ლეხფელდის ბრძოლა (955) – მადიართა შემოსევების დასასრული და გერმანელი ერის დაბადება

955 wlistvis.jpg
აღმოსავლეთ ევროპა 955 წლისთვის

955 წლის გვიან ზაფხულს, ივნისში, ბავარიისკენ მიმავალი ათასობით დაუპატიჟებელი ბარბაროსი კარპატების მთების აუზში შეიკრიბა, რათა აღმოსავლეთ ფრანკთა სამეფოს სამხრეთ ნაწილი კიდევ ერთხელ დაეპყრო. დაახლოებით ათასი წლის მანძილზე მადიარები ნელა მიგრირებდნენ დასავლეთისკენ თავიანთი სამშობლოდან, რომელიც მდებარეობდა ურალის მთების მიღმა ცენტრალურ აზიაში. ისინი აპირებდნენ დასავლეთ ევროპის კიდეზე მდებარე სტეპებზე დასახლებას. ახლა მათ ძალები შეკრიბეს მდინარე ენსის აღმოსავლეთ ნაპირებზე და მზად იყვნენ, ყველა მცხოვრები ეძარცვათ, რომლებიც გორაკ-ბორცვებზე სოფლებში ბინადრობდნენ.

ფერმერებსა და გლეხებს ცოცხალი მოგონებები ჰქონდათ მადიართა მარბიელ ლაშქრობებზე დასრულებული სიკვდილის ორგიებითა და არეულობით, რომელიც უფრო მეტად ახსენებდათ ჰუნებისა და ავარების მიერ ჩადენილ საშინელებებს საუკუნეების წინ. მადიარებისგან სიკვდილის შიშით, ბავარიელმა ფერმერებმა კუთვნილი ნივთები ჩაალაგეს და კედლებშემოზღუდული ქალაქებისა და ციხე-სიმაგრეების შეზღუდულ საცხოვრებლებში გადასახლდნენ, რომლებიც საჰერცოგოში იყო მიმოფანტული. ისინი ხსნას 43 წლის საქსონელი მეფის ოტოსგან ელოდნენ, რომლის მახვილიც მადიარების, სლავებისა და თავისი სამეფოს აჯანყებულთა სისხლში მრავალჯერ ამოვლებულა.

651bd47fe295b2b2e797619409241055--mongolia-hungary-history.jpg
მადიარი მხედარი მშვილდოსანი

მადიარების საომარი გზა

მადიარები ამინდს ისევე ძლიერად ებრძოდნენ, როგორც მტრებს. ძლიერი შტორმები ალპების შენაკადებს დუნაიმდე ტბორავდა, რაც ამცირებდა მადიარების კომპოზიტური მშვილდის სასიკვდილო ეფექტს და ანელებდა ქალაქგარე ტერიტორიებზე გავლით ცხენებით უკანსვლას. ერთი წლით ადრე, ათასობით მძვინვარე მხედარმა მშვილდოსანმა გააფთრებით პირველად გადაიარა აღმოსავლეთ ფრანკთა სამეფო, ეპიკური დამარბეველი შტორმივით, რომელმაც გაწმინდა ბავარია, შვაბია და ფრანკონია, ქვემო ლორენამდე და ბურგუნდიამდე და უკან კარპატების აუზში დაბრუნდა ლომბარდიის გავლით. მიუხედავად იმისა, რომ 954 წლის რეიდი აღსანიშნავია თავისი მანძილითა და ხანგრძლივობით, მას არ მიუცია მადიარებისთვის საკმარისი ნადავლი, რაც მნიშვნელოვანი იყო მათი ნომადური ცხოვრების სტილისთვის, არც საკმარისი შიში ჩაუნერგავს მათში, ვინც გაძარცვეს, რომლებისგანაც გადასახადებს ელოდნენ მომავალი რეიდების თავიდან ასაცილებლად.

ოტომ ორწლიანი სამოქალაქო ომი მოიგო აჯანყებულ აღმოსავლეთ ფრანკთა სამეფოს დიდებულთა წინააღმდეგ და ახლა უკვე შეეძლო შებრძოლებოდა ძველ მოსისხლე მტერს, ტრანსელბელ სლავებს, მაგდებურგის აღმოსავლეთით. სამხრეთით, მეფის ერთ-ერთი მთავარი მოკავშირე, აუგსბურგის ეპისკოპოსი ულრიხი, ხედავდა, რომ მშრომელები ირჯებოდნენ ქალაქის ბურჯების გასამაგრებლად მადიართა თავდასხმების მოლოდინში. ჩრდილო-აღმოსავლეთით, კონრად წითური, ლორენის ჰერცოგი, ოტოსთან დაპირისპირებული ერთ-ერთი დიდებული, მეფის მხარეს დაბრუნდა და ფრანკონიაში მზადყოფნაში ჰყავდა 1000 მძიმედ შეჭურვილი მხედარი, რათა ჩაეხერგა მადიარების საყვარელი შემოსაჭრელი გზა. აღმოსავლეთით, ბოჰემიის ჰერცოგმა ბოლესლავმა, ოტოს კიდევ ერთმა მოკავშირემ, 2000 მეომარს მოუყარა თავი და მშვიდად ელოდა გერმანელთა ლაშქრობას მისაშველებლად.

0d8967ac00dbaf5150758cbe1fd52137.jpg
მადიარი ქვეითი

იმ ზაფხულს, ბავარიის საჰერცოგოში, ადგილობრივი საჯარისო ნაწილები მყარად ერთგულებდნენ ოტოს. ისინი ფლობდნენ ათობით ციხესა და სიმაგრეს, რომლებიც მდებარეობდა მთავარ გადამკვეთ წერტილებზე დუნაის შენაკადების მარჯვენა სანაპიროების მთელ სიგრძეზე და შეტევას ელოდნენ. მიუხედავად ამისა, ოტო იმავე ზაფხულს დაუბრუნდა სლავებთან ბრძოლას, რისთვისაც შექმნა საფუძვლიანი თავდაცვის სტრატეგია, რომელიც მადიარების შენელებასა და მათ ბრძოლაში ჩართვაზე იყო გათვლილი, რის თავიდან აცილებასაც მკაცრად ცდილობდნენ, უმთავრესად მძიმედ აღჭურვილი გერმანელი მხედრების გამო.

როგორც მსუბუქი კავალერისტები, მადიარები ერიდებოდნენ უფრო მძიმედ შეიარაღებულ გერმანელ მხედრებთან ბრძოლას. მათი უმთავრესი იარაღი კომპოზიტური მშვილდი იყო, რომელიც შედგებოდა მყესების, ხისა და რქისგან. სწრაფი მხედრები ჩვეულებრივ აყრიდნენ ისრებს მოწინააღმდეგეს, რომელიც საკმარისად ძლიერი იყო რათა მტრის მძიმე ჯავშანში შეეღწია. ამას ისინი უსაფრთხო მანძილიდან ახერხებდნენ. ისინი ამჯობინებდნენ გაშლილ ველზე ბრძოლას, სადაც, თუ ბრძოლა მათ წინააღმდეგ მიმდინარეობდა, შეეძლოთ სწრაფად მიმოფანტულიყვნენ და ეშველათ თავებისთვის. ბრძოლის ამ მეთოდს ორი მთავარი ხარვეზი ჰქონდა. პირველი, სველ ამინდში მშვილდი არაეფექტური იარაღი იყო. მეორე, მათ არ შეეძლოთ ბრძოლა ხშირ ტყიან ადგილებში, რომელიც გაფრენილ ისრებს აჩერებდა. დაუცველ ფერმებსა და სოფლებზე ნადირობისას, მადიარები თითქმის არასდროს იყენებდნენ ნელა გადაადგილებად ქვეითებს და მძიმე საალყო მანქანებს, რომლებიც აუცილებელი იყო ციხე-სიმაგრეებისა და გალავანშემორტყმული ქალაქების ხელში ჩასაგდებად.

