ჯვაროსანთა წერილები (ნაწილი II)

21.jpg

  1. ანსელმ რიბმონელი მანასეს II-ს, რეიმსის ეპისკოპოსს, ანტიოქიის ალყამდე, 10 თებერვალი, 1098 (პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის პერიოდი)

მის პატივსაცემ ბატონს მანასესი, ღვთის წყალობით რეიმსის ეპისკოპოსი, ანსელმ რიბმონელს, მისი ვასალი და თავმდაბალი მსახური – მოკითხვით.

იმის გამო, რომ შენ ხარ ჩვენი ბატონი და საფრანგეთის სამეფო თქვენს მზრუნველობაზეა დამოკიდებული, გვინდა მოგითხროთ, როგორც ჩვენს მამას, მოვლენებისა და ჯარის მდგომარეობის შესახებ. პირველ რიგში, ვიცით, რომ შეგირდი ოსტატზე მაღლა არ დგას, არც მსახური ბატონზე მაღლა, ამიტომ გირჩევთ და გთხოვთ უფალ იესოს სახელით განსაჯოთ რაც ხართ და რა არის მღვდლისა და ეპისკოპოსის მოვალეობა. მოგიწოდებთ, რომ იზრუნოთ ჩვენს მიწაზე, რისთვისაც ბატონებმა მშვიდობა უნდა დაიცვან ერთმანეთს შორის, ქვეშევრდომებმა უნდა იმუშაონ უსაფრთხოდ თავიანთ საკუთრებაზე, ხოლო ქრისტეს წარმომადგენლები უნდა ემსახურონ ღმერთს, წყნარი და მშვიდი ცხოვრებისთვის. მე ასევე გლოცავთ თქვენ და რეიმსის ღვთისმშობლის ეკლესიის წესებს, ჩემი მამებისას და ბატონებისას, რათა ყურადღება გამოიჩინონ ჩვენთვის და არა მხოლოდ ჩემთვის და მათთვის, ვინც ღვთის სამსახურში შრომობს, არამედ ჯარისკაცებისთვის, რომლებიც ბრძოლის ველზე დაეცნენ ან დაიღუპნენ მშვიდობიანობაში.

მოდით გამოვტოვოთ ეს ყველაფერი და მივუბრუნდეთ იმას, რასაც დაგპირდით. მას შემდეგ, რაც არმიამ ნიკომედიას მიაღწია, რომელიც თურქთა მიწაზე შესასვლელთან მდებარეობს, ჩვენ ყველანი, ბატონები და ვასალები, წმინდად ვაღიარებთ, რომ გავაძლიერეთ ჩვენი თავი ღვთის სისხლისა და ხორცის ზიარებით და აქედან მოყოლებული ალყა შემოვარტყით ნიკეას ნონის (რომაული კალენდრის ნონები – თვის მეხუთე ან მეშვიდე დღე. ნახევარმთვარის პირველი დღე),  მაისის მეორე დღეს. მას მერე, რაც რამდენიმე დღე იყო გასული ქალაქის ალყის შემორტყმისა უამრავი მანქანითა და საბრძოლო მოწყობილობით, თურქებმა, როგორც მანამდე არაერთხელ, მწარედ მოგვატყუეს. იმ დღეს, როცა ისინი დანებებას შეგვპირდნენ, სოლიმანი (სულეიმანი?) და ყველა თურქი, შეკრებილი სამეზობლოდან და შორეული რეგიონებიდან, უეცრად თავს დაგვესხა და წარუმატებლად სცადა ჩვენი ბანაკის ხელში ჩაგდება. თუმცა სენ-გილის გრაფმა და გადარჩენილმა ფრანკებმა დაარტყეს მათ და აურაცხელი მათგანი დახოცეს. ყველა დანარჩენი დაბნეულობისგან მიმოიფანტა. გარდა ამისა, ჩვენებმა, გამარჯვებისკენ შემობრუნებითა და ბევრი შუბებზე წამოგებული თავით, ღვთის ხალხისთვის სასიამოვნო დადგმა მოამზადეს. ეს იყო მე-17 დღე ივნისის კალენდებამდე (კალენდები – თვის პირველი რიცხვი, (Kalendae ან Calendae) თავდაპირველად ეს ახალი მთვარის პირველი დღე იყო, რომლის შესახებაც დიდი პონტიფიკუსი ატყობინებდა ხალხს).

