიერებისა და დანაშაულებრივი თავხედობის წინააღმდეგ. ამიტომ, თუ 12 თვის მანძილზე არ დაგვიბრუნებთ მიწას, რომელიც წაგვართვით, მიიღებთ ომის გამოცდილებას, ზოანის ველზე (ფსალმუნის ალუზია, ანუ ეს ნიშნავდა სალადინის გამოწვევას ეგვიპტეში), სიცოცხლის მომნიჭებელი ჯვრის ღირსებითა და მართალი იოსების სახელით. ჩვენ ნაკლებად გვჯერა, რომ თქვენ უმეცარი და განუსწავლელი ხართ ანტიკურ ნაშრომებსა და ძველ მოწმობებში. თქვენ არ იცით, ეთიოპია, მავრიტანია, სპარსეთი, სკვითია, პართია, სადაც ჩვენი გენერალი მარკუს კრასუსი უდროოდ დაიღუპა, იუდეა, მარიტიმა, სამარია, არაბეთი და ქალდეა, ასევე ეგვიპტე, რომლის ხსენებაც კი სასირცხვილოა! სადაც რომაელმა მოქალაქემ, ანტონიუსმა, დაჯილდოებულმა ღირსებებით, მიტევების საზღვრები გადაკვეთა, უფრო სხვაგვარად მოქმედებდა, ვიდრე უბრალოდ დიდ სახელმწიფოში წარმოგზავნილი ჯარისკაცი, წარმოდგენილი კლეოპატრას უწმინდური სიყვარულით – თავს იკატუნებთ რომ არ იცით სომხეთისა და სხვა აურაცხელი ქვეყანის შესახებ, რომელიც იყო ჩვენი მმართველობის ობიექტი? ეს ყველა მეფისთვის კარგადაა ცნობილი, ვის სისხლშიც რომაული მახვილი გასვრილა; და შენ, ღვთის სურვილით, გამოცდილებით განისწავლები, ჩვენი გამარჯვებული არწივებისა და ბევრი ხალხისთვის ნაცნობი არმიის დახმარებით – გერმანიის სიბრაზეს გამოცდი – რაინის მოუთვნიერებელ თავს – ახალგზარდობას დუნაის ნაპირებიდან, რომელთაც ახლა ისწავლეს ფრენა – შმაგ ბავარიელს – მოხერხებულ შვებს – ფრთხილ ფრანკონს – საქსონელს, რომელიც ხმლით ერთობა – თიურინგიას – ვესტფალიას – და მოქმედ ბრაბანტინს – ლოტარინგიელს, რომელიც მშვიდობას არ ცნობს – გულფიცხ ბურგუნდიელს – ალპების მკვირცხლ მთიელს – ფრიზს შუბითა და მათრახით – ბოჰემიელს, რომელიც ყოველთვის მზადაა მამაცურად დაიღუპოს – მხეცებზე უმძვინვარეს ბოლონიელს – ავსტრიას – ბირიას – რუვენიას  – ისტრიას – როკუმფიას – ილირიას – ლომბარდიას – ტოსკანას – და ანკონას მარშს – გაბედულ ვენეციელს და პიზელ მეზღვაურს –  და ბოლოს, აგრეთვე, აუცილებლად უნდა ისწავლოთ, რომ ჩვენი მარჯვენა ხელი, რომელზეც ფიქრობთ, რომ სიბერისგან აკანკალებულია, კვლავ როგორ აღმართავს მახვილს მოკრძალებისა და სიხარულის დღეს, რომელიც აღინიშნება ქრისტეს ტრიუმფის მიზეზით.

صورة-لصلاح-الدين-الأيوبي-civfanatics.com_.jpg

  1. სალადინის წერილი ფრიდრიხ I-ს (1187-8)

დიდ მეფეს, მის ნამდვილ მეგობარს, სახელოვან ფრიდრიხს, გერმანიის მეფეს: – უფლის სახელით მოწყალე: ერთი ღვთის მადლით, ძლევამოსილს, საუკეთესოს, მძლეველს, მარადიულს, რომლის სამეფოსაც არ აქვს დასასრული.