წინა მარბიელი თავდასხმებისგან განსხვავებით, მადიარი სარდლები გეგმავდნენ წინ გაეშვათ მონები, რათა როგორც ქვეითებს ისე ებრძოლათ და გადაეზიდათ დიდი საალყო მანქანები ბავარიის დაბლობზე. ეს სტრატეგია დიდ რისკს შეიცავდა, რადგან მადიარი ქვეითები გერმანელ კოლეგებზე დაბლა მდგომნი იყვნენ და აგრეთვე იმიტომ, რომ ფეხოსანი ჯარისკაცები და საალყო საშუალებები აფერხებდა მათ წინსვლას და გამორიცხავდა მოულოდნელობის ნებისმიერ ელემენტს.

image016.png
ევროპის მტრები და მძარცველები IX-X სს.-ში

ბავარიაში შეჭრა

მადიარების წარმომადგენლები მაგდებურგში გაემგზავრნენ, რათა აშკარად ეჩვენებინათ მათი მხარდაჭერა გერმანელი მეფისა, მაგრამ რეალურად იმისათვის, რომ მიეღოთ ის მატერიალური ბაზა, რაც ოტომ თავისი სამეფოს სამხედრო კონტროლით დაიბრუნა. ისინი მთელი თვე დარჩნენ აქ, ამ დროში კი აკვირდებოდნენ ხანგრძლივ ყოყმანს სამეფო კარის წევრებს შორის სამოქალაქო ომის შემდეგ, რომელიც სულ ორი თვის წინ იყო დასრულებული. ისინი იმედოვნებდნენ, რომ ოტო არ ისურვებდა გაძღოლოდა საქსონელთა და თიურინგელთა ელიტარულ დაჯგუფებას ბავარიაში ხელახალი აჯანყების დაწყების შიშით, რის შემდეგაც ელჩებმა მადიარ სარდლებს განუცხადეს, რომ ბავარიაში შეჭრის დრო უკვე მომწიფებული იყო.

აუგსბურგი, რომელიც რომაელებმა ქრ.შ.-მდე 15 წელს დააარსეს, მდებარეობდა მდინარე ლეხის დასავლეთ ნაპირზე, უფრო ზუსტად ვერტახისა და ლეხის შესართავის სამხრეთით. ის საუკუნეების მანძილზე ვაჭრობის ძირითად კერას წარმოადგენდა გერმანიასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპას შორის. აუგსბურგს ჰქონდა ერთი სამწუხარო განსხვავება, როგორც ყველაზე ნაკლებად გამაგრებულ ქალაქს ბავარიის სხვა ქალაქებთან შედარებით. მისი კედლები მძიმედ დაზიანდა უკანასკნელი სამოქალაქო ომის დროს, არ გააჩნდა კოშკები კარიბჭეების დასაცავად და თანდათან იხრებოდა მიწისკენ, რომელზე მდებარეობაც მტერს საშუალებას აძლევდა მძიმე საალყო შეიარაღების გამოყენებისა. მხოლოდ ქალაქის აღმოსავლეთ კარიბჭე, რომელიც აღმართული იყო ლეხზე, ფრიალო კლდეზე, ქმნიდა სირთულეებს საალყო იარაღით შეტევისათვის.

ulrich of augsburg.jpg
ულრიხ აუგსბურგელი (890-973) – აუგსბურგის ეპისკოპოსი. ის პირველი წმინდანი იყო, რომლის კანონიზებაც არა ადგილობრივმა ავტორიტეტებმა, არამედ თავად პაპმა მოახდინა

მას შემდეგ რაც მადიარი დესპანები ივნისის ბოლოს უსაფრთხოდ დაბრუნდნენ კარპატების აუზში, 25 000-მა ძლიერმა მადიარმა, რომელთაც ლელი და ბულკსუ მეთაურობდნენ, 1-ელ ივლისს მდინარე ენსი გადაკვეთა და კოლონებად დაყოფილნი სხვადასხვა მისიების შესასრულებლად ბავარიაში შეიჭრა. უსწრაფეს რიგებს ევალებოდათ ლეხი გადაელახათ მდინარე ილერის სიშორემდე გერმანელთა გასაბრიყვებლად, რომ თითქოს ისინი ფრანკონიასა და შვაბიაში მიემართებოდნენ ღრმად, რათა გერმანული ძალები შეეფერხებინათ, სანამ ნელა მოძრავი რიგები ქვეითებსა და საალყო მანქანებს იცავდნენ, რომლებიც აუგსბურგისთვის იყო განკუთვნილი. შუა ივლისიდან თვის ბოლომდე, მადიართა მოწინავე რიგები სისტემატიურად იტაცებდნენ საკვებს, რომელსაც ლეხსა და ილერს შორის ნახულობდნენ და სჭირდებოდათ თავიანთი არმიის გამოსაკვებად და გერმანული არმიის დახმარებისთვის ყოველგვარი საზრდოს წასართმევად. იმავდროულად, ქვეითები და საალყო იარაღი ნელა მიიწევდა ბავარიაში და საშუალოდ 11 მილს გადიოდა დღეში. მადიარები ძარცვავდნენ შორს და ფართოდ და ისევ ავრცელებდნენ ტერორს. ვისაც შეეძლო თავს აფარებდა გამაგრებულ ადგილებს, მაგრამ ბევრს ბარბაროსთაგან აოხრებისგან თავის დაღწევა არ შეეძლო.

ივლისის ბოლოს, ლეხისკენ დაბრუნებამდე, მადიართა არმიის ავანგარდის მეთაურმა ჯაშუში გააგზავნა ოტოს დამხმარე არმიის სათვალთვალოდ, რომელმაც აცნობა მათ მისი მოსალოდნელი მოსვლის შესახებ. მოღალატე, ბერტოლდი, რაისენსბურგში დამკვიდრდა, რომელიც ძველ რომაულ გზაზე მდებარეობდა ულმსა და აუგსბურგს შორის დუნაის სამხრეთით. თუ ბერტოლდი ოტოს აუგსბურგში გამოჩენის დროისა და მიმართულების შესახებ ინფორმაციას მიაწვდიდა, მადიარებს ეფექტური ჩასაფრების დაგეგმვის შესაძლებლობა მიეცემოდათ.

f5c41eecd8b75490c5fa8917f9cfb0c5.jpg

მადიარები ლეხფელდთან იკრიბებიან

აჯანყებულთა დამარცხების შემდეგ, ოტომ ოპერაციების ბაზა მაგდებურგისკენ გადაიტანა, სლავების წინააღმდეგ კამპანიის გასაგრძელებლად. სანამ ივლისის დასაწყისში ის ამ სექტორში ოპერაციებს აწარმოებდა, მან გადაუდებელი გზავნილი მიიღო თავისი ძმის, ბავარიის ჰერცოგ ჰაინრიხისგან, რომელშიც ეწერა: ,,გაფრთხილდი, უნგრულმა სამხედრო ბანდებმა, შენს საზღვრებს დაარტყეს“.