გარდა ამისა, დღისითა და ღამით მუდმივ თავდასხმებსა და ალყაში, ისინი უხალისოდ დანებდნენ მე-13 დღეს ივლისის კალენდებამდე. სანამ ქრისტიანები შევიდოდნენ მის კედლებში თავიანთი ჯვრებითა და იმპერიული შტანდარტებით, ქალაქი ღმერთს შეურიგეს და მის შიგნითა და კარიბჭის გარეთ, ბერძნულად და ლათინურად იძახდნენ ,,დიდება შენ, ო ღმერთო“. ამ მოვლენის სრულყოფისათვის, არმიის მეთაური მთავრები შეხვდნენ იმპერატორს, რომელიც მათთან მადლობის გადასახდელად მოვიდა და მისგან მიიღეს ფასდაუდებელი საჩუქრები, ზოგიერთი კეთილი სურვილებით გამოღებული, სხვები განსხვავებული ემოციებით.

ნიკეის ბანაკიდან გავემართეთ ივლისამდე ოთხი დღით ადრე და სამი დღე ვმოგზაურობდით. მეოთხე დღეს, თურქებმა ყველა კუთხიდან მოუყარეს თავი ძალებს და კვლავ დაარტყეს ჩვენი არმიის მცირე ქვედანაყოფს. მრავალი მათგანი დახოცეს და გაყარეს ისევ თავიანთი ბანაკებისკენ. ბოემუნდი, რომაელთა გრაფი, გრაფი სტივენი და ფლანდრიის გრაფი ხელმძღვანელობდნენ ამ განყოფილებას. როდესაც ისინი შიშისგან ძრწოდნენ, უეცრად დიდი არმიის შტანდარტები გამოჩნდა. ჰიუ დიდი და ლორენის გრაფი მოუძღოდნენ მათ წინ, ხოლო უკან მოჰყვებოდნენ სენ-გილის გრაფი და პიუს საპატიო ეპისკოპოსი. მათ გაეგოთ ბრძოლის შესახებ და ჩქარობდნენ ჩვენს დასახმარებლად მოსვლას. თურქთა რიცხვი, დაახლოებით, 260 000-ს შეადგენდა. მთელი არმიით ეკვეთნენ მათ ჩვენები. ბევრი დახოცეს, უფრო მეტი კი გააქციეს. ამავე დღეს, მე იმპერატორისგან დავბრუნდი, რომელთანაც მთავრებმა პირადი საქმისთვის გამაგზავნეს.

ამის შემდეგ ხელმწიფეები დარჩნენ ერთად და ერთმანეთს აღარ დაცილებიან. მაშასადამე, რუმინეთისა და სომხეთის ქვეყნების გადაკვეთისას, ჩვენ დაბრკოლება არ შეგვხვედრია, გარდა იკონიის გზისა. ჩვენ, არმიის მოწინავე ნაწილებთან ერთად, მცირე რაოდენობის თურქი შევნიშნეთ. მათი შემუსვრის შემდეგ, ნოემბრის კალენდების მე-12 დღეს, ანტიოქიას შემოვარტყით ალყა. ამჯერად ჩვენ ძალით დავიკავეთ მისი მეზობელი მიწები, ქალაქები ტარსუსი და ლაოდიკეა და სხვა მრავალი. ერთ დღეს, სანამ თავად ანტიოქიას შემოვარტყამდით ალყას, ,,რკინის ხიდთან“ გავანადგურეთ თურქები, რომელთაც დაიწყეს ქალაქის შემოგარენის განადგურება და გავათავისუფლეთ მრავალი ქრისტიანი. გარდა ამისა, ცხენებითა და აქლემებით დავბრუნდით აურაცხელი ნადავლით.

ალყის დროს, თურქები უახლოესი სანგრიდან ყოველდღიურად ხოცავდნენ შემსვლელ და გამომსვლელ ჯარისკაცებს ძირითადი ნაწილიდან. მთავრებმა ეს გაიგეს, 400 ჩასაფრებული თურქი მოკლეს, ხოლო დანარჩენებს ერთ-ერთი მდინარისკენ დაახევინეს და ბევრიც დაატყვევეს. დარწმუნებული იყავით, რომ ანტიოქიისთვის დიდი გულმოდგინებით გვაქვს ალყა შემორტყმული და იმედი გვაქვს, მალე ავიღებთ მას. ქალაქი მარაგდება წარმოუდგენელი რაოდენობის ხორბლეულით, ღვინით, ზეთითა და ყველა სახეობის საკვებით.

