ჯვაროსანთა წერილები (ნაწილი III)

11536_D.jpg

  1. კონრად III ვიბალდს, კორვეის აბატს (1148, პირველი წერილი)

კონრადი, ღვთის წყალობით, რომაელთა მეფე, პატივსაცემ ვიბალდს, კორვეისა და სტავლოს აბატს – მისი უგულითადესი მოკითხვით.

რადგან ჩვეულებრივ შევიცანით შენი ერთგულება, და რაც დამტკიცდა მრავალ სასამართლო პროცესზე, ჩვენი და ჩვენი სამეფოს მიმართ, ეჭვი არ გვეპარება, რომ დიდად გაიხარებ ჩვენი ქვეყნის წინსვლის გამო. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვატყობინებთ თქვენს ღირსებას, რომ როცა ნიკეას მივაღწიეთ ერთიანი და ძლიერი ლაშქრით, მოგზაურობის სწრაფად დასრულების სურვილით, ვიჩქარეთ, რომ იკონიიდან გამოგვეყვანა გზის მცოდნე ხალხი. თან მიგვქონდა იმდენი საჭირო რამ რამდენიც შესაძლებელი იყო. და როცა შევნიშნეთ, რომ 10 დღე იყო გასული რაც ვლაშქრობდით და იგივე რაოდენობა გვქონდა გადასალახი, გარდა ცხენების საკვებისა მთელი მარაგი უკვე გაცემული იყო. ამავე დროს თურქებმა თავდასხმები არ შეწყვიტეს და არმიის დიდძალ რაოდენობას ანადგურებდნენ, რომლებიც მარშზე მოწინავეების მიყოლას ვერ ახერხებდნენ. ჩვენ შეგვებრალა ტანჯული ხალხის ბედ-იღბალი, რომლებიც იღუპებოდნენ შიმშილისა და მტრის ისრებისგან; და ჩვენი ბარონებისა და პრინცების რჩევით, ჩვენ ვხელმძღვანელობდით არმიას უკან, უდაბნოდან ზღვის მიმართულებით, რათა ძალები აღედგინა. ჩვენ, უფრო მეტად, ვინახავდით არმიას დიდი წარმატებებისთვის, ვიდრე სისხლიანი გამარჯვებისთვის მოისართა წინააღმდეგ.

როცა ზღვას მივაღწიეთ, ბანაკი გავშალეთ და არ ველოდით ასეთ სიმშვიდეს მის გულში, სრულიად მოულოდნელად, საფრანგეთის მეფე გვეწვია. ის დაღონებული იყო, რადგან ჩვენი არმია გამოფიტული იყო შიმშილისა და მძიმე შრომისაგან. მისმა გამოჩენამ დიდად ასიამოვნა ჩვენი ერთობა. უფრო მეტიც, მან მთელი თავისი და მისი პრინცების ერთგული და მოკრძალებული სამსახური შემოგვთავაზა და შეგვეწია თავისი ფულითა და ყველაფრით რაც გააჩნდა. ისინი თავად შემოუერთდნენ ჩვენს ძალებსა და მთავრებს. ზოგიერთი ბოლომდე დარჩა ჩვენთან ერთად, ხოლო სხვებმა უფულობისა თუ დაავადებების გამო დატოვეს არმია.

ჩვენ ყოველგვარი სირთულის გარეშე ვიარეთ, ისევე შორ მანძილზე როგორც წმინდა იოანემ, იმ ადგილამდე სადაც ციური მანანა მოდიოდა ღვთისგან და სადაც ჩვენი უფლის დაბადება უნდა აღგვენიშნა, წესისამებრ. ამ მიდამოებში რამდენიმე დღე გავჩერდით რათა ჯანმრთელობა აღგვედგინა, რადგან დაავადება იყო გავრცელებული ჩვენს რიგებში, რამაც  მრავალი გადაიყოლა. თუმცა ავადმყოფობა იმდენად გვასუსტებდა, რომ წინსვლა შეუძლებელი იყო. ამიტომ, დიდი ლოდინის შემდეგ, მეფე გაემგზავრა თავის ჯართან ერთად; მაგრამ ხანგრძლივმა ავადმყოფობამ ძლიერ შეგვამცირა.