ოტოს პირველი საქმიანი ბრძანება გახლდათ ის, რომ სამხედრო დახმარების მისაღებად დააგზავნა მოთხოვნები დიდებულებთან და ეპისკოპოსებთან. ასევე მოიქცა მთავარ მოკავშირე ჰერცოგ ბოლესლავ ბოჰემიელთან, იმ სამთავროს მმართველთან, რომელიც აღმოსავლეთ ფრანკთა სამეფოს მიღმა მდებარეობდა. როცა ეს შესრულდა, ოტომ უხელმძღვანელა 1000 საქსონიელისა და თიურინგელის პირად ლეგიონს, რათა სამხრეთით, ბავარიაში შეერთებოდნენ სხვა ძალებს მადიართა შემოჭრის გამო. ოტოს უფრო დიდი ძალის გამოყვანა შეეძლო, მაგრამ სლავების სამეთვალყურეოდ საკმაოდ მრავალრიცხოვანი არმია მოიტოვა ზურგში და თავიდან აიცილა ძალის ვაკუუმი საქსონიაში.

ივლისის ბოლოს ოტო ულმში გამოჩნდა, აუგსბურგიდან ორი დღის სავალზე. ქალაქი, დუნაის ჩრდილოეთ ნაპირზე მდებარეობდა, ჰქონდა დიდი სასახლე და ციხე-სიმაგრე, რომელიც ოპერაციებისთვის ხელსაყრელ ბაზას წარმოადგენდა. მეფემ თავიდან მეთაურები დაამტკიცა ბოპფინგენში, რომელიც ჩრდილო-აღმოსავლეთ ულმში მდებარეობდა, მაგრამ მადიართა წინსვლა ილერისკენ მიუთითებდა იმაზე, რომ მათ განზრახული ჰქონდათ ფრანკონიის ჩრდილოეთში მობრუნება, როგორც ეს ერთი წლით ადრე გააკეთეს. მეფემ მოსული ბავარიელები და შვაბები გადამკვეთ წერტილებში განალაგა დუნაის ზემოთ, ულმს მაღლა. ქალაქის ქვემოთ, მდინარე არმიისთვის საბორნე ნავებით გადასალახად საკმაოდ ფართოდ მოედინებოდა.

blackpen_Otton_Mounted_2.jpg
ოტონების დინასტიის პერიოდის (919-1024) გერმანელი მხედარი

აგვისტოს დასაწყისში, მას შემდეგ რაც მადიარები ლეხფელდის დაბლობზე დაბრუნდნენ აუგსბურგს ქვემოთ, ოტოს მზვერავებმა შეამჩნიეს, რომ ეს ქალაქი მათ მთავარ სამიზნეს წარმოადგენდა, ხოლო მტრის ძალების მთავარი ნაწილი აპირებდა შებრძოლებოდა ოტოს მოწინავე ჯარს ლეხფელდზე. ამ დროისთვის, ოტოს 8000 მეომარი ჰყავდა, რომლებიც გადანაწილებულნი იყვნენ რვა ლეგიონში: სამი ბავარიიდან, ორი შვაბიიდან, ერთი ფრანკონიიდან, ერთი ბოჰემიიდან და მისი პირადი ლეგიონი საქსონიიდან და თიურინგიიდან. გერმანული არმია შედგებოდა როგორც ქვეითი შუბოსნების, ისე შეჯავშნული რაინდებისგან, რომელთა ეკიპირებაშიც ხმლები და ლახვრები შედიოდა. ფრანკონული ლეგიონი ძირითადად სრულიად ვეტერანი კავალერიისგან შედგებოდა, რომელსაც კონრად წითური მეთაურობდა და რომელმაც თანხმობა განაცხადა ოტოს მხარდაჭერაზე მომავალ კამპანიებში.

მოწინავე ბოჰემიური ლეგიონი ოტოს ბაზაზე გარკვეული შეფერხებით მოვიდა ულმში 7 აგვისტოს, იძულებითი მსვლელობის შემდეგ. ხანგრძლივი ლაშქრობის შედეგად რჩეული ნაწილები გამოფიტული იყო და ოტომ დაადგინა მათთვის, რომ დამხმარე ნაწილების რიგებს უკან მიჰყოლოდნენ. მან ასევე უბრძანა მათ მეთაურებს, რომ ყურადღებით დაეცვათ არმიის მომმარაგებელი ზურგი. მეორე ბოჰემიური დივიზია, რომელიც უფრო წინ მიიწევდა, რეგენსბურგთან შეჩერდა, სანამ შეიტყობდნენ, რომ მეფემ ულმი დატოვა და აუგსბურგისკენ მიემართებოდა.

158189894.jpg
ოტო I დიდი (912-973) – გერმანიის მეფე 936 წლიდან, ხოლო საღვთო რომის იმპერატორი 962 წლიდან. 

ლაშქრობა ტყეებში

ქალაქები ულმი, დონაუვერტი და აუგსბურგი ერთგვარ სამკუთხედს ქმნიდა საზღვარზე შვაბიასა და ბავარიას შორის. ულმი მდებარეობდა ქვემოთ და მარცხნივ, აუგსბურგი ქვემოთ მარვნივ, ხოლო დონაუვერტი სამკუთხედის თავში (ზედა წვერზე). მადიარებს იმედი ჰქონდათ, რომ ოტო ულმიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით დონაუვერტისკენ წავიდოდა და შემდეგ უკან სამხრეთით, აუგსბურგისკენ მობრუნდებოდა. თუ გერმანელი მეფე ლაშქრობის ამ მარშრუტს აიღებდა, მადიარები დარწმუნებულები იქნებოდნენ, რომ შეძლებდნენ არმიის ზურგის შემუსვრას ლეხფელდზე, ღია ადგილას.