მე გთხოვთ, გარდა ამისა, თქვენ და ყველას ვისთანაც ეს წერილი მიაღწევს, ილოცოთ ჩვენთვის და ჩვენი თანამგზავრი ძმებისთვის. ბრძოლაში დაეცნენ: ნიკეასთან, ბალდუინ გენტელი, ბალდუინ გალდერუნსი, რომელიც პირველი ეკვეთა თურქებს და დაეცა ბრძოლაში ივლისის კალენდებზე, რობერტ პარიზელი, ლიზიარდ ფლანდრიელი, ჰილდუინ მანსგარბიოელი [მაქსინგარბიელი], ანსელუს კაიუმელი [ანსო კანელი], მანასეს გარომონტელი [კლერმონელი], ლაუდუნენზისი.

ისინი ვინც ავადმყოფობისგან გარდაიცვალნენ: ნიკეასთან, გაი ვიტრეიოელი, ოდო ვერნოიოელი [ვერნე უილი?], ჰიუ რეიმსელი; სპარნიუმის ციხე-სიმაგრესთან, პატივცემული აბატი როჯერი, ჩემი კაპელანი; ანტიოქიასთან, ალარდ სპინიცოელი, ჰიუ გალნაჩოელი.

ისევ და ისევ გევედრებით, ამ წერილის მკითხველთ, ილოცოთ ჩვენთვის, და თქვენ ჩემო ბატონო არქიეპისკოპოსო, ამის გაკეთება სთხოვოთ თქვენს ეპისკოპოსებსაც. დარწმუნებული იყავით, რომ ჩვენ შევიპყარით 200 ქალაქის ბატონი და ციხე-სიმაგრე. შესაძლოა ჩვენი დედა დასავლეთის ეკლესია, ხარობს, რომ დაბადა ისეთი ხალხი, რომელიც დიდებას მოუპოვებს მას და რომელიც გასაოცრად ეხმარება აღმოსავლეთის ეკლესიას. და იმისათვის, რომ ამის გჯეროდეთ, თქვენ ჩვენ გამოგვიგზავნეთ გობელენი რაიმონდ ,,დე კასტელოს“ ხელით.

მშვიდობით

18.jpg

  1. სტეფანე, ბლუასა და შარტრის გრაფი, თავის ცოლს, ადელს, ანტიოქიის ალყამდე, 29 მარტი, 1098

გრაფი სტეფანე ადელს, მის უტკბილეს და უგულითადეს მეუღლეს, მის ძვირფას შვილებს და ყველა რანგის ვასალს – მისი მოკითხვა და დალოცვა.

დარწმუნებული იყავი, უძვირფასესო, რომ მაცნემ, რომელიც გამოვაგზავნე რათა სიამოვნება მოენიჭებინა შენთვის, ანტიოქიაში უსაფრთხო და უვნებელი დამტოვა, ხოლო ღვთის წყალობით, უდიდეს ნეტარებაში. ამავე დროს, ქრისტეს რჩეულ არმიასთან ერთად, მისი ნებით სიმამაცით დაჯილდოებულებთან, 23 კვირა გავატარეთ გზად უფალ იესოს სახლისაკენ. მინდა იცოდე დანამდვილებით, ჩემო საყვარელო, რომ ოქრო, ვერცხლი და ბევრი სხვა სიმდიდრე ახლა ორჯერ მეტი მაქვს, როგორც შენი სიყვარული, ვიდრე წამოსვლამდე მქონდა, როცა შენზე დავინიშნე. ყველა ჩვენი მთავრისა და სრულიად არმიის საერთო თანხმობით, ჩემი სურვილების საწინააღმდეგოდ, ამ დროისათვის დამნიშნეს მეთაურად, წინამძღოლად და ლიდერად მთელი ექსპედიციისა.