როცა ჩვენმა ძმამ, საბერძნეთის იმპერატორმა, გაიგო ამის შესახებ, ჩვენს შვილობილთან, ყველაზე საყვარელ დედოფალთან, მის მეუღლესთან ერთად, სასწრაფოდ გამოემართა ჩვენკენ. მან არ დაიშურა ფული და სხვა საჭიროებები ჩვენთვის და თავისი ძალით კონსტანტინოპოლიდან გვსარდლობდა. იმისათვის, რომ სწრაფად მომჯობინებულიყვნენ ჩვენი მხლებლები მოგვიჩინა მკურნალები. მან იმხელა პატივი გვცა, რამხელაც ჩვენს არცერთ წინამორბედს არ ხვდომია წილად. აქედან მოყოლებული ვჩქარობდით, რათა იერუსალიმამდე აღდგომის პირველ კვირამდე მიგვეღწია და არმია შეგვევსო, შემდეგ კი როჰამდე მივსულიყავით.

დაე, ღმერთმა ინებოს, რომ ჩვენი მოგზაურობა იყოს წარმატებული. ჩვენ გთხოვთ თქვენ და თქვენს საძმოს ილოცოთ ჩვენთვის და ყოველ ქრისტიანს მოუწოდოთ ამისკენ. და ვანდობთ ჩვენს ვაჟს თქვენს ერთგულებას.

  1. კონრად III ვიბალდს, კორვეის აბატს (1148, მეორე წერილი)

კონრადი, ღვთის წყალობით, რომაელთა მეფე, პატივსაცემ ვიბალდს, კორვეისა და სტავლოს აბატს – მისი უგულითადესი მოკითხვით.

რადგან ჩვენ ვიცით, რომ შენ უმთავრესად დიდი სურვილი გაქვს მოისმინო ჩვენს შესახებ და გაიგო მიღწეულ წარმატებებზე, ამიტომ პირველ რიგში გაცნობებთ მათ შესახებ. ღვთის წყალობით ჯანმრთელად ვართ და გემებიც დავტვირთეთ რათა დავბრუნდეთ უკან წმინდა ქალწულის დღესასწაულზე, სექტემბერში, მას მერე რაც მივაღწიეთ ყველაფერს რაც ღმერთს სურდა ამ მიწებზე და რაც ქვეყნის ხალხისგან ავიღეთ ნებართვა.

ახლა ვისაუბროთ ჩვენს ჯარებზე. საერთო კრების რჩევით ჩვენ გავუყევით დამასკოს გზას და შემდეგ რაც უფრო მივიწევდით, ბანაკს დიდი უბედურება მით უფრო უახლოვდებოდა. მაგრამ ზოგიერთი, რომელზეც ეჭვი მივიტანეთ, თავიანთი ღალატი დაამტკიცეს, როცა ქალაქის მიუდგომელი ადგილიდან წაგვიყვანეს იმ მხარისკენ, სადაც არც წყალი და არც სხვა საჭირო რესურსი მოიპოვებოდა. და ყოველივე ამის გამო, ბრაზმორეულნი და დამწუხრებულნი გამოვბრუნდით, ხოლო ჩვენი წამოწყება შეუსრულებელი დავტოვეთ. მიუხედავად ამისა, ისინი ერთსულოვნად დაგვპირდნენ, რომ ასკელონის წინააღმდეგ მოაწყობდნენ ლაშქრობას და დათქვამდნენ ადგილსა და დროს. ადგილზე შეთანხმებისამებრ გამოვჩნდით, მაგრამ ვერავინ ვნახეთ. უშედეგოდ ვუცადეთ ძალებს რვა დღის განმავლობაში. რაც მეორედ მოგვატყუეს ჩვენს საქმეებს დავუბრუნდით.

მოკლედ, ღვთის სურვილით, ჩვენ ვბრუნდებით შენთან. დამსახურებისთვის მადლობას გიხდით, რადგან უვლიდი ჩვენს ვაჟს და იმ დიდი ერთგულებისთვის რასაც ჩვენს მიმართ იჩენდი. და სრულიად ღირსეული განზრახვით, გთხოვთ, რომ იგივე გააგრძელო.

413ab71614bc7a604a616d51a208dd89.jpg

  1. აიმერიკი, ანტიოქიის პატრიარქი ლუი VII-ს, საფრანგეთის მეფეს (ანტიოქია, 1164)

აიმერიკი, უფლის მადლით, ანტიოქიის წმინდა ტახტის პატრიარქი, ლუის, საფრანგეთის სახელოვან მეფეს – მოკითხვა ძლიერი ლოცვით.