მაგრამ ოტომ შეიმუშავა გეგმა, რომ მადიარებისთვის გზა-კვალი აერია და შეემცირებინა მათი შანსები გერმანელთა დამარცხებისა. დონაუვერტისკენ წასვლის ნაცვლად, 8 აგვისტოს მან დუნაის სამხრეთი ნაპირი გადალახა და არმიას აღმოსავლეთით ძველი რომაული გზის გასწვრივ მეთაურობდა, რომელიც ულმსა და აუგსბურგს რაისენსბურგის გავლით აკავშირებდა. გერმანელთა გრძელმა რიგმა რაისენსბურგს დღის ბოლოს მიაღწია და ქალაქის უკან დაბანაკდა, მათ დაახლოებით 15 მილი გაიარეს. მეორე დღეს ჯარმა მსვლელობა აღმოსავლეთით ჰორგაუსკენ გააგრძელა, სადაც ღამით დაბანაკდნენ. ჰორგაუ დასავლეთ კიდეზე მდებარეობდა ხშირი ტყისა, რომელსაც რაუჰერფორსტის სახელით იცნობენ. ამ წერტილზე, გერმანელები აუგსბურგიდან ერთი დღის სავალზე იმყოფებოდნენ. ოტომ მსვლელობა ვიწრო რომაულ გზაზე დაგეგმა რაუჰენფორსტის გავლით და განსაზღვრა ტაქტიკური მდგომარეობა იმ დღეს როცა ტყე გამოჩნდა. ოტო იმედოვნებდა, რომ მასიური ტყეები თავის მეომრებს დაიცავდა მადიარების დარტყმა-გაქცევის ტაქტიკისგან, სანამ ის აუგსბურგს მიუახლოვდებოდა იმდენად, რომ იძულებული გაეხადა ისინი ხელჩართულ ბრძოლაში ჩაბმულიყვნენ თავის მძიმე შეიარაღებულ ძალებთან. მიუხედავად რისკების გაუთვალისწინებლობისა, ეს ბევრად უფრო უსაფრთხო გზა იყო, ვიდრე დაუცველი გრძელი მარშრუტი დონაუვერტის სამხრეთით ლეხფელდის გავლით.

rauher-forst.jpg
რაუჰერფორსტი – ბავარიის მიწაზე

პირველი შეტევა აუგსბურგზე

როცა მადიარების მთავარი არმია მსუბუქი კავალერიით, ქვეითებითა და საალყო მანქანებით ივლისის ბოლოს აუგსბურგთან გამოჩნდა, ლეხის აღმოსავლეთ ნაპირზე დაბანაკდა, ეპისკოპოს ულრიხის ქალაქიდან სამი მილით სამხრეთ-აღმოსავლეთით. მადიარმა სარდლებმა ეს ადგილი იმიტომ აარჩიეს, რომ მათ მისი უსაფრთხოების სჯეროდათ მოულოდნელი თავდასხმისგან, რომელიც ულრიხს შეიძლებოდა განეხორციელებინა ქალაქიდან მათი მთავარი ბანაკისკენ განსადევნად. ულრიხს ადგილობრივი პროფესიონალური ძალების მნიშვნელოვანი რიცხვი ჰყავდა ქალაქში და აშკარაა, რომ მათ ამის გაკეთება შეეძლოთ თუ მადიარები ქალაქის კედლებს ქვემოთ დაბანაკდებოდნენ.

ენსიდან წამოსული მადიარების მთავარი არმია მცირე წინააღმდეგობას შეხვდა. ბარბაროსთა შემოჭრაზე ისევ გავრცელდა ხმა, რის შემდეგაც მრავალი სოფლელი და ადგილობრივი ძალები აუგსბურგის აღმოსავლეთით ეძებდნენ უსაფრთხო ადგილს აღმოსავლეთ ბავარიის ციხე-სიმაგრეებსა და ქალაქებში, როგორებიც იყო, ზალცბურგი, პასაუ, ფრაიზინგი და რეგენსბურგი. აუგსბურგის დასაპყრობად მიმავალმა მადიართა ავანგარდმა და მთავარმა ძალებმა გვერდი აუარეს სხვა ქალაქებსა და ციხეებს. ასე მოქცევით, ადგილობრივ ძალებს საშუალება ეძლეოდათ, კონტროლი აღედგინათ ძირითად გზებსა და მდინარის გადასასვლელებზე, რომლებიც მადიარებს უკვე გავლილი ჰქონდათ. იმ შემთხვევაში თუ ისინი მადიარების წინააღმდეგ იბრძოლებდნენ, არსებით წინააღმდეგობას წააწყდებოდნენ და ძალიან მძიმე ფასს გადაიხდიდნენ კარპატების აუზში უკან დახევისას იმავე გზაზე, რომლითაც აუგსბურგისკენ მოგზაურობდნენ. ეს ის რისკი იყო, რომელიც მადიარ სარდლებს გაცნობიერებული ჰქონდათ, მაგრამ ამ ვითარებაში სხვა საშველი არ გააჩნდათ. ამან მადიარების გამარჯვება ოტოს არმიაზე არსობრივი გახადა თუ ბარბაროსებს თავიანთი ნახევრად ნომადური ცხოვრების სტილით უნდოდათ განეგრძოთ ცხოვრება, რომელთა სიმდიდრეც ემყარებოდა შეპყრობილ ტყვეებსა და მოპარულ განძს.

როცა მადიართა მთავარი არმია აუგსბურგთან გამოჩნდა სრულიად მოულოდნელი რამ მოხდა. ბანაკის გაშლის შემდეგ, 8 აგვისტოს მათმა მცირე ძალებმა ქალაქის უმნიშვნელოვანეს კარიბჭეს დაარტყეს. ისინი სწორად მიხვდნენ, რომ ლეხს ზემოთ აღმოსავლეთ კარიბჭის გამაგრება ყველაზე ნაკლებად იყო მოსალოდნელი, ვიდრე ქალაქის სხვა შესასვლელებისა. მადიარები საალყო მანქანებით მივიდნენ კარიბჭესთან იმის ცდით, რომ მალე მიეღწიათ ქალაქის საყრდენამდე. ეპისკოპოსი ულრიხი, დიდებული საბრძოლო ცხენით, კონტრშეტევაზე მეთაურობდა გერმანელებს ქალაქის კედლებს მიღმა. ბრძოლა გახურდა, მაგრამ როცა გერმანელებმა მადიარი პრინცი შეტევისას მოკლეს, მტერი გატყდა და ბანაკში დაბრუნდა.

battle_of_lechfeld_by_ethicallychallenged-d5a5aj7.jpg

ბოჰემიელთა ჩასაფრება

მომდევნო დღეს, მოღალატე ბერტოლდი მადიართა ბანაკში გამოჩნდა სიახლით, რომ ოტო ულმიდან დასავლეთით გადაადგილდებოდა დამხმარე არმიასთან ერთად. საპასუხოდ, მათ ალყიდან ყურადღება ოტოს ამ არმიის განადგურებაზე გადაიტანეს. მადიარებს იმდენად სურდათ მეფის დამარცხება, რომ მათ არ შეეძლოთ დაეტოვებინათ სიმბოლური ძალებიც კი აუგსბურგის გარნიზონად. შედეგად, ულრიხის ძმამ, გრაფმა დიტპალდმა, ქალაქის გარნიზონის დიდი ნაწილი ქალაქიდან გამოიყვანა, რათა ოტოს არმიას შეერთებოდა.