ჭეშმარიტად გაიგონებდი, რომ ნიკეას აღების შემდეგ ჩვენ ბრძოლა გვქონდა თურქებთან, რომლებთანაც უფლის შემწეობით გავიმარჯვეთ. შემდეგ ჩვენ მთელი რუმინეთი (მთ.შ. Romania – შესაძლოა, ნიშნავდეს ანატოლიის ბიზანტიურ ტერიტორიებს) დავიპყარით. ჩვენ შევიტყვეთ თურქთა პრინცის, ასამის შესახებ, რომელიც კაპადოკიაში ცხოვრობდა და კურსი იქითკენ ავიღეთ. ძალით დავიპყარით მისი ყველა ციხე-სიმაგრე და ვაიძულეთ გაქცეულიყო და შეფარებოდა მაღალ კლდეზე არსებულ სიმაგრეს. ასამის სამფლობელო ერთ-ერთ ჩვენიან მეთაურს გადავეცით და წესით მას უნდა შეეპყრო, როგორც ზემოთ მოვიხსენიე, ასამი და მასთან დავტოვეთ ქრისტეს მრავალი მეომარი. ამიერიდან მივყვებოდით ბოროტ თურქებს და გავაქციეთ ისინი შუაგულ სომხეთისკენ, ევფრატისგან მოშორებით. მათ თავიანთი ბარგი და პირუტყვი დატოვეს, მდინარეზე გადავიდნენ და არაბეთისკენ აიღეს გეზი. გულადი თურქი მეომრები სირიაში შევიდნენ, დღედაღამ მიიწევდნენ წინ, იმისათვის, რომ შესაძლებელი ყოფილიყო ანტიოქიაში შესვლა ჩვენს გამოჩენამდე. მთელი არმია მადლობდა ღმერთს და ლოცულობდა მის წინაშე. ანტიოქიისკენ დიდი სიხარულით მიმართული ჯარი ჩქარობდა. ჩვენ ალყა შემოვარტყით მას და იქ ხშირად გვქონდა დაპირისპირება თურქებთან; შვიდჯერ ანტიოქიის მოქალაქეებთან ერთად და აურაცხელი რაოდენობის არმია მოვიდა მათ დასახმარებლად, ვისთან შესახვედრადაც ვჩქარობდით, ხოლო ჩვენ ვიბრძოდით მძვინვარე სიმამაცით, ქრისტეს მეთაურობის ქვეშ. და შვიდივე ბრძოლაში, უფლის შემწეობით, ჩვენ დავიპყარით და რა თქმა უნდა, დავხოცეთ უამრავი მათგანი მათივე ურდოსი. ამ ბრძოლებში და ქალაქთან მრავალ დაპირისპირებაში, ბევრი ჩვენი თანამოძმე და მიმდევარი დაიღუპა, ხოლო მათი სულები გადასახლდნენ სიხარულის სამოთხეში.

აღმოვაჩინეთ ძალიან ფართო ქალაქი, ძლიერად გამაგრებული და თითქმის მიუვალი. საბოლოოდ, 5 000 მამაცი თურქი ქალაქში შევიდა, სადაც უთვალავი მოდგმა სახლობდა სარაცინების, არაბების, ტულიტანების, სირიელების, სომხებისა და სხვების. ამ ღვთის მტრების წინააღმდეგ ბრძოლაში და ჩვენი სურვილით, ღვთის წყალობით, ბევრ ტანჯვასა და აურაცხელ ბოროტებას გავუძელით. ამ ძალზე წმინდა გზაზე ბევრს მთელი თავისი რესურსები ამოეწურა. მრავალი ჩვენიანი ფრანკი, ნამდვილად უეცარ სიკვდილს შეხვდა შიმშილისაგან, თუ ღვთის მოწყალება და ჩვენი ფული არ დაეხმარა მათ. ანტიოქიასთან, მთელი ზამთრის მანძილზე ვიტანჯეთ მეტისმეტი სიცივისა და დიდძალი წვიმის ნაკადებისგან. რასაც ზოგიერთნი ამბობენ იმასთან დაკავშირებით, რომ სირიაში შეუძლებელია ასეთი სიცხის არსებობა ცრუობენ, ხოლო ზამთარი ჰგავს ჩვენს, დასავლურ ზამთარს.

როცა ნამდვილმა კასპიელმა [ბაგი სეიან], ანტიოქიის ამირამ – რომელიც გახლავთ ბატონი და ხელმწიფე – გაანალიზა, რომ ძალზე ვავიწროებდით, გააგზავნა თავისი შვილი სახელად სენსოდოლო [ქემს ედაულა], იერუსალიმის მთავართან და ასევე კალეპის პრინცთან, როდოამთან [როდოანუს], და დოკაპთან [დეკაკუს იბა ტუტუში], დამასკოს პრინცთან. მან ის ასევე გააგზავნა არაბეთში ბოლიანუთთან და კარატანიაში ჰამელნუტთან. ეს ხუთი ამირა 12 000 რჩეულ თურქ ცხენოსანთან ერთად უეცრად გამოჩნდა ანტიოქიის მცხოვრებთა დასახმარებლად. ჩვენ, ნამდვილად, არ ვიცოდით ამის შესახებ, და გაგებისთანავე გავაგზავნეთ ქალაქისა და ციხე-სიმაგრეებისკენ. ჩვენს ხელთაა სირიის 165 ციხე-სიმაგრე და ქალაქი. თუმცა სანამ ისინი ქალაქს მიაღწევდნენ, ჩვენ დავარტყით სამ ლიეზე (13,5 კმ; 1 ლიე = 4,5 კმ-ს) 700 ჯარისკაცით, ,,რკინის ხიდთან“. თუმცა ღმერთი ჩვენს მხარეს იბრძოდა, თავისი ერთგულებით, მათ წინააღმდეგ. ამიტომ ვიბრძოდით უფლის მიერ მონიჭებული ძალით და დავიპყარით და შევმუსრეთ აურაცხელი მათგანი – ღმერთი აგრძელებდა ჩვენთვის ბრძოლას – და ჩვენ ასევე უკან გავგზავნეთ კიდევ მათი 200 ხელმძღვანელი, იმისათვის, რომ ხალხს გაეხარა ამ ანგარიშით. ბაბილონის იმპერატორმაც გამოგზავნა სარაცინი მაცნეები ჩვენს არმიაში წერილებით და ასე დაამყარა მშვიდობა და თანხმობა ჩვენთან.