მარად ვმადლობდეთ მას, ვინც მადლს ჰფენს სამყაროს: ვილოცოთ წინასწარმეტყველთა შთამაგონებლის მიმართ, განსაკუთრებით ჩვენი მასწავლებლის, მოციქულ მუჰამედისა, რომელიც გამოაგზავნა, რათა ესწავლებინა ჩვენთვის ჭეშმარიტი კანონები და თავად ყველა კანონზე მაღლა დგას. მაგრამ ჩვენ ვაცნობთ მას მართალ და ძლევამოსილ მეფეს, ჩვენს დიდ, გულითად მეგობარს, გერმანიის მეფეს, რომ ჭეშმარიტი კაცი, სახელად ჰაინრიხი, მოვიდა ჩვენთან და თავი შენს დესპანად გაგვაცნო და მოგვიტანა წერილი, როგორც თვითონ თქვა შენს მიერ მოწერილი. ჩვენ მოვისმინეთ მის მიერ წაკითხული წერილი თავისი პირით და რაც ისაუბრა პირით, სიტყვებით გავეცით პასუხი. და ეს არის ჩვენი პასუხი შენს წერილზე: შენ ჩამოთვალე მათი სია, ვინც ჩვენს წინააღმდეგ გამოვა, ასახელებ მათ და ამბობ – ამ მიწისა  და იმ მიწის მეფე – ამ რაოდენობას და იმ რაოდენობას და არქიეპისკოპოსებს, მარკიზებსა და რაინდებს. მაგრამ თუ ჩვენი სურვილი იქნებოდა, აღგვეწერა მათი რიცხვი ვინც ჩვენს სამსახურშია, ემორჩილება ჩვენს მეთაურობას, ასრულებს ჩვენს სიტყვებს და იბრძოლებს ჩვენთვის, ვერცერთი ნაწერი სია ვერ შეამცირებს მათ რაოდენობას. თუ შენ ჩამოთვლი ქრისტიანთა სახელებს, იცოდე, რომ სარაცინები უფრო მეტნი არიან და ბევრად უფრო მეტნი ქრისტიანებზე. თუ ზღვა გვყოფს ჩვენ და შენ კიდევ მათგან ვისაც ქრისტიანებს უწოდებ, იცოდე, რომ სარაცინების, რომელთაც თვლა არ აქვთ, ურთიერთგამყოფი ზღვა არ არსებობს. ჩვენ და მათ შორის, ვინც დასახმარებლად მოვა დაბრკოლება არ არის. ჩვენთან არიან ბედუინები, რომლებიც სრულიად საკმარისნი არიან მტრების წინააღმდეგ გამოსაყვანად; და თურქმანები, რომელთაც დახმარების გარეშე შეუძლიათ გაანადგურონ ისინი: ასევე ჩვენი გლეხები, რომელთათვისაც ბრძანებაც საკმარისი იქნება რათა იბრძოლონ ჩვენი დამპყრობელი ერების წინააღმდეგ და მათი მდიდრები გაძარცვონ და გაანადგურონ. რა! ჩვენ არ გვყავს მეომარი სოლდარიები, რომლებიც მიაღწევდნენ მიწას და გაყრიდნენ ჩვენს მტრებს? ისინი და წარმართი მეფეები არასდროს შენელდებიან ნაბრძანებზე, არც უარყოფენ ჩვენს მოწოდებას. და თუ შენ არმიებს კრებ და უწინამძღვრებ, როგორც შენი მაცნე გვეუბნება, ჩვენც შეგხვდებით ღვთის ძალით. არცერთი არ იქნება კმაყოფილი ზღვის სანაპიროს მიწაზე, მაგრამ ღვთის კეთილი ნებით გადავკვეთთ მას და უფლის ძალით შენი ხელებიდან დავიხსნით. თუ შენ მოხვალ, მოხვალ მთელი შენი ძალებით და ყველა ხალხით წარმოდგენილი და ვიცით, რომ არავინ დარჩება სახლში საკუთარი თავისა და ქვეყნის დასაცავად. და როცა ღვთის ძალით, გავიმარჯვებთ თქვენზე, აღარაფერი დაგვრჩება გარდა შენი მიწების გათავისუფლებისა, მისი მეოხებით და მისი კეთილი ნებით. ქრისტიანთა კავშირს ორი მონეტა ჰქონდა ბაბილონში ჩვენს წინააღმდეგ: ერთხელ დამიეტაში, ხოლო მეორედ ალექსანდრიაში: ეს იყო ასევე იერუსალიმის მიწის