მადიარები კამპანიის ცვალებად მოთხოვნებზე კარგად იყვნენ ადაპტირებულნი და შეძლეს მოეფიქრებინათ ჭკვიანური გეგმა ოტოს დამხმარე არმიისთვის ჩასასაფრებლად. კავალერისტი მშვილდოსნების უსწრაფესად გადაადგილებადი რაზმები რაუჰერფორსტიდან სამხრეთით მოძრაობდნენ და იმალებოდნენ სანამ ოტოს უკანასკნელი ლეგიონი ტყეში შევიდოდა. შესაბამის დროს, დაგეგმილი იყო მათ ზურგში დარტყმა და უკან დახეული გერმანელების შეკავება. ტყის მეორე მხარეს, მადიართა მთავარ ძალებს გერმანელთა ავანგარდისთვის უნდა დაერტყათ, როცა ის დასავლეთის მხრიდან გამოჩნდებოდა. გეგმა ითვალისწინებდა, შეეპყროთ გერმანელები, როცა ისინი შეეცდებოდნენ ამ რიგის საბრძოლო ხაზად გადაწყობას, რისთვისაც მათ ხელი უნდა შეეშალათ. როცა ამოცანა შესრულდებოდა, მადიართა მთავარ არმიას უნდა დაებლოკა რომაული გზა დასავლეთით. ამ დროს, ტყეში დარჩენილი გერმანელები აღმოაჩენდნენ, რომ ალყაში იყვნენ და პანიკაში ჩავარდნილები შეეცდებოდნენ რაუჰერფორსტის აღმოსავლეთიდან გასვლას. აქ კი მადიართა ის ნაწილი გაანადგურებდა მათ, რომელიც უკვე ელოდა აღმოსავლეთის გამოსასვლელთან.

9 აგვისტოს ნაშუადღევს, მადიარებმა შესაბამისი პოზიციების დასაკავებლად ბანაკი აშალეს და ოტოს არმიას რაუჰერფორსტის გავლით ელოდნენ. ჩასაფრების ადგილი გაშილილი იყო მათი მთავარი ბანაკიდან ხუთი მილის მანძილზე ახალი პოზიციისკენ სამხრეთით სადაც გზა ულმიდან აუგსბურგისკენ რაუჰერფორსტში შედიოდა. მსვლელობა მოითხოვდა მნიშვნელოვან დღიურ პორციას რადგან მიმდინარეობდა მდინარეებს ლეხსა და ვერტახს შორის. როცა ისინი დანიშნულების ადგილას მოვიდნენ, ჩასაფრებულები დაიმალნენ და 9 აგვისტოს ღამით ამ მთებს უკან დაიძინეს. მეორე დღის გეგმაში განცალკევებული ლეგიონის ლოდინი შედიოდა, რომელიც გერმანული კოლონის ზურგში მოიწევდა. ამ ადგილას, მხედარი მშვილდოსნები გერმანულ უკანა ხაზს გარს უნდა შემორტყმოდნენ და დაეშინათ ისრები უსაფრთხო მანძილიდან. თუ უკვე ტყეში შესული ლეგიონები თანამებრძოლთა საშველად გამობრუნდებოდნენ, მადიარები მათაც გაანადგურებდნენ.

როცა მზემ თანდათან გაანათა ცა 10 აგვისტოს დილას, მადიარები დაძაბულნი ელოდნენ გერმანელებს, რომელთაც მოგზაურობა უნდა დაეწყოთ რაუჰერფორსტში. ბარბაროსები ტყის დასავლეთით მოუსვენრად გადაადგილდნენ და ელოდნენ ყველაზე ხელსაყრელ მომენტს თავდასასხმელად. გერმანელები ადრიანად ადგნენ და მძიმედ გადაადგილდებოდნენ აღმოსავლეთით მასიური ტყის მიმართულებით მცხუნვარე მზის ქვეშ. შუადღისთვის ავანგარდი და გერმანელთა არმიის მთავარი ნაწილი რაუჰერფორსტში გაუჩინარდა. ამ მომენტში, ჩასაფრებულები პატარა ბანდებად დაიყვნენ და დაიწყეს ბოჰემიელთა გარშემორტყმა და მოკვეთეს ისინი წინ მიმავალ შვაბიელებს. ბოჰემიელები ამ მჭიდრო თავდასხმისა და ისრების წვიმისგან თავის დასაცავად გაიქცნენ. უპირატესობა აშკარად მადიარების მხარეს იყო, ხოლო ბოჰემიელთა არეულობა სწრაფი და ეფექტური. მიუხედავად იმისა, რომ შვაბების ლეგიონის დიდი რიცხვი ემიჯნებოდა ბოჰემიელებს, რომლებიც მათ გაძლიერებას ცდილობდნენ, ისინი იქამდე დამარცხდნენ, სანამ ჩასაფრების შედეგებს შეცვლიდნენ.

ბოჰემიელთა განადგურებას, როგორც ჩანს საათზე ნაკლები დრო დასჭირდა. მათი უდიდესი ნაწილი დაიღუპა, მაგრამ მცირე რაოდენობა ტყვედ აიყვანეს და გამარჯვებულმა მადიარებმა მათი გადარჩევა დაიწყეს იმის მიხედვით თუ ვის შეეძლო ნადავლის ბარგის ზიდვა. დარწმუნებულებმა იმით, რომ შვაბების წარუმატებელი მცდელობა იყო უკანასკნელი რისი ხილვაც გერმანელთაგან ამ დროისთვის შეეძლოთ, მათ ტყის დასავლეთ შესასვლელი დაუცველი დატოვეს და ყურადღება იმ განძზე გადაიტანეს, რომელიც ხელთ ჩაუვარდათ. დისციპლინის ეს ნაკლებობა, რაც შესაძლოა მათ დისციპლინირებულ წინაპრებში არასდროს გამოვლენილა, უხეში და სერიოზული შეცდომა აღმოჩნდა.

frankish.jpg

ფრანკონული შურისძიება

როცა შუადღისას ჩასაფრებულებმა ოტოს მომარაგების კოლონა ჩაიგდეს ხელთ, გერმანული ავანგარდი რაუჰერფორსტის აღმოსავლეთ მხარისკენ მიემართებოდა და სოფელ ოტმარჰაუზენთან ბრძოლისთვის ემზადებოდა, რომელიც აუგსბურგიდან მცირე მანძილზე მდებარეობდა. მალემსრბოლმა მეფეს არიერგარდის განადგურების შესახებ ამბავი აცნობა. ოტო და კონრადი, რომლებიც მხარდამხარ გამოსცემდნენ ბრძანებას მადიართა მთავარ არმიასთან ბრძოლისთვის მოსამზადებლად, საქმის პროცესში გაჩერდნენ და ყურადღებით უსმენდნენ შიკრიკს. მეფემ და თავისმა სიძემ მოკლედ ისაუბრეს. ოტომ უთხრა კონრადს, რომ როცა ავანგარდი და ძირითადი ნაწილი ტყიდან გამოვიდოდა და გზა განთავისუფლდებოდა, კონრადს შეეძლო წაეყვანა ფრანკონელ მხედართა ლეგიონი ისევ ტყის გავლით მის დასავლეთ მხარეს, შეეკრიბა შვაბთა ლეგიონის ნარჩენები და მადიარებზე კონტრშეტევა განეხორციელებინა.