მე სიყვარულით მოგითხრობ, უძვირფასესო, თუ რა მოხდა ჩვენს თავს დიდმარხვას. ჩვენი მთავრების გადაწყვეტილებით, დაიწყეს აგება სიმაგრისა კარიბჭით, რომელიც მდებარეობდა ბანაკსა და ზღვას შორის. თურქები ყოველდღიურად გამოდიოდნენ კარიბჭიდან, ხოცავდნენ ჩვენს ხალხს, რომლებიც ზღვისკენ მიემართებოდნენ. ქალაქი ანტიოქია ხუთ ლიეზეა ზღვიდან. ამ მიზეზის გამო, მათ გააგზავნეს ჩინებული ბოემუნდი და რაიმონდი, სენ-გილის გრაფი, ზღვაზე 60 მხედართან ერთად, იმის გამო, რომ მოეყვანათ მეზღვაურები ამ საქმისათვის. როცა ისინი მათთან ერთად დაბრუნდნენ, თურქებმა შეკრიბეს არმია, უეცრად დაესხნენ ჩვენს ორ ლიდერს თავს და საშიშროებისგან უკან დახევა აიძულეს. მოულოდნელი თავდასხმით ჩვენ დავკარგეთ ჩვენი ფეხოსანი არმიის 500 ჯარისკაცზე მეტი – დიდება უფალს. ჩვენ მხოლოდ ორი ცხენოსანი დავკარგეთ.

იმავე დღეს მოვემზადეთ ჩვენს თანამოძმეთა მისაღებად და ისე რომ არ ვიცოდით მათი უიღბლობის შესახებ, გამოვედით მათ შესახვედრად. როცა ზემოაღნიშნულ კარიბჭეს მივადექით, მხედართა და ქვეითთა დაჯგუფება ანტიოქიიდან გამოვიდა გამარჯვების წადილით გამხნევებული და სასწრაფოდ გამოემართა ჩვენკენ. ამის მნახველი ჩვენი მეთაურები ქრისტიანთა ბანაკისკენ წავიდნენ, სადაც ბრძანება გასცეს ჩვენს მხარდამხარ ბრძოლისთვის მოსამზადებლად. ამასობაში ჩვენი ხალხი შეერთდა და გაფანტული ხელმძღვანელები, ბოემუნდი და რაიმონდი, თავიანთი არმიის ნარჩენებთან ერთად მოვიდნენ და მოგვითხრეს საკუთარი წარუმატებლობების შესახებ.

ჩვენი ხალხი, ამ ამბებით გაცოფებული, ქრისტესთვის სიკვდილისთვის მოემზადა და მოძმეთათვის ზიანის მიყენების გამო, ბილწ თურქებზე სალაშქროდ. ისინი, ჩვენი და ღვთის მტრები, სწრაფად გამოჩნდნენ და უხეიროდ სცადეს ქალაქში შესვლა. მაგრამ, ღვთის მადლით, საქმე საპირისპიროდ შემობრუნდა: როცა ისინი ცდილობდნენ მდინარე მოსკოლუმზე აგებული ხიდის გადაკვეთას, რაც შეიძლება ახლოს მივყვებოდით მათ. სანამ ხიდს მიაღწევდნენ მრავალი დავხოცეთ, ნაწილი მდინარისკენ გავრეკეთ, რომელთაგანაც ბევრი დაიღუპა, ხიდზეც და კარიბჭის ვიწრო შესასვლელშიც მრავალი მოვკალით. სიმართლეს გეუბნები, ჩემო საყვარელო, და შენ ღრმად უნდა იყო დარწმუნებული, რომ 30 ამირა დავხოცეთ, რომლებიც არიან მთავრები და 300 სხვა თურქი წარჩინებული, რომელთა შორისაც არ ვთვლით თავად თურქებსა და წარმართებს. ჭეშმარიტად, თურქთა და სარაცინთა დაღუპულთა რაოდენობა შეადგენდა 1 230-ს, თუმცა ჩვენ ერთიც არ დაგვიკარგავს.