სანაპირო, რომელიც იმყოფებდოა ქრისტიანთა ხელში, დამასკოს მიწაზე და სარაცინთა მიწაზე; ყოველ ციხე-სიმაგრეში იჯდა მთავარი, რომელიც იცავდა თავის ინტერესს. შენ იცი როგორ ბრუნდებოდნენ აქ ქრისტიანები ყოველ ჯერზე და რა შედეგით ასრულებდნენ. მაგრამ აი ჩვენი ხალხი კი თავიანთ ქვეყნებთან ერთად იკრიბება და ღმერთი ჩვენთანაა სამეფოთა სიმრავლესთან ერთად და რომელიც გაერთიანებულია შორად და ფართოდ ჩვენი ძალის ქვეშ: ბაბილონი მასზე დამოკიდებული მიწებით, დამასკოს მიწა, იერუსალიმი ზღვის სანაპიროზე, გესირე თავისი ციხე-სიმაგრეებით, და როაზიის მიწა მისი სამფლობელოებით და ინდოეთის მიწა თავისი ქვემდებარე ტერიტორიებით – უფლის მადლით, ყველა ეს ჩვენს ხელთაა, სარაცინ მეფეთა ნარჩენები ჩვენი იმპერიის ნაწილია. თუ გავუძღვებით სახელოვან სარაცინ ხელმწიფეებს, თავიანთ თავებს განზე არ გაწევენ ჩვენგან. თუ დავარწმუნებთ ბაღდადის ხალიფას (ვისაც ღმერთი მფარველობს) დასახმარებლად, ის აუცილებლად აღძრავს თავის სამეფოს, რათა შემოეშველოს ჩვენს უპირატესობას. ჩვენ ღვთის ძალით მივიღეთ, ასევე, იერუსალიმი და მისი ტერიტორია; და სამ ქალაქს, რომელიც ქრისტიანთა ხელშია ამჟამად, ტიროსი, ტრიპოლი და ანტიოქია, აღარაფერი უკლია რომ დავიმორჩილოთ. მაგრამ თუ ომს ისურვებ, და თუ ღვთის წყალობით ქრისტიანთა მთელ მიწას დავიპყრობთ, შემოქმედის ძალით შეგხვდებით, როგორც წერილში ითქვა. მაგრამ თუ გვთხოვ მოწყალე მშვიდობას, შენ უმეთაურებ სამ ზემოთ ჩამოთვლილ ციხეს, როლებსაც ჩვენგან წინააღმდეგობის გარეშე მიიღებ; და აღგიდგენთ წმინდა ჯვარზე მფლობელობას და გავათავისუფლებთ ჩვენს მიწაზე შეპყრობილ ყველა ქრისტიანს; და მშვიდობას დავამყარებთ შენთან და დავეთანხმებით საფლავზე (ქრისტეს საფლავი) ერთი მღვდლის ყოლას და აღვადგენთ სააბატოებს, რომლებიც წარმართობის დროს გამოიყენებოდა (ავტ. შენ. წერილი ნათარგმნია ორიგინალიდან, სარაცინთა ენიდან, სადაც ქრისტიანთა აზრია გადმოცემული ისლამის წარმართობად, პაგანიზმად მოხსენიების სახით), და ყოველივე კარგს გავაკეთებთ მათთვის, და ნებას დავრთავთ პილიგრიმებს მოსვლისა ჩვენი ცხოვრების მანძილზე, და ვიქნებით მშვიდობიანად შენთან. მაგრამ წერილი, რომელიც მოვიდა ჩვენთან ჰაინრიხის ხელით, თუ მართლაც მეფის დაწერილია, პასუხად ვწერთ ამ ყოველივეს და ღმერთმა განგვსაჯოს სურვილისამებრ. ეს წერილი დაწერილ იქნა მაჰომეტ (მუჰამედ) წინასწარმეტყველის მოსვლიდან 584 წელს, ერთადერთი ღმერთის მადლით. და ღმერთმა დაიცვას მოციქული მუჰამედი და მისი მოდგმა, და იხსნას სახელოვანი ხელმწიფე, გამარჯვებული მეფე; ერთიანობის მომტანი; ჭეშმარიტი სიტყვა; სიმართლით მორთული; სამყაროსა და კანონის გამსწორებელი; სარაცინთა და წარმართთა სულთანი; ორი წმინდა სახლისა და იერუსალიმის სახლის მსახური; გამარჯვებულთა მამა; იოსები იობის ვაჟი; მურმურენუსის შთამომავლობის აღმდგენი.     