შუა ნაშუადღევს, კონრადი ტყისკენ გაბრუნდა, შეაერთა შვაბები და დაიწყო კონტრშეტევა მადიართა დეზორგანიზებულ ჩასაფრებულთა ნაწილზე. მადიარები კონრადის მძიმე კავალერიის პირველივე დანახვისას გაიქცნენ. მათი დიდი ნაწილი შურისძიების გრძნობით დამშეულმა ფრანკონელებმა გაანადგურეს. გააფთრებულებმა მადიართა ცბიერი ბუნებით, დააქციეს მადიართა პოზიცია, სანამ გაქცევას მოახერხებდნენ კი ბევრი აჩეხეს. მას მერე რაც მადიარები გააძევეს, კონრადმა თავის ხალხს უბრძანა გარს შემოვლებოდნენ ტყვეთა მცირე რიცხვს, დაეცვათ განადგურებული პროვიზიების გადარჩენილი ნაწილი და მომზადებულიყვნენ კონტრმარშისთვის, რათა შეერთებოდნენ ოტოს არმიას.

Seite08Panzerreiter3.jpg
შურისძიებას მოწყურებული ფრანკონელები მადიარებს სასტიკად უსწორდებოდნენ

გერმანელთა თავდასხმის მოლოდინში

როცა ოტოს ნაწილები ტყიდან გამოვიდნენ ისინი შუადღის მწველი მზისგან დაუცველები აღმოჩნდნენ. აქედან ერთ მილზე ნაკლებ მანძილზე, შემაღლებულ მიწაზე, პატარა მდინარის მოპირდაპირე მხარეს, რომელიც შმუტერის სახელითაა ცნობილი, მადიარების მთავარი არმია იყო მოწყობილი თავისი კლასიკური ნახევრმთვარის ფორმაციით. მიწა კარგად ჰქონდათ არჩეული, ხოლო ფორმაცია ისე იყო განსაზღვრული, რომ მათ შეძლებოდათ მაქსიმალურად გამოეყენებინათ საცეცხლე საშუალებები შემტევი მტრის წინააღმდეგ. ცენტრში, მადიარმა სარდლებმა მსუბუქი ქვეითები განალაგეს, როგორც სატყუარა, რომლითაც იმედი ჰქონდათ, რომ აცდუნებდნენ გერმანელთა მძიმე კავალერიას სწორედ აქ დასარტყმელად. თუ გერმანული კავალერია ამის გაკეთებას გაბედავდა, მადიარები გეგმავდნენ მათ სრულ ალყაში მოქცევას ყველა მხრიდან. შემდეგ მხედარ მშვილდოსნებს შეეძლოთ ცაში ცეცხლოვანი ისრების სროლა, რომლებიც შვეულად დაეშვებოდა და ექნებოდა ძალა ნებისმიერი აბჯრის გასახვრეტად.

მადიარმა სარდლებმა ბოლო წუთს გადაწყვიტეს, დალოდებოდნენ გერმანელთა თავდასხმას უფრო მეტად, ვიდრე ეცადათ ოტოს ნაწილების განადგურება სანამ განლაგება შეეძლოთ. ლოდინით, ისინი უფრო ნაკლებს კარგავდნენ, ვიდრე გერმანელთა მეფე. მადიარებს დიდი არმია ჰყავდათ, რომელიც უფრო კარგად მარაგდებოდა ვიდრე გერმანული. მაშასადამე შეტევის პასუხისმგებლობა ოტოს ედო კისერზე, რადგან მას ლოდინის საშუალება არ ჰქონდა. ოტოს საბრძოლველად მოსამზადებლად დრო არ დაუკარგავს. გერმანელმა მეფემ შეკრიბა თავისი ძალები და ამაღელვებელი სიტყვით მიმართა მათ, რომელიც განზრახული იყო სამოტივაციოდ, რათა ჩაედინათ დიდი საგმირო საქმეები მრავალრიცხოვანი ძლიერი მტრის წინააღმდეგ.

ოტომ განათავსა კონრადის კავალერია, რომელიც გამოფიტული იყო მადიარი ჩასაფრებულებისგან მარცხით მარცხენა ფლანგზე, საიდანაც მათ ფრიალო კლდის კედელი იცავდა. ცენტრში, ოტომ ორი შვაბიურის ნარჩენები და სამი ბავარიული ლეგიონი განალაგა, რომელიც საერთო ჯამში 4000 შუბოსანს მოიცავდა. შორეული მარჯვენა ფლანგი კი დაკავებული ჰქონდა ოტოს სახელოვან კავალერიას, რომელიც კომბინირებული იყო საქსონურ-თიურინგიულ ლეგიონად.

გერმანელ ქვეითებს, როგორც ამას მადიარები იმედოვნებდნენ, შეტევა უნდა დაეწყოთ. თუმცა, ოტო ასევე გეგმავდა, რომ თავისი კავალერიით ერთდროულად დაერტყა მადიართა მარცხენა ფლანგისთვის. შეტევის წარმატება მხოლოდ ქვეითებზე არ იყო დამოკიდებული. ოტომ კონრადს მითითება მისცა, რომ მადიართა ისრებისგან უსაფრთხო მანძილზე დარჩენილიყო, რათა საკმარისი დემონსტრაცია მოეხდინა მათი მარჯვენა ფლანგისთვის და დაერწმუნებინა ისინი, რომ ნებისმიერ წუთს შეეძლო შეტევაზე გადასვლა. ეს გაწელავდა მტრის ხაზს და ჩაშლიდა მადიართა მარჯვენა ფლანგს, ამდენად მათ აღარ შეეძლებოდათ, გადაეწიათ ძალები ცენტრის ან მარცხენა ფლანგის დასახმარებლად. გერმანული კავალერიის ორფლანგოვანი შეტევა – ოტოს რეალური და კონრადის ყალბი – გათვლილი იყო ნახევარმთვარის პირდაპირი საბრძოლო ხაზის რქების გასასწორებლად. ოტოს სჯეროდა, რომ ეს დააბნევდა მადიართა საბრძოლო გეგმას და ალყის შემორტყმისა და გერმანელთა ცენტრის განადგურებისგან დაიცავდა.

968306b2cb54cb07c95cc5861ca0f5e9 (1).jpg

ლეხფელდის ბრძოლა

როცა დღის სიცხემ პიკს მიაღწია, მძიმე და მჭიდროდ შეჯგუფებული გერმანელი ქვეითები ნაკლებად გამოცდილი მადიარი ქვეითებისკენ დაიძრნენ. როცა ხელჩართული ბრძოლა დაიწყო, გერმანელებმა რამდენიმე წუთში მოახერხეს მტრის ქვეითთა სიმრავლის განადგურება; გადარჩენილები გაუჩინარდნენ. გერმანული კავალერიის შემაძრწუნებელი პირდაპირი შეტევის შედეგად ორივე ფლანგზე, მხედარი მშვილდოსნები გამოუსადეგარნი აღმოჩნდნენ ქვეითებისთვის დახმარების აღმოსაჩენად.