აღდგომა დღეს ჩემი კაპელანი, ალექსანდრე წერდა ამ წერილს დიდი აჩქარებით, როცა ჩვენები თურქებს ელოდნენ. მათ წარმატებით იბრძოლეს და დახოცეს 60 მხედარი, რომელთა თავებიც არმიაში მოიტანეს.

რაც მოგწერე, მხოლოდ მცირედია, უძვირფასესო, იმისა თუ რაც გავაკეთეთ და რადგან მე არ შემიძლია მოგითხრო, რას ვფიქრობ, მაქვს უფლება, ფრთხილად ვუყურო შენს მიწას, შევასრულო შენი მოვალეობა, როგორც დაავალე შვილებსა და ვასალებს. როგორ სწრაფადაც მოხერხდება ისე მნახავ.

მშვიდობით.

17.jpg

  1. დაიმბერტი, გოდფრუა და რაიმონდი, პაპს, ლაოდიკეა, სექტემბერი, 1099

ბატონ პასქალს, რომის ეკლესიის პაპს, მთელ საქრისტიანოსა და ყველა ეპისკოპოსს, პიზის არქიეპისკოპოსისგან, ჰერცოგი გოდფრუა, ახლა, უფლის მადლით, აღდგომის ეკლესიის მცველი, რაიმონდი, სენ-გილის გრაფი, და სრულიად ღვთის არმია, რომელიც იმყოფება ისრაელის მიწაზე, მოკითხვით.

გაამრავლეთ თქვენი თხოვნები და ლოცვები უფლის თვალში სიხარულითა და მადლიერებით, ძველი დროიდან რაც ღმერთმა თავისი მოწყალება გამოგვიცხადა. ნიკეას დაკავების შემდეგ, მთელი არმია, რომელიც შედგებოდა 300 000-ზე მეტი მეომრისგან, იქიდან წამოვიდა. და, თუმცა ეს ჯარი იმდენად დიდი იყო, რომ შეეძლო მთელი რომანია (?) დაეფარა, შეესვა ყველა მდინარე და ეჭამა რაც კი ხარობს მიწაზე, ღმერთი მიუძღოდა მათ სიმრავლეს, ხოლო ვერძი პენად იყიდებოდა, ხარი კი 12 პენად ან ნაკლებად. უფრო მეტიც, თუმცა სარაცინთა მთავრები და მეფეები აღდგნენ ჩვენს წინააღმდეგ, ჯერ კიდევ, უზენაესის ნებით, ისინი ადვილად დავამარცხეთ და გავაქციეთ. მაგრამ, ნამდვილად, რადგან ზოგიერთი ტრაბახობდა თავისი წარმატებებით, ღმერთი დადგა ჩვენს წინააღმდეგ ანტიოქიასთან, ადამიანთა ძალისათვის მიუდგომელ ქალაქთან. და აქ მან დაგვაკავა ცხრა თვის განმავლობაში და ისე დაგვამდაბლა ალყის დროს, რომ 100 კარგი ცხენი ძლივსღა გააჩნდა მთელ არმიას. ღმერთმა გაგვიხსნა თავისი მოწყალებისა და დალოცვის სიმრავლე და შეგვიშვა ქალაქში და თურქები და მთელი მათი სამფლობელოები ჩვენს ძალაუფლებას დაუქვემდებარა.