მართებული იქნებოდა, რომ ყოველთვის გასახარი რამ გვეცნობებინა მისი სამეფო აღმატებულებისთვის და გაზრდილიყო მისი გულის დიდებულება ჩვენი სიტყვების სიამოვნებითა და დიდმშვენიერებით. მაგრამ საპირისპიროც ბევრჯერ ყოფილა. ცრემლთა მიზეზები ნამდვილად მუდმივია, მწუხარება და კვნესა განგრძობითი და ვერ ვისაუბრებთ იმის შესახებ, რაც ჩვენ არ გვეხება. როგორც ანდაზა ამბობს: ,,სადაც მწუხარებაა, იქ ენა და ხელიცაა“. ქრისტიანთა სიკვდილი ხშირია და მათი შეპყრობა, როგორც ვხედავთ, ყოველდღიური. უფრო მეტიც, ეკლესიის ზარალი აღმოსავლეთში ძალზე გვანაღვლიანებს ჩვენ, ვინც შინაგანად ვიტანჯებით და ვიღუპებით სულიერი ტკივილებისგან და ცხოვრება უფრო მწარე გვიხდება, ვიდრე სიკვდილი, როგორც ჩვენი უბედურებების კულმინაცია, მაგრამ სრულად ვერ ვიღუპებით. აქ არავინაა, ვინც მოიბრუნებს თავის გულს ჩვენკენ და შებრალებით გამოგვიწვდის დახმარების ხელს. მაგრამ არა სიტყვის გაგრძელების გამო, ქრისტიანთა მცირე რიცხვი, რომლებიც შემოგტირიან, ჩვენს გვერდით არიან და ემუდარებიან შენს მოწყალებას, რომელიც ღვთის შეწევნით საკმარისია ჩვენი და ღვთის ეკლესიის გასათავისუფლებლად აღმოსავლეთში.

ახლა კი მოგიყვებით ყველა მოვლენას, რომელიც გადაგვხდა. ერთ-ერთმა [ნურედდინმა], რომელიც ჩვენთან ახლოსაა, რომელიც სარდლობს სარაცინებს და რომელიც იმდენად ავიწროებს ქრისტიანულ მოსახლეობას, როგორც მანამდე არასდროს და თავისი არმიით [შირკუბი] დაეპატრონა დამასკოს, ბოლოს შევიდა ეგვიპტეში თურქთა დიდი ძალებით ამ ქვეყნის დასაპყრობად. ამგვარად, ეგვიპტის მეფემ, რომელიც იწოდება ასევე ბაბილონის სულთნად, ეჭვი შეიტანა მისი და მისი არმიის მამაცობაში და გამართა სამხედრო კრება რათა გაერკვიათ თუ როგორ შეხვედროდნენ თურქთა მოწინავე არმიას და როგორ შეეძლოთ მიეღოთ დახმარება იერუსალიმის მეფისგან. მან ბრძნულად ამჯობინა მოხარკეობა, ვიდრე სიცოცხლისა და სამეფოს დაკარგვა.

ასე რომ, როგორც უკვე ვთქვით, შევიდა ეგვიპტეში და ამ ქვეყნის ზოგიერთი მცხოვრები მიემხრო მას, ქალაქების გარკვეული ნაწილი კი დაიჭირა და გაამაგრა. ამასობაში სულთანმა კავშირი შეკრა ბატონ მეფესთან [ამალრიკი] ხარკისა და ქრისტიანი ტყვეების გათავისუფლების დაპირებით ეგვიპტეში, მისი დახმარების მიღების სანაცვლოდ. სანამ წავიდოდა ერთგულად იზრუნა თავის სამეფოსა და მიწაზე, მის დაბრუნებამდე, ჩვენსა და ჩვენს ახალ პრინცზე, მის ნათესავ ბოემუნდზე, ყოფილ მთავარ რაიმონდის შვილზე.

ამის გამო, ქრისტიანი ხალხის დიდი ამაოხრებელი, რომელიც ჩვენთან ახლოს მბრძანებლობს, ურჯულოთა მეფეები და რასები შეკრიბა. ჩვენს მთავარს შესთავაზა მშვიდობა და ზავი და ხშირად მოუწოდებდა მას ამისკენ. ამის მიზეზი ის იყო, რომ მას სურდა თავისუფლად გადაევლო ჩვენს მიწაზე, რათა აეოხრებინა იერუსალიმის სამეფო და მის ვასალს დახმარებოდა ეგვიპტეში საომრად. თუმცა ჩვენს მთავარს არ სურდა მშვიდობა, სანამ მეფე არ დაბრუნდებოდა.