როგორც კი ქვეითები დაწინაურდნენ, ოტომ ნიშანი მისცა თავის მძიმე კავალერიისგან შემდგარ ლეგიონს. მიწა შეირყა, როცა საქსონელ და თიურინგელ მხედართა ახალი ლეგიონი მადიართა მარცხენა ფლანგში შეიჭრა. მადიარმა ცხენოსნებმა ისრები დაუშინეს მათ, შემობრუნდნენ და აღმოსავლეთით გააჭენეს. კონრადმა, როცა საპირისპირო ფლანგზე დაინახა, რომ მტერი გაიქცა და ცენტრს გზა მიეცა, უბრძანა თავის ფრანკონელთა მძიმე კავალერიას, რომ სრულად გაენადგურებინათ მადიართა არმია. იგივე ძლიერი ენთუზიაზმი გამოავლინეს მათ ახლაც, როგორც ჩასაფრებული მტრის განადგურებისას. ფრანკონიელებმა ახლაც მტრის იმდენად ბევრი მხედარი აჩეხეს და გააქციეს რამდენიც შეეძლოთ. მადიართა მარჯვენა ფლანგზე მხედრებს გასაქცევი ადგილი არ ჰქონდათ. ოტოს კავალერიამ, რომელმაც მტერი მარცხენა ფლანგზე დაფანტა, გარს შემოევლო მათ და მზად იყო გაენადგურებინა, როცა ისინი კონტაქტის გაწყვეტას შეეცდებოდნენ.

საშინელ ხოცვა-ჟლეტას ჰქონდა ადგილი კლდის ქვეშ, საიდანაც თვალყურს ადევნებდნენ მადიართა მარჯვენა ფლანგს, რომელთა ცხენოსნებიც გერმანული კავალერიის ორმა დიდმა ჯგუფმა ხაფანგში მოიმწყვდია. სხვაგან, მადიართა ცენტრისა და მარჯვენა ფლანგის გადარჩენილებმა გერმანელთა კვალდაკვალ გამოასწრეს ცოცხლებმა. უიღბლო მადიარ ქვეითებს, რომლებიც მათი სურვილის საწინააღმდეგოდ იძულებულნი იყვნენ მონაწილეობა მიეღოთ კამპანიაში, შანსი არ ჰქონდათ გერმანელთაგან თავის დასაღწევად. ისინი თავშესაფარს უახლოეს თავლებსა და ფერმებში ეძებდნენ, მხოლოდ ცოცხლად იწვოდნენ, როცა გერმანელები მათ მიაგნებდნენ და შენობებს ცეცხლს უკიდებდნენ.

spielszene-ein-heer-von-soldaten-mit-zwei-reitern-in-der-100-768x432.jpg
ოტომ მეომრებს მგზნებარედ მიმართა და გმირობისკენ მოუწოდა… ეს გადამწყვეტი ბრძოლა იყო!

გერმანელმა მხედრებმა ორ საათზე ნაკლებ დროში მოახერხეს მადიართა მარჯვენა ფლანგის განადგურება და ფლოდნენ ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილს, რომელიც დაფარული იყო მკვდრების დიდი რიცხვით ორივე მხრიდან, რაც ბრძოლის სისასტიკის მაჩვენებელი იყო და ტყვეთა აყვანის სურვილის არქონის. გერმანელთა სამწუხაროდ, როცა ველზე ბრძოლა მინელდა, ორივე მხრიდან დაღვრილი სისხლი შმუტერის წყალს შეერია და საზარლად წითელი ფერი მიიღო, ერთადერთმა გადარჩენილმა მადიარმა მშვილდოსანმა მძიმედ დააზიანა გერმანელთა ფსიქიკა. გამარჯვების შეტევის მეთაურობის შემდეგ, კონრადმა აბჯრის ბალთები შეიხსნა, რომ სიცხისგან ცოტა შვება ეგრძნო. მცირე ხნის შემდეგ, უკანდახეულმა მადიარმა მშვილდოსანმა გამარჯვებულებს ერთი ისარი კიდევ ესროლა. გასროლილმა ისარმა ჰაერი გაჭრა და კონრადს პირდაპირ ყელში მოხვდა. ის ადგილზევე გარდაიცვალა. ეს თანამებრძოლებისთვის გამანადგურებელი დარტყმა იყო, რომელთა უმრავლესობაც მის გვერდით იბრძოდა წლების მანძილზე.

მადიართა კავალერია, რომელსაც იღბალი საკმარისად აღმოაჩნდა, რათა მარცხენა ფლანგი დაეკავებინა, გაიქცა, როცა ოტო ჩრდილოეთისკენ მიბრუნდა მტრის არმიის ზურგისკენ და განდევნა ისინი აღმოსავლეთით. ეს მხედრები მკაცრი წესრიგით მიიწევდნენ, მცირე მანძილის დაშორებით დაჯგუფებულნი და რამდენიმე მილი აღმოსავლეთით იარეს, იცავდნენ წყობას იმის იმედით, რომ გერმანელთა კავალერია გამოედევნებოდა მათ. მაგრამ ოტო იმდენად ბრძენი იყო, რომ ნაცნობი ტაქტიკა თვალთმაქცური უკანდახევისა მიეტოვებინა. ის საბოლოოდ აღმოსავლეთისკენ წავიდა ლეხისკენ და ამ ეტაპზე მათი დევნა შეწყვიტა.

This German manuscript illustration from 1457 shows the weltering melee at the Battle of Lechfeld.jpg
ლეხფელდის ბრძოლის ამსახველი 1457 წლის მანუსკრიპტი

მადიართა კვალდაკვალ

იმ საღამოს რეგიონს საშინელმა ავდარმა გადაუარა. მომდევნო დღეს ალპების მდინარეებმა სიმაღლეში მკვეთრად მოიმატა. შედეგად, დუნაის მარჯვენა ნაპირის მთავარი შენაკადები – ლეხი, ისარი, ინი და ენსი – და მათი შესაბამისი შენაკადები გადასალახად რთული შეიქნა.

11 აგვისტოს დილას, მძიმე ბრძოლიდან მეორე დღეს, ოტომ მხედარი მალემსრბოლები გაგზავნა ლეხის აღმოსავლეთით ადგილობრივ ძალებთან, იმის შესატყობად, რომ მადიარებმა სრულად დაიხიეს უკან. მან უბრძანა მათ, რომ ყველაფერი გაეკეთებინათ თავიანთი ძალებით მოროდიორების დასახოცად, რადგან იმ წელს ისინი არ დაბრუნდებოდნენ. ოტომ შიკრიკები გააგზავნა ჰერცოგ ბოლესლავთან, რომელიც მეორე ბოჰემიულ ლეგიონს მეთაურობდა და რეგენსბურგში იყო დაბანაკებული. ასევე კარინტიის დიდებულებთან, რომლებიც ოტოს კონტროლის ქვეშ იყვნენ 952 წლიდან მოყოლებული და მათაც მოეთხოვათ ხელში ჩაეგდოთ და გაენადგურებინათ გაქცეული მადიარები. ბოლესლავმა დაუყოვნებლად გადაიყვანა თავისი ძალები დუნაიზე და ისარის დაბლობზე ქალაქ ფრაიზინგისკენ დაიძრა, სანამ კარინტიელთა ძალები ფრაიზინგის აღმოსავლეთით, ზალცბურგთან, ემზადებოდნენ მადიართა ძალების შესაჩერებლად, რომლებიც ინის გადალახვას ცდილობდნენ.