რამდენადაც ვიფიქრეთ, რომ ამას მივაღწიეთ ჩვენი ძალითა და  არა უფლის შემწეობის დახმარებით, რომელმაც გააკეთა ეს ყოველივე, გარს შემოგვერტყა თურქთა დიდი რაოდენობა, რის გამოც ქალაქის ვერცერთი კუთხიდან ვერ ვუახლოვდებოდით მათ. უფრო მეტიც, შიმშილმა ზოგიერთი ჩვენგანი ისე დაასუსტა, რომ თავს ძლივს იკავებდა ადამიანთა ხორცის შეჭმისაგან. მოსაბეზრებელი იქნება იმის აღწერა, თუ რა უბედურებები გადაგვხდა თავს ქალაქში. მაგრამ ღმერთმა გადმოხედა თავის ხალხს, რომელიც დიდხანს დასაჯა და თავისი წყალობით ანუგეშა. მაშასადამე, მან ეს პირველად გამოგვიცხადა ჩვენ, როგორც მწუხარების ანაზღაურება და გამარჯვების დაპირება, თავისი შუბი, რომლითაც ეწამა მოციქულთა დღეებში. შემდგომ, მან ისე გაამაგრა კაცთა გულები, რომ ვისაც ავადმყოფობითა თუ შიმშილით ვერ შეეძლო ფეხით სიარული, ახლა დაჯილდოებულებმა ძალით, აიღეს იარაღი ხელში და ვაჟკაცურად იბრძოდნენ მტრის წინააღმდეგ.

როცა გამარჯვებას ვზეიმობდით მტრის წინააღმდეგ, არმია ნადგურდებოდა დაავადებისა და უძლურებისგან და ასევე ხელს გვიშლიდა უთანხმოება ლიდერებს შორის. სირიაში გავანადგურეთ ბარა და მარა, სარაცინთა ქალაქები და დავიკავეთ ციხე-სიმაგრეები ამ ქვეყანაში. და როცა ჩვენ შევფერხდით აქ, იმდენად დიდი შიმშილობა მძვინვარებდა ქრისტიან ხალხში, რომ ჭამდნენ სარაცინთა უვარგის ხორცს. საბოლოოდ, ღვთიური სიფრთხილით, ჩვენ შევედით შუაგულ ესპანეთში (Hispania-აღნიშნავს მდინარე ორონტის (სირია) მარჯვენა სანაპიროზე არსებულ რეგიონს) და ყოვლადძლიერი მამის გულუხვი, მოწყალე და გამმარჯვებელი ხელი იყო ჩვენთან. გზად შემხვედრი ქვეყნის ქალაქები და სიმაგრეები ელჩებს აგზავნიდნენ ჩვენთან დიდძალი საჩუქრებით, დახმარებას გვთავაზობდნენ და მათივე გამაგრებული კედლების დანებებას. თუმცა, რადგანაც ჩვენი არმია არ იყო დიდი და ერთსულოვნად ჩქარობდა იერუსალიმისკენ, მივიღეთ მათი დაპირებები და ხარკი. ერთ ქალაქს, ჭეშმარიტად, რომელიც მდებარეობდა ზღვის სანაპიროზე, უფრო მეტი მცხოვრები ჰყავდა ვიდრე ჩვენ ჯარისკაცი მთელ არმიაში. და როცა მათ გაიგეს ანტიოქიაში, ლაოდიკეასა და არკასში, რომ ღვთის ხელი ჩვენთან იყო, მრავალი გადარჩენილი მათგანი, წამოგვყვა ტვიროსისკენ. მაშასადამე, უფლის კომპანიონობითა და დახმარებით, გზას გავუყევით იერუსალიმისკენ.

და მას შემდეგ რაც არმია იტანჯა დიდი ალყისას, უმთავრესად წყლის ნაკლებობის გამო, ჩატარდა კრება, რომელზეც ეპისკოპოსებმა და მთავრებმა ბრძანეს, რომ ყველას შიშველი ფეხებით შემოევლო ქალაქის კედლების გარშემო, იმისათვის, რომ ვინც თავმდაბლად შევიდოდა მასში ჩვენთვისაც მორჩილად გაეხსნა იგი, რათა მათ მტრებზე გამოეცადა განკითხვა. ღმერთმა თავისი სიმშვიდით დააწყნარა მდგომარეობა და შეურაცხყოფიდან მერვე დღეს, მან ჩაგვაბარა ქალაქი და მისივე მტრები. ეს ის დღე იყო, როცა ბიძგი მიეცა ეკლესიას და რომელზეც აღინიშნება მოციქულთა გაფანტვის (საქადაგებლად) დღესასწაული. და თუ თქვენ დიდი სურვილი გაქვთ იცოდეთ რა დაემართა მტერს, რომელიც აქ ვიპოვეთ, მინდა გაუწყოთ, რომ სოლომონის კარიბჭესთან და მის ტაძარში ჩვენი ხალხი სარაცინთა სისხლში შევიდა, რომელიც ცხენთა მუხლებს წვდებოდა.