ბოლოს, როცა მან დაინახა, რომ აღთქმულის შესრულება არ შეეძლო, რისხვით აღვსილმა მომართა იარაღი ჩვენს წინააღმდეგ და ერთ-ერთ სიმაგრეს, სახელად ჰარენკი, ალყა შემოარტყა და რომელიც ჩვენი ქალაქიდან 12 მილზე მდებარეობს. ალყაშემორტყმულები -7 000 მეომარი, ქალები და ბავშვები – ხმამაღლა და გაუჩერებლად მოთქვამდნენ დღედაღამ, რათა შევწეოდით მათ, ხოლო უცვლელად ერთი დღეც ვერ გაძლებდნენ. ჩვენმა მთავარმა შეკრიბა ძალები, გამოიყვანა ანტიოქიიდან წმ. ლავრენტის დღესასწაულზე და მთელი ციხე-სიმაგრე უსაფრთხოდ განვლო. თურქებმა ეშმაკობას მიმართეს, მოკლე მანძილზე მოშორდნენ სიმაგრეს ვიწრო გასასვლელებისაკენ მათივე ქვეყნისაკენ.

მეორე დღეს, ჩვენი ხალხი გაყვა მტერს ადგილამდე და გაშლილად, მაგრამ საკმაოდ წინდახედულად მიიწევდნენ წინ, ბრძოლა დანიშნული იყო და გაუჩერებლად მიქროდნენ მათკენ. შეტაკება იმდენად კატასტროფული იყო, რომ ჩვენი რიგებიდან გაქცევა ძლივსძლივობით თუ მოახერხა ვინმემ, მაალითად მათ ვისაც ცხენი ჰყავდა ან სხვანაირად გაუღიმა ბედმა. შეპყრობილებში იყვნენ ჩვენი მთავარი [ბოემუნდ III], ტრიპოლის გრაფი [რაიმონდ II], ერთი ბერძენი, ქალამანი, საპატიო წარმომავლობის ჰერცოგი, მამისტრენსისი, ჰიუ ლესინიაკოლელი და ტამპლიერი და ჰოსპიტალიერი ძმები, რომლებიც ტრიპოლიდან იყვნენ მოსული გრაფთან ერთად. ხალხიდან ზოგი დაატყვევეს, ზოგი მოკლეს; მხოლოდ მცირე მათგანმა მოახერხა გაქცევა; ხალხის, ცხენებისა და იარაღის უდიდესი ნაწილი განადგურდა.

ქრისტიანთა განადგურების შემდეგ, თურქები გაბრუნდნენ ზემოთქმული ციხე-სიმაგრისკენ, დაიკავეს ის და მჭიდროდ ჩაატარეს ანტიოქიიდან მოყოლებული შეპყრობილი უძლური ქალები, ბავშვები და დაჭრილები. ამის შემდეგ მიაღწიეს ქალაქს, მოაოხრეს მთელი ქვეყანა და ზღვამდე აცამტვერებდნენ ყველაფერს რაც მათი თვალთახედვის არეში მოხვდებოდა.

ღმერთია მოწმე, ძალები, რომლებიც დაგვრჩა არასგზით არაა საკმარისი დღისითა თუ ღამით კედლების დასაცავად, განვიცდით ხალხის სიმცირეს და იძულებულნი ვართ ჩავაბაროთ მათი დაცვა და უსაფრთხოება საეჭვო პირებს. ეკლესიის საქმეთა მოწყვეტით კლერიკალები და პრესვიტერები იცავენ კარიბჭეს. ჩვენ ვიცავთ კედლებს და რამდენადაც შესაძლებელია ვაღდგენთ მას, დიდად და უწყვეტად, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი მიწისძვრამ ჩამოანგრია. თუმცა ეს ყველაფერი ამაოა, თუ ღმერთი კეთილად არ გადმოგვხედავს. ჩვენ არ გვაქვს ხელის გამოწვდენის იმედი, ისევე როგორც ჩვენი კაცების მამაცობისა, რომლებიც ტანჯვისგან უსარგებლოდ იქცნენ. თუმცა ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რათა რაც გასაკეთებელია დაუმთავრებელი არ დაგვრჩეს.