დუნაის მარჯვენა შენაკადებსა და მის მკვებავ პატარა მდინარეებს შორის, მადიართა ბანდები უკან იხევდნენ თავიანთი ბაზისკენ კარპატების აუზში და ათობით მდინარეს ებრძოდნენ გადალახვისას. მათ იპოვეს გადასასვლელები, რომლებიც დაცული იყო არა მხოლოდ ბოჰემიელთა და კარინტიელების ძალებით, არამედ შერეული ბავარიული და სამილიციო ნაწილებით. ისინი განლაგებულნი იყვნენ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ბავარიის ცხრა მთავარ სიმაგრეზე.

markImage.jpg
ლეხის ბრძოლას ხშირად უწოდებენ ,,გერმანელი ერის დაბადებას” – ,,Geburt der deutschen Nation”

10 აგვისტოს ღამეს ძლიერმა ნიაღვარმა უკან მიმავალი მადიარების მნიშვნელოვანი ნაწილი დაღუპა. მომდევნო ნაშუადღევს მკვდარ მადიართა სხეულები მდინარე ამპერმა გამორიყა ბავარიულ სიმაგრე ზუნდერბურგთან და ისარის ფონი დაავიწროვა, ფრაიზინგიდან სამხრეთით მილის მოშორებით. დაბინდებამდე მადიარები ფონს გავიდნენ და ცდილობდნენ მდინარეზე გზის პოვნას. სადაც ისარი ფრაიზინგს უახლოვდება, ნაპირები იმდენად მკვეთრად ვიწროვდება, რომ წყალი არხად იქცევა და დინების სიჩქარე მატულობს. მხედარ მოისართა გრძელ კოლონაზე, რომელიც ისარის ფონს ელოდებოდა ზუნდერბურგიდან და ფრაიზინგიდან იერიში მიიტანეს, რომლებიც შევსებული იყო სწრაფად მოძრავი ბოჰემიელებით.

51241482.jpg
ბავარიელებმა და მათმა მოკავშირეებმა მადიართა მეთაურებთან, ლელთან და ბულკსუსთან ერთად მრავალი უნგრელი ჩამოახრჩვეს

ბარბაროსთა ნაწილები დაქანცულნი იყვნენ გრძელი, რთული მგზავრობის შემდეგ და არ შეეძლოთ უსაფრთხო მანძილზე ყოფილიყვნენ გერმანული მძიმე კავალერიისგან. კოლონის მოწინავე ნაწილებმა წარუმატებლად სცადეს მდინარის ფონს გასვლა; ბევრმა მათგანმა გადაწყვიტა მკვდრების დინებას ჩაყოლოდა. ბევრი, რომლებიც ცდილობდნენ შორეულ ნაპირებამდე მიეღწიათ წყალში ჩაცვივდნენ და დაიხრჩვნენ. სხვა მადიარები, რომლებიც ცდილობდნენ ბორნებით გადაელახათ ფართო და სახიფათო მდინარეები, პოულობდნენ ოტოს ერთგულ მენავეებს, ხოლო ისინი ქრთამზე არ თანხმდებოდნენ. მრავალი სასოწარკვეთილი მადიარი მხედარი ბორნიდან წყალში ვარდებოდა და იხრჩობოდა.

ბავარიელები და მათი მოკავშირეები ტყვეებს არ იყვანდნენ, გარდა ყველაზე დაწინაურებული მადიარი მთავრებისა და სარდლებისა, რომლებიც რეგენსგურგში მიჰყავდათ. რამდენიმე დღეში ტყვე დიდებულები, მათ შორის ლელი და ბულკსუ, ჩამოახრჩვეს მათ მრავალ ნაკლებად დიდებულ თანამემამულესთან ერთად. მადიართა არმიის საბრალო ნარჩენები კარპატების აუზში მივიდნენ, მაგრამ უმრავლესობა დახოცილი იყო. ოტოს სამხედრო დანაკარგი 3000-ს შეადგენდა. ევროპის მასშტაბით, ოტოს ტრიუმფი შარლ მარტელის გამარჯვებას შეგვიძლია შევადაროთ, რომელმაც ესპანელ მუსლიმებზე გაიმარჯვა ტურის ბრძოლაში 732 წელს.

ოტო როგორც საღვთო რომის იმპერატორი

უკუქცეული ბარბაროსთა ჯარის განადგურების შემდეგ, ერთ-ერთი პირველი ღონისძიება რაც ოტომ განახორციელა მაგდებურგში დაბრუნებისას გახლდათ მიწებისა და ტიტულების გადანაწილება ბავარიელი და კარინტიელი დიდებულებისთვის, რომლებიც საჭირო დროს დახმარებას უწევდნენ მას. ამის შემდეგ, მან განაახლა მიმდინარე ომი ტრანსელბელ სლავებთან. იმავე წლის ოქტომბერში ოტომ გადამწყვეტი გამარჯვება მოიპოვა სლავებზე რეკნიცთან. წარმართ აღმოსავლელ ხალხებზე გამარჯვებების ამ დიდებულმა წყვილმა შესაძლებელი გახადა ქრისტიანობის უფრო ფართოდ გავრცელება რეგიონებში, რომლებიც აქამდე მისი ძალაუფლების გარეთ რჩებოდნენ. 962 წელს მადლიერმა პაპმა იოანე XII-მ ოტო ცერემონიის თანხლებით საღვთო რომის იმპერატორად აკურთხა რომში, წმ. პეტრეს ბაზილიკაში. ამ აქტმა გააერთიანა გერმანიისა და იტალიის სამეფოები ახლად შექმნილ საღვთო რომის იმპერიაში.

Otto-DW-Kultur-Magdeburg-jpg.jpg
ოტოს ცხენოსანი ქანდაკება მაგდებურგში

მადიართა დამარცხებამ 955 წელს გამოიწვია კარპატების აუზის ხალხთა ძირითადი პოლიტიკური და რელიგიური მდგომარეობის ძირეული ცვლილებები. მადიარებს, რომლებიც ნახევრად ნომადური ცხოვრებით ცხოვრობდნენ სტეპებში, მას მერე რეგიონს ვეღარ ფლობდნენ. გერმანელთა გამარჯვება ლეხფელდთან სიგნალი აღმოჩნდა მადიართა საფრთხის სამხედრო და პოლიტიკური დასასრულისა. მადიარებმა მრავალი ვეტერანი დაკარგეს 955 წლის კამპანიაში და იმდენად ცოტა გადარჩა, რომ შემდგომი თაობის ნომადურ სამხედრო საქმის ვეღარ უძღვებოდნენ, რამაც მადიართა რიგები მეორეხარისხოვან მეომრებამდე შეამცირა. ათასწლეულის მიწურულს, მეფე იშტვან I-ის მმართველობის ქვეშ, უნგრეთის სამთავრო უნგრეთის სამეფო გახდა და მისი ხალხის უმრავლესობამ ქრისტიანობა მიიღო, რაც ნიშანი აღმოჩნდა მადიართა და მათი ბარბაროსული გზების საბოლოოდ დასრულებისა.

istvani budapesti.jpg
იშტვან I (969-1038) – უნგრეთის პირველი და გამაქრისტიანებელი მეფე

დავით მაზმიშვილი

წყარო: warfarehistorynetwork.com

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s