 barbarossa (2).jpg

[თარგმანში შევა მხოლოდ წერილები და არა საკუთრივ ჯვაროსნული ლაშქრობების აღწერა, გარდა ისტორიული ასპექტების მოყვანის აუცილებელი შემთხვევებისა; წერილები ქრონოლოგიური პრინციპით არ იქნება დალაგებული. პირველ ეტაპზე გთავაზობთ საღვთო რომის იმპერატორ ფრიდრიხ I-თან დაკავშირებულ ეპისტოლარულ ციკლს…]

ჯვაროსანთა ეპოქა ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი პერიოდია მსოფლიო ისტორიაში. ამ დროის მრავალმა გმირულმა ფიგურამ დაამახსოვრა კაცობრიობას თავი. იყო მტრობისა და მეგობრობის, ზიზღისა და პატივისცემის აურაცხელი მაგალითი. საუკუნეების შემდეგ ისტორიოგრაფიამ ეს ფაქტები მრავალგვარად შეაფასა. ზოგისთვის ეს იყო შიშველი ფანატიზმი და უაზრო მსხვერპლი, ზოგისთვის კარგი გამოსავალი თანადროული ეპოქის სირთულეებიდან გამომდინარე, ზოგიც თვლის, რომ ეს სამართლიანი პასუხი იყო მრავალი ასწლეულის მანძილზე დაგროვილი უარყოფითი გამოცდილებისა აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის მიმდინარე ბრძოლის. ჩემი აზრი ამ უკანასკნელისკენ უფრო იხრება, მაგრამ შემდგომ განვითარებული მოვლენები (კონსტანტინოპოლის აღება და სხვა…) გარკვეულწილად სხვა პოზიციებსაც ამართლებს. რამდენიმე თვის წინ, როცა გადავწყვიტე შემექმნა ბლოგი წინასწარვე ვიცოდი, რომ ის არ იქნებოდა ისეთი პოპულარული, როგორიც სხვა საზოგადოებისთვის ბევრად საინტერესო თემატიკის ვებ-გვერდი, მაგრამ ჩემი აზრის დაფიქსირებისა და საყვარელი საქმის კეთების საუკეთესო საშუალებად მაინც ეს ადგილი მივიჩნიე. მოგეხსენებათ, ქართული ინტერნეტ-სივრცე არ გამოირჩევა მრავალფეროვნებით, ამიტომ უპირატესობა თარგმნას და ენის ცოდნის გაუმჯობესებას მივანიჭე. არადა, ლინგვისტიკისკენ მიდრეკილება არასდროს მქონია, მაგრამ თანამედროვე ქართული რეალობა, სამწუხაროდ, ამას არ გვპატიობს. აქედან გამომდინარე, ცუდი, საშუალო თუ კარგი თარგმანით მინდა ბლოგს დავუთმო თავისუფალი დრო. ორკვირიანი აქტიურობა, ბუნებრივია, ძველებურად ვეღარ გაგრძელდება, მაგრამ შევეცდები ,,ინტრიგა“ არ მოვაკლო და მუდამ ისტორიის განსხვავებული ან საკუთარი ინტერპრეტაციაც შემოგთავაზოთ ავტორის ხედვასთან ერთად. თუ რაიმე მაღიზიანებს, ფაქტების დამახინჯებაა (თუნდაც ამას სკოლაში ან უნივერსიტეტში გვასწავლიდნენ) და მინდა, რომ ჩემი უმცირესი წვლილი შევიტანო მის გასწორებაში. მოხარული და მადლობელი ვიქნები თუ ვინმე გაეცნობა ჩემს ბლოგს, სხვა მხრივ კი ვეცდები არ ,,მოვკლა“ საიტი და მუდამ შემოგთავაზოთ რეალურად განსხვავებული, ახალი ან არაპოპულარული აზრი. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით კი მინდა გითხრათ, რომ შემთხვევით ნაპოვნმა ელექტრონულმა ვერსიამ გადამაწყვეტინა მეთარგმნა ის კონკრეტული ეპოქით დაინტერესებული პირებისთვის. მინდა იცოდეთ, რომ მეც თქვენთან ერთად ვსწავლობ. განათლების მიღების პროცესი ხომ ამოუწურავია. ყველას გისურვებთ წარმატებებს…

დავით მაზმიშვილი

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s