ყველაფერზე მეტად, ჩვენს უკანასკნელ იმედს თქვენზე ვამყარებთ. ყველასგან გვესმის თქვენი დიდებულების შესახებ და შევიტყვეთ, რომ დასავლეთის ყველა მეფეზე უფრო მეტად გიჭირავთ თვალი აღმოსავლეთზე. ჩვენ გვესმის, რომ შენი სიხარული ვერ იქნება სრული სანამ არ შეისრულებ სურვილს ოდესღაც, რისი აღსრულებაც ჩვენ არ ძალგვიძს. და ჩვენ გვაქვს იმედი, რომ უფალი შენი ხელით ესტუმრება თავის ხალხს და შეგვიბრალებს ჩვენ.

შეიძლება ის გვიყურებს და გოდებს ქრისტიანებზე უმაღლესი და შეუდარებელი პრინცის ყურში; შეიძლება იტანჯება და დარდობს შეპყრობილთა ტკივილით მის გულში! და რათა არ იყოს ჩვენი წერილი ძალზე გრძელი … და დიდი ხნით განადგურებული სიკვდილის ჩრდილით, დაე მოწერის ღირსად ჩაგვთვალოს მისმა უდიდებულესობამ და შეგვატყობინოს მისი ნების შესახებ. ვინც არ უნდა იყოს, ჩვენ ვივლით მისი ხელმძღვანელობის ქვეშ და ეს არ იქნება რთული ჩვენთვის. დაე უფალი იესო ქრისტე გაძლიერდეს მეფის გულში იმ ნატვრით, როგორც ჩვენ ვნატრობთ და მათი გულები აანთოს, ვის ხელშიცაა მეფის გულის ანთება! ამინ.

knight.jpg

  1. წერილი აღმოსავლეთიდან ჰოსპიტალიერთა მაგისტრს (1187)

ჩვენ გაცნობებთ თქვენ, ბატონ არემბოლტს, ჰოსპიტალიერთა მაგისტრს იტალიაში და საძმოს, ყველა იმ მოვლენის შესახებ, რომელიც მოხდა ზღვის გაღმა ქვეყნებში.

იერუსალიმის მეფე პეტრე და პავლე მოციქულების დღესასწაულზე საფორასთან [ბეფორია] იდგა დიდი არმიით, რომელიც შედგებოდა არანაკლებ 30 000 მეომრისა, ხოლო ტრიპოლის გრაფთან საუკეთესო თანხმობა ჰქონდა მის ჯართან ერთად. როცა ეს სალადინმა შენიშნა, წარმართი მეფე, მიადგა ტაბარიას [ტიჰერიას] 8 000 მხედართან ერთად და აიღო ის. ამის შემდეგ იერუსალიმის მეფემ დატოვა საფორა და თავის ხალხთან ერთად გაემართა სალადინის წინააღმდეგ. სალადინი  მის წინააღმდეგ მოვიდა მარესტუტიაში [მარესალია] პარასკევ დღეს პეტრე-პავლობის დღესასწაულის შემდეგ სადაც ბრძოლა იყო დანიშნული და შეტაკებისას ისინი მძვინვარედ იბრძოდნენ, მაგრამ ღამე დაპირისპირება შეწყდა. შუაღამისას იერუსალიმის მეფემ ბანაკი გაშალა სალნუბიასთან ახლოს და შემდეგ დღეს, შაბათს თავის არმიასთან ერთად დაიძრა.

დაახლოებით მესამე საათზე ტამპლიერთა მაგისტრმა საძმოსთან ერთად ბრძოლა დაიწყო. მათ არანაირი დახმარება არ მიუღიათ და უფლის ნებით მეომართა დიდი ნაწილი დაკარგეს. მას მერე რაც ეს მოხდა, მეფე მძიმე ბრძოლითა და დიდი სირთულეებით გაემართა ნიამისკენ ლიეს მანძილზე და შემდეგ ტრიპოლის გრაფი მოვიდა მასთან, რომელმაც ბანაკი მთასთან ახლოს გაშალა, რომელიც წარმოადგენს სიმაგრის სახეობას, თუმცა სამი კარვის გაშლის მეტი არ შეეძლოთ. თურქებმა იხილეს კარვები, დანთებული ცეცხლი მეფის არმიის გარშემო და ნამდვილად, ისეთი სიცხე იდგა მხედრები ცხვებოდნენ და არ შეეძლოთ არც ჭამა და არც სმა. ბალდუინ ფატინორელი, ბაკბაბეროკ ტაბარიელი და ლეისიუსი სამ სხვა პარტნიორთან ერთად გაემართნენ სალადინისაკენ და – რაც ყველაზე მძიმეა მოსათხრობად – უარყვეს თავიანთი რწმენა, თავიანთი თავები მას ჩააბარეს და უღალატეს იერუსალიმის მეფის არმიას, რაც ვლინდებოდა იმ რთულ მდგომარეობაში, რომელშიც ის იმყოფებოდა.