ამდენად, ჩვენ გვევალება ვფლობდეთ ქალაქს, ხოლო ზოგიერთს სურდა საკუთარი ნათესავებისა და ქვეყნის სიყვარულით სახლში დაბრუნება, მაგრამ ამ დროს გამოგვიცხადეს, რომ ბაბილონის მეფე მოვიდა ასკელონთან ჯარისკაცთა აურაცხელი რაოდენობით. მისი მიზანი, როგორც თავად აცხადებდა, ფრანკთა წინამძღოლობა იყო, რომლებიც იერუსალიმში, ტყვეობაში იმყოფებოდნენ, ასევე ანტიოქიის შტურმით აღება. თუმცა უფალმა სხვაგვარად გადაწყვიტა ჩვენი საქმე. მაშასადამე, შევიტყვეთ, რომ ბაბილონელთა არმია იარაღში ისხდა, ხოლო თუ შემდგომში ასე გადაწყვეტდნენ ჩვენთვის დაერტყათ, მათ არ გააჩნდათ საკუთარი იარაღის რწმენა. კითხვაც არ უნდა თუ რამდენად დიდი იყო ნადავლი, რაც ბაბილონის მეფის საგანძური ჩავიგდეთ ხელთ. 100 000-ზე მეტი მავრი დაიღუპა მახვილით. უფრო მეტიც, მათი პანიკა იმდენად დიდი იყო, რომ 2 000 გაიგუდა ქალაქის კარიბჭესთან. ზღვაში დახოცილთა რიცხვიც აურაცხელი იყო. ბევრი გადახლართული იყო ბარდებში. მთელი სამყარო ჩვენთვის იბრძოდა, და თუ მრავალი ჩვენგანი დაკავებული იყო ბანაკის ძარცვით, მტრის მხოლოდ მცირე რაოდენობა გადაურჩა განადგურებას.

და ეს ყოველივე მოსაწყენი იქნებოდა, თუ გამოვტოვებდით შემდეგს: ბრძოლის წინა დღეს ჩვენმა არმიამ შეიპყრო ათასობით აქლემი, ხარი და ცხვარი. მთავართა ბრძანებით ისინი ხალხს შორის დანაწილდა. ბრძოლის მოახლოებისას, აღსაწერად ბრწყინვალეა, რომ აქლემები დივიზიებად დაიყვნენ და იგივე გააკეთეს ცხვრებმა და ხარებმაც. უფრო მეტიც, ეს ცხოველები ჩვენს გვერდში იყვნენ, ჩქარობდნენ, როცა ვჩქარობდით, მიიწევდნენ, როცა მივიწევდით, იერიშზე გადადიოდნენ, როცა იერიშზე გადავდიოდით. ღრუბლები გვაგრილებდა და მზის სიცხისგან გვიცავდა.

შესაბამისად, გამარჯვების აღნიშვნის შემდეგ, არმია დაბრუნდა იერუსალიმში. იქ დარჩა ჰერცოგი გოდფრუა; სენ-გილის გრაფი რობერტი, ნორმანდიის გრაფი და რობერტი, ფლანდრიის გრაფი ლაოდიკეაში დაბრუნდნენ. აქ მათ იპოვეს ფლოტი, რომელიც ეკუთვნოდათ პიზელებსა და ბოემუნდს. მას მერე რაც პიზის არქიეპისკოპოსმა მშვიდობა დაამყარა ბოემუნდსა და სხვა ლიდერებს შორის, რაიმონდი ღვთის ძმებისა და მისი გულისთვის მოემზადა იერუსალიმში დასაბრუნებლად.

მაშასადამე, მოგიწოდებთ ქრისტეს კათოლიკე ეკლესიას და სრულიად ლათინურ ეკლესიას იხაროს ამ წარმტაცი სიმამაცითა და თანამოძმეთა ერთგულებით, ამ დიდებული და ძალზე სასურველი სასჯელით ყოვლისშემძლე ღმერთისა, ხოლო ასეთი ერთგულებით იმედი გვაქვს ჩვენი ცოდვების მიტევებისა, უფლის მადლით. და ვლოცულობთ მის წინაშე, რომ -კერძოდ ყველა ეპისკოპოსი, კლერგი და ბერი, რომლებიც ღვთისმოშიშ სულებს და ყველა ერისკაცს მიუძღვებიან – უფლის მარჯვენით დამსხდარიყოს, სადაც ცოცხლობს და მეფობს უფალი აწ და მარადის. და ჩვენ ვავედრებთ შენს სახელს უფალ იესოს, რომელიც ყოველთვის ჩვენთანაა და თქვენს ყოველ ცოდვას, რათა მოგანიჭოთ დალოცვა, ჩვენი და მათი სამსახურით უფლის თვალში. ამენ.

დავით მაზმიშვილი

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s