სალადინმა თეჩედინი [თაკი-ედდინი] გამოგზავნა ჩვენს წინააღმდეგ 20 000 რჩეულ მეომართან ერთად, რომლებიც მოქროდნენ ჩვენი ჯარისკენ და გაჩაღდა ფიცხელი ბრძოლა 9 საათიდან მწუხრამდე. და ჩვენი ცოდვების გამო, ბევრი ჩვენგანი დაიღუპა, ქრისტიანი ხალხი დაიპყრეს, მეფე შეიპყრეს, წმინდა ჯვარი, გრაფი გაბულა, მილო კოლატერიდოელი, ახლაგაზრდა ონფრედი [ჰონფროი] და პრინცი რეინალდი [რეჯინალდი] დაიჭირეს და დახოცეს. ვალტერ არსუნელს, ჰუგო გიბელენელს, ბოტრონოს მთავარს, მარაშელის ბატონს და კიდევ ათასობით სხვა გამორჩეულ პიროვნებასაც ასევე მოექცნენ იმდენად, რომ 200 მხედარსა და ჯარისკაცზე მეტი არ გადარჩენილა. ტრიპოლის გრაფი, ბატონი ბასიანი, რეჯინალდი და სიდონის ბატონი გადარჩნენ.

შემდეგ სალადინმა კვლავ შეკრიბა არმია და პარასკევს მოვიდა საფორასთან და აიღო საფორა და ნაზარეთი, თაბორის მთა, და ორშაბათს მოვიდა აკონთან [აკრა], რომელსაც აკრისსაც უწოდებენ და რომლის მცხოვრებლებიც დანებდნენ. მსგავსად კაიაფასი, კესარიისა, იაფასი [იოპა], ნეაპოლისა, რამისა [რამლა], წმ. გიორგი, იბელიონისა [იბელინი], ბელფორტისა [ლილფორტი], მირაელისა, ტირონისა [ტვიროსი], გვალერისა, გარერისა [ღაზა} და აუდურუმისა [დარუმი] ყველა დანებდა. ამის შემდეგ, როცა ჩვენი ნავი ტვიროსისკენ გაემართა, მათ გააგზავნეს საბანი სალადინთან რადგან მას შეეძლო წასულიყო იერუსალიმისკენ და ქალაქი დანებებოდა მას. ჩვენ სასწრაფოდ გავემართეთ ლეხიასკენ [ლაოდიკეა], სადაც შევიტყვეთ, რომ ტვიროსიც დანებდა. უფრო მეტიც, ეს ქალაქები ჯერ კიდევ უსაფრთხოდაა და ელოდებიან დახმარებას დასავლეთის ეკლესიისგან; სახელდობრ, იერუსალიმი, სური, საეჰეა [ასეალონი], მარჩატი, ანტიოქია, ლასარი, საონა, ტრიპლისი [ტრიპოლი]. კიდევ უფრო მეტიც, იმდენად დიდია სარაცინთა და თურქთა რიცხვი, რომ ტვიროსიდან, რომელიც ალყაშემორტყმულია, ისინი ფარავენ მიწის პირს იერუსალიმამდე, როგორც აურაცხელი ჭიანჭველა და თუ არა სწრაფი დახმარება ზემოთ აღნიშნული დარჩენილი ქალაქებისა და ძალზე მცირე რაოდენობის ქრისტიანებისა, რომლებიც დარჩნენ აღმოსავლეთში, იგივე ბედით ისინიც განიძარცვებიან საშიში ურწმუნოებისგან, რომელთაც ქრისტიანთა სისხლი სწყურიათ.

800px-Asia_minor_1140.jpg
მცირე აზია და სირია-პალესტინის წმინდა მიწა 1140 წლისთვის, მეორე ჯვაროსნულ ლაშქრობამდე (1147-1149/50)

დავით მაზმიშვილი

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s